|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 

საქართველოს ნაკრები დამოუკიდებლობის შემდეგ მეორედ თამაშობს ევროპირველობაზე, თურქეთთან დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება კი პირველი და შესაბამისად ისტორიულია.

ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი 8:4 მოიგო და თითქოს თამაში გამარჯვებამდე მშვიდად უნდა მიეყვანა, მაგრამ თურქებმა ნელ-ნელა უპირატესობა გააბათილეს. გადამწყვეტი მარკო ელაჩას გოლი იყო, რომელიც ხორვატმა ლეგიონერმა მატჩის დასრულებამდე 42 წამით ადრე გაიტანა და ანგარიში 12:10 გახადა.

თურქებმა დარჩენილ დროში ერთი გოლის გაქვითვაც მოასწრეს, გამარჯვება კი საქართველოს ნაკრებს დარჩა, რომელიც 22 იანვარს მე-13 ადგილისთვის მატჩში სლოვაკეთს დაუპირისპირდება. თურქთის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი მიხეილ ბაღათურია იყო 3 გოლით, 2-2-ჯერ აიღეს მეტოქის კარი დამირ ცრეპულიამ, მარკო ელეზმა და ზურაბ რურუამ. თითო გოლი კი ბექა ქავთარაძემ, მარკო ელაჩამ და კონსტანტინე გეგელაშვილმა გაიტანეს. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი