|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ნაგავსაყრელი გერმანელებმაც მიატოვეს?!

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული ნაგავსაყრელის მოწყობითი სამუშაოები მიტოვებულია.

სამუშაოები, რომლითაც 2013 წლამდე ქუთაისში არსებული ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარება და ახალი პოლიგონის მშენებლობა უნდა დასრულდეს, ერთი თვეა შეჩერებულია.

ნაგავსაყრელის  ე.წ. დისპეჩერი  ლევან შველიძე განმარტავს, რომ უკვე ერთი თვეა, რაც ნაგავსაყრელის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელი გერმანული ჯგუფი   KFW არ გამოჩენილა.

"დაახლოებით ერთი თვეა რაც ნაგავსაყრელზე გერმანელები არ მოსულან", – ამბობს ლევან შველიძე.

ნაგავსაყრელის წინასწარი შესწავლის პროექტის შემუშავებისათვის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკ KFW–სა ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ხელშეკრულება 2011 წლის 25 ივლისს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, KFW–მ ქალაქის მერიას 450 ათასი ევრო გრანტის სახით უკვე გამოუყო.

თუმცა, ირკვევა, რომ აღნიშნული პროექტის შემუშავების შემდეგ, ნაგავსაყრელის საკონსერვაციო სამუშაოების მოსამზადებელი პირველი ეტაპი ამ დროისთვის შეჩერებულია. სამუშაოებს  თბილისური კომპანია "ამმა"  უზრუნველყოფს და ის ნაგავსაყრელის  ტერიტორიაზე არხის გაწმენდასა  და სანიტარული ზონის შექმანს ითვალისწინებს.

კომპანიამ სამუშაოების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ქუთაისის  მერიის მიერ  მიმდინარე წლის ზაფხულზე გამოცხადებული  ტენდერის შედეგად  მოიპოვა.

ქუთაისში არსებული ძველი ნაგავსაყრელის გაუქმებისა და წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობისათვის კი დაპირების თანახმად, 20 მლნ ევროს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი – KFW გამოჰყოფდა.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ პოლიგონის საკონსერავაციო სამუშაოების პირველი ეტაპი შეუფერხებლად  მიმდინარობს და ის მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს  დასრულდება.

თუმცა ადგილზე ჩვენი მისვლისას ტერიტორიაზე არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობდა. იქ მხოლოდ მიტოვებული ტექნიკა იდგა და  ტერიტორიაზე  ქალაქის დასუფთავების სამსახურის  მანქანებს ნარჩენები შეჰქონდათ. მაშინ როდესაც, კონსერვაციის პირობებში, პოლიგონზე ნარჩენების შეტანა აღარ შეიძლება.

"გერმანელებთან პერიოდულად გვაქვს კონტაქტი. დაახლოებით სამ კვირაში ერთხელ ჩამოდიან ადგილზე.  ამდროისათვის კი აუცილებლობას არ წარმოადგენს  უშუალოდ მათი ადგილზე მისვლა. გერმანული მხარის მიერ ნაგავსაყრელის საჭიროებების შესწავლის შედეგად  ძველი ნაგავსაყრელი უქმდება ანუ განხორციელდება ნარჩენების  საკონსერვაციო სამუშაოები, რომლის პირველი  ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ამის შემდეგ მოხდება ტერიტორიის თიხით შებოჭვა  და ახალი ნაგავსაყრელი თერჯოლის რაიონში, ჭოგნარში  გაიხსნება", –  აღნიშნავს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

თავად გერმანულ მხარესთან დაკავშირება შეუძლებელია.  

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ძველი ნაგავსაყრელის კონსერვაციისათვის  დაახლოებით 5 მლნ ლარი დაიხარჯება, ხოლო ახალი ნაგავსაყრელის გახსნას 12 მლნ ლარამდე მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ ნიკეას ქუჩაზე არსებული ნაგავსაყრელის მოწყობის პასუხიმგებლობა 2008–2009 წლებში იტალიურმა კომპანიამ "რაფანო სერვისმაც" აიღო. უახლოესი 4 წლის მანძილზე მას 3 მლნ ევროს ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ იტალიელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც ერთი ვალდებულება არ შეუსრულებიათ და ქუთაისისთვის ერთი ევროც არ დაიხარჯავთ. შეუსრულებული ვალდებულების გამო, კი საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.

ქუთაისი–გეგუთის  საგაზაო მონაკვეთზე, ნიკეას დასახლების ბოლოს, ნაგავსაყრელი 1959 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ექსპლუატაციის ვადა 30 წლით განისაზღვრა. მას შემდეგ, ნაგავსაყრელი უკანონოდ ფუნქციონირებს. მას არ გაჩნია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.  

სპეციალისტთა დასკვნით, ბოლო მონაცემებით, ნაგავსაყრელის დიდი ნაწილი მდინარე რიონმა ჩარეცხა და პოლიგონისთვის თავდაპირველად არ არსებული 42 ჰექტარიდან, მხოლოდ 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთია დარჩენილი. 

ავტორი: თეკლა მორგოშია