საბერძნეთში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს. მასშტაბური ოპერაცია ატიკას რეგიონში დილიდან მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად საცხოვრებელი ბინების ძარცვა ედებათ.
ბერძნული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები 4 კაციან ჯგუფებად მოქმედებდნენ. მათ 100-ზე მეტი სახლი აქვთ გაძარცვული.
ეჭვმიტანილები მოპარულ ნივთებს დაუყოვნებლივ ყიდდნენ, ან თანხას საქართველოში აგზავნიდნენ.
გამოძიების ვერსიით, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ვერ აღმოაჩინეს.
დაჯგუფების სხვა წევრების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები ატიკაში ამ დრომდე გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს აქტიური კავშირი ჰქონდათ მიმდინარე წლის აპრილში საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდთან - ნოდარ შუკაკიძესთან (მეტსახელად „ნოდარ გლდანსკისთან“).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერაცია ქართველი და ბერძენი სამართალდამვცველების თანამშრომლობით დაიგეგმა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 100-მდე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. მათ ბრალად ედებათ ძარცვა, ყაჩაღობა, ბინების მრავალგზის ქურდობა, ასევე, დიდი ოდენობით ნაქურდალი ნივთების შენახვა-რეალიზაცია და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
17-ვე დაკავებულს ბრალი ედება საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 374-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















