|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როდის ექნება ქუთაისს ქალაქის განვითარების გეგმა?

   დღემდე ქუთაისს ცივილური ქალაქების განვითარების აუცილებელ პირობა, ქალაქგანვითარების  პერსპექტიული გეგმა   არ გააჩნია.  რამდენად საჭიროა გეგმა და როდის გადაინაცვლებს ქალაქი სპონტანური  პროექტებიდან გეგმიურ განვითარებაზე,  ამის გარკვევას „ნიუპრესი“  შეეცადა.

,,ძირითადი დოკუმენტი,  რომელიც  განსაზღვრავს ქალაქის ეკონომიკური განვითარების მიმართულებას“ -ასე ახასიათებს ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი ქუთასის სტრატეგიული განვითარების პროგრამას, რომლის ფორმირებაზეც მუშაობა სპეციალურმა კომისიამ 2015 წლის 26 მარტს ახალი შემადგენლობთ დაიწყო. ამავე დანიშნულებით სამუშაო ჯგუფი 2014 წლის ივლისშიც შეიქმნა,  თუმცა დღეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაშინდელი კომისიის არაეფექტურობას მერიაში პარალელურად განხორციელებული საკადრო ცვლილებით ხსნიან. პაატა კლდიაშვილი ამბობს, რომ 2014 წლის ივლისში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ობიექტური მიზეზების გამო ვერ იმუშავა, რადგან სწორედ იმ პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობაში კადრების რეორგანიზაცია მიმდინარეობდა.

  ქუთაისის  განვითარებისთვის სტრატეგიული გეგმის შემუშავების მცდელობა  მრავალ წელს ითვლის.  მოქმედი ხელისუფლების გარდა,  ქალაქის ძირითადი ეკონომიკური დოკუმენტის შექმნას ყოფილი ხელისუფლების პერიოდშიც ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ქუთაისის ამჟამინდელი საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატის მეხსიერება ქალაქის ეკონომიკური გეგმის შემუშავების შესახებ ათ წელს ითვლის. ბესიკ ბრეგაძე პარალელებს 2005 წელთან ავლებს და იმ პეროდს იხსენებს, როდესაც თავად ქუთაისის ვიცე–მერის პოსტი ეჭირა, ამბობს რომ სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობის მცდელობას ადგილი ათი წლის წინანდელი ხელისუფლების პირობებშიც ჰქონდა. დეპუტატს გეგმის შემუშავების მცდელობასთან ერთად მისი წარუმატებლობაც ახსოვს და აცხადებს,, სტრატეგიული განვითარების გეგმა, იწერებოდა ადრეც,  თუმცა ეს დოკუმენტები ძირითადად თაროზე იდებოდა და მისი რეალობაში განხორციელება არ ხდებოდა“.   წარუმატებლობის მიზეზად ბრეგაძე  ცენტრალიზირებულ მმართველობას ასახელებს და აცხადებს, რომ  თვითმართველობას დამოუკიდებელობის საშუალებას ცენტრალური ხელისუფლება არც მაშინ აძლევდა  და არც ახლა  აძლევს. ,,როდესაც ჩვენ ამ გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ, რეფორმები მაშინაც მიმდინარეობდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანული კანონი შეიქმნა, მერე კოდექსად გადაკეთდა.  იყო არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორი. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მაშინ  ისიც კი არ იცოდა,  მის ქონებას რა წარმოადგენდა.  ეს არც ახლა არ იცის.  დღემდე არ არსებობს არანაირი აღწერა,  ქალაქმა არ იცის, რა ქონებას ფლობს.“

 იმისთვის რომ ახალმა დოკუმენტმა ძველის ბედი არ გაიზიაროს და ადგილი თაროზე არ დაიდოს, 2014 წლის 31 ივლისის N657 ბრძანებაში საგანგებო ცვლილება შევიდა და   ქუთაისის სტრატეგიული განვითარების პროგრამაზე მუშაობას  კომისია ახალი შემადგენლობით შეუდგა.

კომისიის ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიცია საკუთარ თავზე  ქალაქის პირველმა პირმა აიღო.   შოთა მურღულია  კომისიის თავჯდომარეა. მის მოადგილეობას აქაც კოსტანტინე ქავთარაძე ითავსებს. კომისიის წევრთა შორის პირველ ნომრად მერიის ეკომონიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი გვევლინება. კომისიის შემადგენლობაში კიდევ  მერიის ოთხი წარმომადგენელია, ირაკლი სარიშვილი -მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, მალხაზ ბასილაძე -ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია- ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი  და ირაკლი ავალიანი, რომელიც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდების სამსახურის უფროსის პოსტს იკავებს. კომისია სულ 12 წევრისაგან  შედგება,  დარჩენილი 5 ადგილი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორისაა გადანაწილებული.

ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე კომისიის ასეთი წარმომადგენლობით დაკომპლექტებას საკრებულოს ნაციონალი წევრები არ იწონებენ. ,,ამ ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე სრულიად შემთხვევით მოვხვდი და იქ გავიგე, რომ ასეთი კომისია შექმნილა, შემადგენლობაში საკრებულოს წევრიც კი არ ყავთ, საკრებულოს წევრებს მოსახლეობამ ანდო მანდატი ქალაქის მმართველობისთვის, შესაბამისად,  ჩვენი ხედვებიც უნდა ყოფილიყო ამ გეგმის შექმნისას გათვალისწინებული, ამ ადამიანებს კონსტრუქციული მუშაობის სურვილი არ გააჩნიათ, არ ვიცი, რატომ მაგრამ ძალიან აგრესიულები არიან“,-განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

ბესიკ ბრეგაძის პოზიციას არ იზიარებს საკრებულოს წევრი უმრავლესობოდან გურამ ტოროშელიძე. მას მიაჩნია, რომ კომისიაში საკრებულოდან წარმომადგენლობა მიზანშეწონილი არ იქნებოდა,  რადგანაც აღნიშნული დოკუმენტი სწორედ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.  „ჩვენ  უნდა შევხედოთ ყველა ახალ გამოწვევას ოპტიმიზმით, მართალია,  ასეთმა გეგმამ არაერთგზის მცდელობის მიუხედავად ვერ იმუშავა,  მაგრამ  ეს თითეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული,  ასეთივე გეგმა აქვს ფოთს,  ბათუმს, რატომ არა  ქუთაისს?“ -აცხადებს  ტოროშელიძე, ის  გეგმის   ერთ-ერთ პრიორიტეტად ქალაქში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შექმნას ასახელებს.

 ,,ქალაქში დღემდე არ არსებობს ტურისტული ცენტრი, ამის გარეშე წარმოუდგენელია ეკონომიკურად განვითარება, ქალაქმა დღემდე ზუსტად არ იცის საით მიდის, უნდა იყოს ის საუნივერსიტეტო, სამრეწველო თუ საპარლამენტო?  სწორედ ამ მიმართულების განსაზრვრას ემსახურება სტრატეგიული განვითარების გეგმა და ვფიქრობ,  ახალი კომპეტენტური შემადგენლობის პირობებში კომისია გეგმის სამუშაო ვერსიას გაწერილ დროში დადებს“.

განახლებული კომისიის კომპეტენტურობაზე საუბრობს პაატა კლდიაშვილი; ,, კომისიის შემადგენლობა არის წარმომადგენლობითი. აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა, აქ არიან წევრები ქალაქის აკრედიტირებული უნივერსიტეტებიდან და არასამთავრობოებიდან.  სამწუხაროდ,  ჩვენ მსგავსი მუნიციპალური განვითარების გეგმაზე მუშაობის დიდი გამოცდილება არ გვაქვს, სწორედ ამიტომ ხარისხიანი დოკუმენტის შესაქმნელად უცხოელების გამოცდილების გაზირება არის ძალინ მნიშვნელოვანი და ჩვენ ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ დონორ უცხოურ ორგანიზაციებთან.  ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ქალაქის ეკონომიკური მიმართულების ძირითად ღერძს.  სამწუხაროდ,  გვაქვს გამოცდილება იმისა, რომ იქმნებოდა დოკუმენტები დოკუმენტებისთის და ისინი მხოლოდ ფურცელზე რჩებოდა, სწორედ ამაზეა გადატანილი ჩვენი აქცენტი, რომ შევქნათ ისეთი სამოქმედო პროგრამა,  რომელიც იმუშავებს რეალურად,  მან უნდა განსაზღვროს ქალაქის განვითარება,  არა რომელიმე კონკრეტული, არამედ ყველა მიმართულებით და დამტკიცების შემთხვევაში ვიხემლმძღვანელოთ ამ პოგრამით“.

