"ქუთაისს ჭკვიანი მერიც ყოლია, სულელიც, მაგრამ ასეთი არავინ"
ქუთაისის მერია ავტოპარკის გამო კვლავ კრიტიკის ობიექტი გახდა. თვითმმართველობას ოპოზიციამ მხოლოდ დაზიანებული ავტომობილების გაყიდვის გამო უსაყვედურა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მერიის რამდენიმე ავტომობილის გაყიდვის თემა საკრებულოს დღის წესრიგში მოხვდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მერიას სრული ავტოპარკის გაყიდვასა და ეკონომიურ ავტომობილებზე გადასვლისკენ მოუწოდებენ.
"თქვენ, როგორც იქნა გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და გადაწყვიტეთ ავტოპარკის შემცირება, მაგრამ პროვატიზებას ახდენთ მხოლოდ დაზიანებული ავტომობილების და უარს არ ამბობთ ჯიპებზე. ჩვენი მოთხოვნაა, გაყიდეთ მთლიანი ავტოპარკი და გადადით ეკონომიურ ავტომობილებზე. იმ პირობებში, რა პირობებშიც ქალაქი არის, სირცხვილია, ასეთი ავტომობილებით, რომ დადიხართ. გადათხრილია ყველა ქუჩა. მარტო ასათიანის ქუჩაზე რომ ვთქვათ, მეხუთე წელია ეს ქუჩა ვერ დაასრულეთ, ამ დროს მერი "პრადოს" ჯიპით დადის. თქვენი მერი არის ყველაზე არაადეკვატური. რანაირი მერი არ ყოლია ქუთაისს, ჭკვიანი მერიც ყოლია, სულელიც, მაგრამ ასეთი არავინ. მან ყველა პროექტი გააფუჭა "-განაცხადა გია უკლებამ.
მის შენიშვნას საკრებულოს უმრავლესობის უკმაყოფილება მოყვა. დეპუტატებმა მას წინა ხელისუფება შეახსენეს და დაინტერესდნენ, იმ დროს როგორ გადაადგილდებოდნენ მერიის წარმომადგენლები. ამასთან, განაცხადეს, რომ ასათიანის ქუჩაზე ოპოზიცია ყოველ საკრებულოზე საუბრობს და ყოველთვის კეთდება კომენტარი მერიის მხრიდან, რაზედაც გია უკლება განაცხადა:
"კომენტარი კი არა, გზა გააკეთეთ, ვის რად უნდა თქვენი კომენტარი. კომენტარი აჭამეთ თქვენს ამომრჩევლებს"-განაცხადა გია უკლებამ.
დღესვე საკრებულომ მხარი დაუჭირა საპრივატიზაციო ნუსხის გაზრდას, გასაყიდ ობიექტებს ორი ობიექტი დაემატა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















