"ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსში ჯერჯერობით ვრჩები, იქ კიდევ არის საქმეები, რომელიც მისახედია"
„იცით, რომ ამ თანამდებობისგან დამოუკიდებლად ვარ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის და ჯერჯერობით იქ კიდევ არის საქმეები, რომელიც მისახედია. ამიტომ მომიწევს ამ ვალდებულებების შესრულება, მერე ვნახოთ"-განაცხადა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თემურ მურღულიამ. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, პროექტირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მზადდება გეგმაც.
"ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროექტირება მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, მზადდება აკადემიური გეგმა, გერმანელ პარტნიორებთან ერთად. ამ პარტნიორობამ გამოავლინა რამდენად დიდი მომზადება სჭირდება ისეთი დიდი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც რამდენიმე ათეული წლის ოპერირებაზეა გათვლილი. ამიტომ ბუნებრივია, ამან გარკვეული შეფერხებები განაპირობა. ყველა ფაკულტეტის აკადემიური გეგმა არის დასრულების ფაზაზე, ასევე შემოდგომაზე უნივერსიტეტი დაიწყებს ფართო აქტივობებს სკოლებში, რომ დააინტერესოს მომავალი სტუდენტები სწორედ ამ უნივერსიტეტში ჩაბარებით“, - განაცხადა მურღულიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ ერთი კორპუსის ქვაბული მოეწყო. სამუშაოები არაერთხელ გაჩერდა. ბოლოს მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია ივლისში გავრცელდა. პარალელურად ტერიტორია უცხო პირთათვის დაიკეტა, თუმცა ადგილზე მნიშვნელოვანი სამუშაოები არ განხორციელებულა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გუშინ თემურ მურღულია მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზებზე მურღულია არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ მინისტრის და მისი ხედვები რიგ საკითხებში განსხვავდებოდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