კლდიაშვილის თქმით, აღნიშნული სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესებში პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ქალაქში არსებული მცირე თუ საშულო ბიზნესის  მეწარმეების ანკეტირება მიმდინარეობს, რაც  ყოველ 6 თვეში უნდა გაახლდეს.  პაატა კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელი პირობა იმის დასადგენადაა რა პრობლემები და საჭიროებები უდგათ ქალაქის  ბიზნეს სექტორს. ოპოზიცია ამ მიმართულებითაც კრიტიკულია და ყოველ 6 თვეში ანკეტირების აუცილებლობას ვერ ხედავს.  მიაჩნიათ,  რომ ეს დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურს მოითხოვს. ანკეტირებასთან მიმართებაში 6 თვიან ინტერვალს არ ეწინააღმდეგებიან,  თუმცა შედგენილი კითხვარით უკმაყოფილოა გამოკითხული მეწარმეების ნაწილი.  ინდმეწარმე დარეჯან ხვადაგიანი მიიჩნევს, რომ მათი საჭიროებების დასადგენად და ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად ამ ფორმით ანკეტირება არასაკმარისია.

არაერთგვაროვანია მოქალაქეების მოსაზრებები ქალაქის განვითარების გეგმის საჭიროებასთან დაკავშირებით.  ადგილობრივი  გენადი გაბადაძე  მიიჩნევს, რომ  ,, განვითარება ამ ქალაქს ყველა მიმართულებით სჭირდება. მოწესრიგებულს მე ვერაფერს ვხედავ, თუმცა არსებული მძიმე ეკონომიკური ფონის პირობებში, პრიორიტეტად მიმაჩნია ჯანდაცვის სფეროსა  და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ინფრასტრუქტური მოწესრიგება“.

ქუთაისის სტრატეგიული განვითარების პროგრამა სამუშაო ვერსიის სახით კომისიამ სექტემბრამდე უნდა მოამზადოს, შემდეგ განსახილველად საკრებულოს წარედგინება,  რათა უკვე 2016 წლის ბიუჯეტის ფორმირება სწორედ ამ გეგმაზე დაყრდნობით მოხდეს. რაც შეეხება თანხებს,  რამდენი იქნება საჭირო გეგმის პრაქტიკაში  განხორციელებისთვის,  ამაზე საუბარს პაატა კლდიაშვილი  ნაჩქარევად მიიჩნევს. მისი თქმით,  ამ ეტაპზე გეგმაზე მუშაობა მხოლოდ საწყის ფაზაშია.

 გეგმის შემუშავების მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი ქალაქის მერი.  შოთა მურღულია  აცხადებს: ,,ქალაქის ძირითად სტრატეგულ დოკუმენტზე მუშაობა აქტიურ ფაზაში წარიმართება, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე მსხვილ დონორ ორგანიზაციასთან,  რომელსაც ჯერ არ გავასაჯაროვებთ.  აქვე ვიტყვი,  რომ ეს გეგმა პრაქტიკაში მოგვცმს ქალაქის გეგმაზომიერად და არა ქაოტურად განვითარებას, როგორც ეს წინამორბედების დროს ხდებოდა“.

 

გეგმის მიღებისა და მისი დამტკიცების შემთხვევაში ქალაქის აღნიშნული დოკუმენტით 5 წლის განმავლობაში იხელმღვანელებს.

 

ავტორი: ეკა შალამბერიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა