|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი რეალურად გაქრა აქტიური ეკონომიკური საქმიანობის რუქიდან

"Newpress.ge"აგრძელებს დისკუსიას ქუთაისის განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით. რას მოუტანს ქუთაისს ახალი რეალობა, რომელიც  შემოვლითი გზის ამოქმედებასთანაა დაკავშირებული, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქის ეკონომიკა, რომ შიდა მიგრაცია შეჩერდეს, ამ და სხვა საკითხებზე"Newpress.ge"-ს ეკონომისტი გია ცაცაშვილი ესაუბრება,  რომელსაც როგორც სახელისუფლებო, ისე არასამთავრობო სექტორში საქმიანობის საკმაო გამოცდილება აქვს.


-თქვენი აზრით, რას შეცვლის ქუთაისისათვის  ქალაქის შემოვლითი გზის ამოქმედება?

-ცხადია, რომ აღნიშნული ფაქტორი, თუკი მას მხოლოდ პასიურად დავაკვირდებით, ქალაქში ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, შემოსავლების თანმდევი, ლოგიკური შემცირებით. იდეა, რომ ავტობანის შესაბამისი მონაკვეთის ტერიტორიები ქუთაისს შემოუერთდეს, საყურადღებოა და იძლევა მოცემულ ტერიტორიებზე ახალი ეკონომიკური აქტივობების გაშლის შანსს. ახლა ჯერი სახელმწიფოზეა - მან მხარი უნდა დაუჭიროს ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით, მათ შორის, წაახალისოს სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნის უზრუნველმყოფი ეკონომიკური აქტივობები შესაბამის ზონებში. მოსაფიქრებელია განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის რეალისტური მექანიზმები; ე.წ. თიზ-ების, თეზ-ების, ტექნოპარკების შექმნის საკითხები საერთაშორისო ეკონომიკური პარტნიორების ინტერესებთან ბმაში მაგალითად საიმისოდ, რომ დაიწყოს სადისტრიბუციო ქსელების ფორმირება, რომლებიც პროდუქციასა და მომსახურებას მიაწვდიან რეგიონის ქვეყნებს.


-როგორ შეაფასებთ  ქუთაისის არსებულ  რეალობას?

 -გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ქუთაისი მის წინაშე მდგომი სხვადასხვა გამოწვევების, პირველ რიგში - ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზების ძიებაშია. სამწუხაროა, მაგრამ არამარტო ობივატელის, არამედ იმ ადამიანების ცნობიერებაშიც, რომლებსაც წესით, მეტი კომპეტენტურობა მოეთხოვებოდათ ქუთაისის ფუნქციისა და განვითარების საკითხებში,  ხანგრძლივი დრო დასჭირდა ინდუსტრიული ქალაქის სტერეოტიპის მსხვრევას, იმის გაგებას, რომ ერთიან საბჭოთა ეკონომიკურ სივრცეზე ორიენტირებული მრეწველობის ანალოგიური სახითა და მასშტაბით აღდგენა ძველი ეკონომიკური კავშირების, სანედლეულო ბაზისა და გასაღების ბაზრების დეფორმაციის პირობებში, უტოპიაა. ამასობაში პრობლემები ღრმავდებოდა, ქუთაისი რეალურად გაქრა აქტიური ეკონომიკური საქმიანობის რუქიდან, მოხდა კვალიფიციური შრომითი რესურსების მიგრაცია, მოსახლეობის შემოსავლების დონის დაცემა, მიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხები ლამის ამ შემოსავლების ერთადერთ სერიოზულ წყაროდ გადაიქცა.

ამავე დროს, ქალაქის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, სატრანსპორტო არტერიების სიახლოვით (სარკინიგზო, ავტომაგისტრალი, აეროპორტი) განპირობებული ინფრასტრუქტურული ფუნქცია, ჯერ კიდევ შემორჩენილი სამეცნიერო-ტექნიკური და პროფესიული პოტენციალი, არის ის ბაზისი, რომლის სკრუპულოზური ინვენტარიზაციისა და სწორი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია განვითარების სწორი ორიენტირების მოძებნა და რეალიზაცია.


-რაში ხედავთ გამოსავალს?

-ქალაქის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა 2003 წელს  დაწყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტების ასოციაციის ინიციატივითა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო სტრუქტურების წარმომადგენელთა, ექსპერტების მონაწილეობით. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს გახლდათ ფაქტიურად პირველი პრეცედენტი პრობლემების იდენტიფიკაციისა და გადაწყვეტის გზების დასახვისადმი სწორი, სისტემური მიდგომისა. ცალკე საკითხია ხსენებული გეგმის სრულყოფილება ან ქალაქის თვითმმართველობის ორგანოების მიერ მისი ოპტიმიზაცია-იმპლემენტაციისათვის სხვადასხვა დროს გაწეული ძალისხმევა (რასაც ადგილი ფაქტიურად არც ჰქონია), მაგრამ, როგორც იტყვიან, საკითხი დაიძრა და ეს იყო იმ ეტაპზე მნიშვნელოვანი.

ქალაქის განვითარება კომპლექსური და მიზანმიმართული საკითხია და აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს გააზრებული, ადაპტირებადი და სავალდებულო სტრატეგიის ფარგლებში. შეუძლებელია უსისტემოდ, კოორდინაციის გარეშე დაგეგმილმა და განხორციელებულმა პერიოდულმა აქტივობებმა ხელშესახები,    მდგრადი წარმატება მოგვიტანოს, ცალკეული, თუნდაც კარგი პროექტების ეფექტების სინერგიის გარეშე. გვესაჭიროება განვითარების ფართო ხედვა აშკარა პრიორიტეტებზე აქცენტით, მაგალითად, როგორიცაა ტურიზმის (კულტურული, ტრანზიტული, გამაჯანსარებელი, რელიგიური) განვითარება. იმ პირობებში, როდესაც გვაქვს საერთაშორისო ბრენდად ქცევის შანსი, დანაშაული იქნებოდა ამის არ გამოყენება - მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს სმენია არგონავტების, ოქროს საწმისის შესახებ, ჩვენ არ გვჭირდება ლოჰ-ნესის მაგვარი ისტორიის გამოგონება, გვაქვს მზა ბრენდი და თუკი მიზანმიმართულ, თანმიმდევრულ აქტივობებს განვახორციელებთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა და საერთაშორისო სივრცეში რეკლამირების თვალსაზრისით, საკმაოდ ახლო პერსპექტივაში დადგება დრო, როდესაც ეს ჩვენს ქალაქს მილიონობით ლარის რეგულარულ შემოსავალს მოუტანს. ამის რეალიზაციას ესაჭიროება გონივრული ანალიზი, კარგად გათვლილი ნაბიჯების გადადგმა, გააზრება იმისა, რა კატეგორიის ტურისტებზე შეიძლება გათვლის გაკეთება. ჩვენ აქცენტი მასობრივ ტურიზმზე უნდა გავაკეთოთ და ეს ანალოგიურადაა ტურიზმის მხრივ წარმატებულ ყველა ქვეყანაში. საშუალო კლასის სასტუმროების ქსელია აუცილებელი, მომსახურების მისაღები ფასებით და ასეთი ფასების დაწესება მეწარმისთვის სულ უფრო იოლი გახდება ტურისტთა ნაკადის სტაბილურობის პირობებში მთელი წლის განმავლობაში, რასაც თავის მხრივ სჭირდება პრობლემების მოგვარება სურსათის უსაფრთხოების, ჯანდაცვის და ა.შ. სფეროებში. ტურიზმი ვერ განვითარდება სხვა დარგებისგან განყენებულად, ამიტომაა განვითარების ყველა პროგრამაში მნიშვნელოვანი კომპლექსური ხედვა. უმნიშვნელოვანესია ეკოლოგიური ასპექტის მოწესრიგება. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე