|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღვარსადენების პრობლემა გადავადებით

ქუთაისის მერია მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქის ნაწილში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების პირობას იძლევა. როგორც მერიაში განმარტავენ, ქალაქის ქუჩების ნაწილზე დაწყებული სამუშაოები 2012  წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობა 2 მილიონ ნახევრამდე ლარის დახარჯვას გეგმავს.

ქუთაისში სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას აუცილებლად თვლიან ქუთაისში მაცხოვრებლები. რადგან ქალაქში მოსული ყოველი კოკისპირული წვიმის დროს  დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელ სახლებსა და სარდაფებს მოსახლეობა სწორედ სანიაღვრე სისტემის გაუმართაობას უმადლის.  

„უკვე წლებია იძახიან  გავაკეთებთო და ამ დრომდე კონკრეტული არაფერი გვინახავს. მოდიან, ათვალიერებენ ადგილს და არაფერს გვეუბნებიან. ალბათ თვითონაც ვერ მოიფიქრეს რა უნდა გააკეთონ. სანამ ისინი „გასაკეთებელი კიდევ ბევრია"-თი გვამშვიდებენ, ხალხი თვითონ ცდილობს გამოსავლის პოვნას. მოსახლოებამ  ღობეების ამაღლება დაიწყო და კი არიან აკვარიუმებში,“  –ამბობენ  წერეთლის ქუჩაზე მაცხოვრებლები.

წერეთლის ქუჩა ერთ–ერთია იმ ქუჩებს შორის, რომელთა მაცხოვრებლების საცხოვრებელი სახლები და ეზოები, სწორედ გაუმართავი სანიაღვრე სისტემის გამო, წვიმის შეგდეად, ბოლო პერიოდში ორჯერ დაიტბორა.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი ირწმუნება, რომ მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების  შედეგად,  სანიაღვრე სისტემის გაუმართაობით ან არარსებობით გამოწვეულმა პრობლემებმა მოსახლეობა არ უნდა შეაწუხოს.

ქუთაისის  2012 წლის ბიუჯეტში ღვარსადენების ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში ის ქუჩებია განსაზღვრული, სადაც მიმდინარე წლის განმავლობაში სანიაღვრე სისტემა უნდა გაკეთდეს. საექსპლუატაციო ნიაღვარმიმღები ობიექტების ნუსხაში, ზონების მიხედვით (ქალაქის ცენტრი, შუალედური ზონა  და გარეუბნები) სულ  დაახლოებით 117 ქუჩა გვხვდება.

ლევან ჭანჭალეიშვილის განმარტებით,  სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებით ქალაქში 2 სახის პრობლემა არსებობს. კერძოდ,  ქალაქის ქუჩების ნაწილში სანიაღვრე სისტემა ან საერთოდ არ არსებობს ან კიდევ არსებული მწყობრიდან არის გამოსული.

„ამიტომ, ბიუჯეტით გათვალისწინებული ობიექტების ნუსხას ჩვენ კიდევ დავამატეთ გარკვეული ქუჩები. მაგალითად, ახალი სანიაღვრე სისტემა კეთდება თაბუკაშვილის ქუჩასა და ავანგარდის დასასახლების ნაწილში. წლის ბოლომდე სამუშაოების ნახევარი შესრულდება, რადგან მეტის გაკეთებას ვერ ვასწრებთ. დარჩენილი – მომავალ წელს გაგრძელდება.  მიმდინარე წლის ბოლოს კი  ახალი სანიაღვრე სისტემა ექნება ჭიათურისა და ნარსიას ქუჩებს,“ - ამბობს ჭანჭალეიშვილი.

სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია–ექსპლუატაციის ფარგლებში, პრობლემურ ქუჩებზე შესასრულებელ სამუშაოებად  მდინარეების კალაპოტის, სანიაღვრე არხების, ბუნებრივი სასულეების გაწმენდა და ნიაღვარმიმღები ჭების დამატება განისაზღვრა.  

„სარეაბილიტაციო ობიექტი ბევრია, რომლებზეც ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს. ვახდენთ   „პლაშატკიდან“  წამოსული  წყლის გადამისამართებას აბრეშუმკომბინატის მხრიდან.  წყალი პირდაპირ მდინარე რიონში ჩავა  და მოსახლეობას არ შეაწუხებს. ასევე,  წერეთლის ქუჩაზე გავწმინდეთ „თამარას ღელე“. ამავე ადგილას, ბენზინგასამართ სადგურსა და სახანძროს შენობას შორის, მიმდინარეობს არხის გაწმენდა. სამუშაო ბევრია. შესრულებული სამუშაოების შედეგად კი მიმდინარე წლის  ბოლოსთვის ქალაქის მოსახლეობის ნახევარს სანიაღვრე სისტემის მიზეზით პრობლემები არ უნდა შეექმნას,“ - ამბობს ლევან ჭანჭალეიშვილი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა