|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

8 წელი სასმელი წყლის გარეშე

ქუთაისში, ყოფილი ტურბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რიონჰესის დასახლებაში  მცხოვრებლებს უკვე რვა წელია სასმელად უვარგისი და დაბინძურებული წყალი მიეწოდება. სასმელი წყლის უვარგისობას ლატორატორიული სინჯიც ადასტურებს.

რიონჰესის დასახლებაში სულ 350 ოჯახი ცხოვრობს და ყველას იდენტური – სასმელი წყლის პრობლემა აქვს. ,,მართალია რიონჰესიდან წყალს გვაწოდებენ, თუმცა მისი დალევა არ შეიძლება. ეს ტექნიკური წყალია, რომელსაც სასმელად ვერ გამოიყენებ. ასე რომ, წყალი გვაქვს, მაგრამ ვერ ვსვამთ, იმიტომ, რომ  ის უვარგისია“ – ამბობს რიონჰესის დასახლებაში მცხოვრები იაშა ვაშაკიძე.

რიონჰესის დასახლებაში მცხოვრებლები სუფთა წყალს ზოგჯერ წყაროდან, ზოგჯერ  ჭებიდან ეზიდებიან. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის კი ისინი  სასმელ წყალს მაღაზიაში ყიდულობენ. ეს უკანასკნელი ეკონომიურად გაჭირვებული მოსახლეობისათვის, ,,ზედმეტი ხარჯი და თავის ტკივილია“.

როგორც ირკვევა, სასმელ წყალს მოსახლეობა წლების მანძილზე ,,რიონჰესიდან“ უპრობლემოდ იღებდა. რადგან მაშინ, წყალი სუფთა და უსაფრთხო იყო. წყლის ხარისხის  პრობლემამ კი თავი მას შემდეგ იჩინა, რაც  2004 წელს, აღნიშნული ჰესი ჩეხების მფლობელობაში გადავიდა. რიონჰესის მკვიდრთა განმარტებით, ახალმა მფლობელებმა მოსახლეობის ხარისხიანი წყლით მომარაგების პასუხისმგებლობა პირველივე დღეებიდან თავიდან აიცილეს. გასულ თვეში კი წყლით უზრყნველყოფა საერთოდ შეუწყვიტეს. ,,ქალაქის თვითმმართველობის ჩარევით, რიონჰესის ახალმა მფლობელებმა მართალია წყლით მომარაგება ისევ აღგვიდგინეს. თუმცა ყველამ იცოდა, რომ წყლის ხარისხის პრობლემა მხოლოდ მომარაგებით არ მოგვარდებოდა,“ –  ამბობს რიონჰესის დასახლებაში მცხოვრები მურად ქერდეყაშვილი.

რიონჰესიდან დასახლებაში მიწოდებული წყლის უხარისხობის მიზეზი, წყალმომარაგების დაძველებული ქსელია. რადგან წყალგამტარი მილები 1925 წლის შემდეგ არავის გამოუცვლია. მოსახლეობის განმარტებით, დაძველებულ და შესაბამისად დაზიანებულ მილებში წყლის შედინება გარე მასივებიდან ხდება, რაც მას სასმელად უვარგისს ხდის. „წყალს გარკვეული პერიოდის შემდეგ საშინელი სუნიც ასდის“, – აღნიშნავს მურად ქერდეყაშვილი. მისივე თქმით, იმის გამო, რომ რიონჰესიდან მოწოდებულ წყალში კირის შემცველობაც აღინიშნება, მოსახლეობის უმრავლესობას ჯანმრთელობის, კერძოდ კი თირკმელების პრობლემები აწუხებთ.

მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი, რომ სასმელად უვარგისია, ამას ლაბორატორიული სინჯიც ამტკიცებს, რომელიც გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ჩაატარა.  ,,ტურბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის სერვის ცენტრის ლაბორატორიის მიერ სხვადასხვა დორს, სამჯერ განხორციელდა  წყლის სინჯის აღება და ანალიზმა აჩვენა, რომ სასმელი წყალი არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ნორმებს და ის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს,“ – ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ქუთაისის  სერვის ცენტრის დირექტორი ლაშა გურგენიძე.

მიუხედავად იმისა, რომ რიონჰესში მცხოვრები მოსახლეობის წყალთან დაკაშირებული პრობლემები სახელისუფლებო წრეებისთვის კარგად ნაცნობი თემაა, როგორც   ახალგაზრდობის გამზირის #14 – ში  მცხოვრებლები განმარტავენ, ისინი დღემდე ყურადღების მიღმა რჩებიან.

წყლის პრობლემის მოგვარება მოსახლეობის აზრით, უბანში წყლის მოწოდების ახალი მაგისტრალის მოწყობაა. აღნიშნული ინიციტივით, რიონჰესში მცხოვრებლებმა 2012 წლის 11 ივნისს,  განცხადებით ქუთაისის მერიას მიმართეს. როგორც მოსახლეობის მიერ გაგზავნილი განცხადების საპასუხო წერილში ჩანს, ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურმა, რიონჰესის მკვიდრთა თხოვნა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრთან გადაამისამართა. თუმცა, როგორც წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რიონჰესის დასახლებაში არსებული წყალმომარაგების სისტემა არაა გაერთიანებული კომპანიის ბალანსზე. ,,იქედან გამომდინარე, რომ ეს დასახლება ჩვენს ბალანსზე არ აღირიცხება, კომპანიას არა აქვს უფლება, აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო და შეკეთებითი სამუშაოები აწარმოოს“, – განმარტავს ლაშა გურგენიძე.

სამაგიეროდ, უბნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჯანაშია ირწმუნება, რომ რიონჰესის მოსახლეობის პრობლემა მისთვის ცნობილია და მის მოსაგვარებლად უკვე მუშაობენ.

„ზუსტად ვადებს ვერ დაგისახელებთ, თუმცა უახლოეს მომავალში მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება, ამ კუთხით უკვე მუშაობა დაწყებულია“, – ამბობს კახიანოურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი დათო ჯანაშია.

მანამდე კი რიონჰესის დასახლებაში მცხოვრებლები მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგნელების მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობა პირპადირპროპორციულად იმოქმედებს არჩევნებში მათი მონაწილეობის ხარისხზე. 

ავტორი: ანა ჯანაშია