ქუთაისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა იმართება
ქუთაისში სასტუმრო "ბაგრატში" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის ყრილობა იმართება, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს აირჩევენ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელად ბესიკ ბრეგაძის ხოლო მოადგილედ გიგა შუშანიას კანდიდატურა სახელდება. აირჩევენ ასევე პოლიტიკური საბჭოს წევრებს. პარტიის წევრები ხმას ელექტრონული წესით მისცემენ.
შეხვედრას პარტიის ლიდერები გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, ასევე "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი ესწრებიან.
"მოვიდა დრო რომ ჩავატაროთ კონფერენცია, ავირჩიოთ ის პირები, რომლებიც გაუძღვებიან ამ ორგანიზაციას. ასევე გავაკეთებთ შეჯამებას, რა გავაკეთეთ და რა ვერ გავაკეთეთ სწორად. ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინო ქუთაისის ორგანიზაციის აზრი, სექტემბრიდან რა სიახლე უნდა შევიტანოთ ორგანიზაციის საქმიანობაში. ძველებურად გაგრძელება არ შეიძლება, ყველა არჩევნების წინ ხელისუფლება იწყებს ადამიანების მასობრივად მოსყიდვას, ჩვენ თუ ამას არ დავუპირისპირეთ სერიოზული მუშაობა და არ ავუხსენით ჩვენს მოქალაქეებს, რომ არ შეიძლება 50 და 100 ლარად თავისი შვილების მომავლის გაყიდვა და შემდეგ ჩვენთან მოსვლა, როდის მოხვალთ და როდის დაიცავთ ხმებს, ასე არ გამოვა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
დავით ბერძენიშვილის თქმით, შეხვედრას სტუმრის სტატუსით ესწრება. "შეხვედრას ვესწრები გრიგოლ ვაშაძის მოწვევით. "რესპუბლიკელები" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიდან მოყოლებული ვთანამშრომლოთ მათთან, მხარს ვუჭერდით მათ კანდიდატებს, ეს პროცესი გრძელდება", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციას გაერთიანების შემთხვევაში 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შანსი ექნება.
შეხვედრას "სკაიპით" ერთვება მიხეილ სააკაშვილი, მან პარტიის წევრებს აქტიურობისაკენ მოუწოდა.

ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















