|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის და რატომ შეეწირა იმერეთის გუბერნატორი?

იმერეთის ყოფილ გუბერნატორსა და ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირება დიდი ხანია შეფარულ ბრძოლას გასცდა. ამ დრომდე ორივე მხარე ღია საუბარს ერიდებოდა.  ბოლო დღეებში მის მოსაშორებლად გატარებულ სქემებზე აქტიურად საუბრობს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი,  რომელმაც სიმართლის დასადგენად ნომერ პირველ „მოქალაქეს“ სოციალურ ქსელში ღია წერილით მიმართა და შეხვედრა ითხოვა.

 ვის პირად ინტერესებს შეეწირა და  გახდა თუ არა მისი აქტიურობა მავანთათვის შეშფოთების  მიზეზი „ნიუპრესს“  ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი თავად ესაუბრა. როგორ ექსგუბერნატორი აღნიშნავს, მასსა და ქუთაისის აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის უთანხმოება თვითმმართველობის  არჩევნების შემდეგ დაიწყო.

„როგორც აღმოჩნდა, ჩემი აქტიურობა ბევრისთვის მიუღებელი გახდა, რადგან არ სურდათ ჩემს  ჩრდილქვეშ ყოფნა. რეალურად, დაპირისპირება არჩევნებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო. პრობლემას არა გუნდურობის, არამედ  „მე და ჩემი“ თემატიკის წამოწევა ქმნიდა. მათთვის გუბერნია ხელისშემშლელი უფრო გახდა, ვიდრე ხელშემწყობი. ზოგადად, მინდა გუბერნიის სისტემაზე და როლზე მცირედი აღვნიშნო. როგორც ცნობილია, გუბერნიის ისტიტუტმა მესამე ფორმაცია განიცადა, თუკი წინა პერიოდში გუბერნიის ადმინისტრაცია პარტიული მმართველობის სტილით გამოირჩეოდა, ამჯერად, პრემიერის დაქვემდებარებაში გადავიდა. თუმცა კანონში შესული ცვლილებით, მას აქვს მხოლოდ ფორმალური უფლება, როგორც ინფორმაციის მოთხოვნის, ასევე დირექტივების გაცემის. ამის ფონზე კი საზოგადეობის წინაშე პასუხისმგებლობა ყველა საკითხზე  გუბერნატორზე მოდის, სამართლებრივად კი ასე არ არის და ბევრი რამ დასახვეწია.  მიუხედავად ამისა, ვცდილობდით ყველა მუნიციპალიტეტისგან მიმდინარე სამუშაოებსა და ტენდერებზე დეტალური ინფორმაცია გამოგვეთხოვა,  რაც არა გუნდურ მუშაობად, არამედ პირად მტრობად ჩათვალეს და დაიწყეს საუბარი, რომ მე ტენდერებით პირადი მიზნების გამო ვინტერესდებოდი და ვზღუდავდი მათი საქმიანობის თავისუფლებას. ეს რომ ყოფილიყო მასშტაბური პრობლემა, ყველა მუნიციპალიტეტეს ექნებოდა შენიშვნა, მაგრამ, მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გამოითქვა უკმაყოფილება. პრობლემა იყო თერჯოლაში, კერძოდ, საკრებულოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ზესტაფონში, ზოგადად, რაიონში არსებულ ვითარებაზე, შესასრულებელი სამუშაოების მონიტორინგის არაეფექტურიბაზე და შიდა საკადრო პოლიტიკაზე. ნაწილობრივ ბაღდათში, დამოუკიდებლობის მეტი სტატუსის მიღების თვალსაზრისით. ასევე ვანის საკრებულოში, გუბერნიის მოთხოვნების იგნორირების მცდელობით. ასევე დაიძაბა ურთიერთობა ქუთაისის თვითმმართველობასთან. სამწუხაროდ, ყოველივეს დაემატა ნეგატიურად განწყობილი პირების ცილისმწამებრული შეფასებებიც“, –აღნიშნავს მეფარიშვილი.

 მისივე განცხადებით, 2013 წელს ქუთაისის თვითმმართველობაში შექმნილი მდგომარეობის გამო, საკადრო ცვლილება მნიშვნელოვანი იყო. ქალაქისათვის მისაღები,  ნიჭიერი და საქმის მცოდნე კადრის მოყვანა აუცილებელი გახდა. იმ დროს ჩაითვალა, რომ ამ მოთხოვნებს შოთა მურღულია აკმაყოფილებდა, რის გამოც გუბერნატორმა თვითმმართველობაში მურღულიას კანდიდატურას „მწვანე შუქი“ აუნთო.

„ყველას ახსოვს, რა მდგომარეობა იყო ქალაქში, დაწყებული მერებისა თუ მათი მოვალეობის შემსრულებლების ცვლილებებით და დამთავრებული ქონებების არასწორი განკარგვით და გასხვისებით.  ასეთი იყო, ქალაქში არსებული სკვერების 49 წლიანი იჯარით გაცემა,  ქალაქისათვის წამგებიანი პირობებით. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით,  საჭირო გახდა ცვლილება.  ხელისიფლებაში უნდა მოსულიყო კადრი, რომელიც მდგომარეობის გაკონტროლებას  შეძლებდა. ჩემი ინიციატივა იყო, მოსულიყო კარგი სტატუსის და რესურსის მქონე, წარმოშობით  ქუთაისელი, მაგრამ თბილისში მცხოვრები, რომელიც გარიდებული იქნებოდა ქუთაისში მიმდინარე პროცესებს, ექნებოდა მართვის გამოცდილება.  როდესაც გავიცანი შოთა მურღულია, მოხიბლული დავრჩი და ვთვლიდი, რომ მისი გამოცდილება ქალაქს გამოადგებოდა. ამ თანადგომის გამო დამაბრალეს, რომ მურღულიას მხარდასაჭერად აქციები მე მოვაწყვე, თითქოს ოპოზიციონერების გადმობირებას ძალისმიერი მეთოდით ვცდილობდი. ხან „ნაციონალებთან“, ხანაც „პატრიოტებთან“ შეთანხმებაც კი დამაბრალეს. ეხლა კი, როგორც კულუარებში საუბრობენ „იმან დამაზარალა, რაც მე შევქმენი“,–აღნიშნავს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში 25–მდე სკვერის იჯარით გაცემა კოტე ლომიძის და გია შარაბიძის ვიცე–მერობის პერიოდს უკავშირდება. თუმცა, კოტე ლომიძე დღეს გუბერნიაში ადგილობრივ თვითმმართველობებთან  ურთიერთობების სამსახურის უფროსის პოსტს იკავებს, გია შარაბიძე კი  დასუფთავების აიპის „სპეციალური სერვისების სამსახურის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზეა.

სწორედ საკადრო პოლიტიკა და ინტერესთა შეუთანხმებლობა გახდა გუბერნიის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი. როგორც ყოფილი გუბერნატორი აღნიშნავს, ის სრულიად აპოლიტიკური იყო და კადრების კვალიფიკაციის მიხედვით შეფასებას ითხოვდა.

„ვიცოდი და მესმოდა, პოლიტიკური პოზიცია უნდა გამეთვალისწინებინა, მაგრამ შერჩეული კადრების პროფესიონალიზმის საკითხსაც ვაყენებდი. რეორგანიზაციის დროს სწორედ ამაზე გავაკეთე აქცენტი. ზოგადად, არ მომწონდა, რომ კომისიის თავმჯდომარე გუბერნატორი უნდა ყოფილიყო და ცვლილებას ვითხოვდი. თუმცა გუბერნიაში კონკურსანტებთან მხოლოდ გასაუბრება იყო, განსხვავებით მუნიციპალიტეტებისა, სადაც ტესტირება ჩატარდა.  მიმაჩნია, რომ კონკურსის მესამე ეტაპიც დამოუკიდებელ კომისიას უნდა ჩაეტარებინა და ობიექტურობის ხარისხისხიც მეტი იქნებოდა. ხელმძღვანელი პირისათვის სასურველი, თუმდაც ერთი ადამიანის დანიშვნით,  მხოლოდ ის რჩება კმაყოფილი და შეიძლება, ამან საერთო საქმე გააფუჭოს.  აქვე ინტერესს იწვევდა ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებით გამგებლების მოადგილეები და სამსახურის უფროსები კონკურსგარეშე ინიშნებოდნენ. მოვითხოვე შერჩეული სფეროების მიხედვით მათი კვალიფიკაციის გადამოწმება, მაგრამ ესეც პირად მტრობად იქნა აღქმული. თითქოს პარტიის რაიონული ორგანიზაციიდან მე ვინმეს კადრებს ვბლოკავდი. გუნდურად მუშაობის ნაცვლად აღმოჩნდა, რომ  ჩვენ ოპონირების რეჟიმში ვიყავით. მეც მყავდა სანაცნობო, მაგრამ არავისთვის შემითავაზებია ჩემი კადრი, თუკი ის არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. საგულისხმოა, თავად რეორგანიზაციის პრინციპი, რის ფარგლებში თვითმმართველობებში კადრები შემცირდა, მაგრამ ამ კადრების აიპებში გაწოვა მოხდა. შედეგად აიპების ბიუჯეტის დაახლოებით 80% ადმინისტრაცილ ხარჯებზე მოდის და ღონისძიებებისათვის მინიმალური თანხები რჩება.  ხოლო ერთიანად მუნიციპალიტეტში საერთო ხარჯები იმდენია, რომ სოციალურ პროგრამებზე მხოლოდ 7-8%  მოდის“–აღნიშნავს მეფარიშვილი.

მხარის გუბერნიასა და მუნიციპალიტეტებს შორის დაპირისპირების  მთავარი და გადამწყვეტი მიზეზი გამარტივებული ელექტორნული ტენდერები და ზოგადად, განსხვავებული სატენდერო პირობები გახდა. ამასთან ერთად ეჭვს სატენდერო პირობების  კომპანიებზე მორგების მცდელობა ბადებდა. მუნიციპალიტეტების უმეტესობა საპროექტო წინადადების სრულყოფილად შესრულებას ვერ ახერხებდა. თუმცა, მეფარიშვილის განცხადებით, უკმაყოფილების დიდმა ტალღამ მაინც ქუთაისში მოიყარა თავი. მერია ტენდერების შესახებ, თუ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას სისტემატიურად აგვიანებდა.

მისი თქმით,  გუბერნატორის ინსტიტუტი საკმაოდ მოძლიერდა და როგორც ჩანს, ეს ვიღაც–ვიღაცეებს არ მოსწონდათ:  „ჩვენი ინტერესი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამიტომ დაიწყეს არასწორი ინფორმაციების ჩატანა თბილისში. ზოგ გუბერნატორს აღმოაჩნდა სიმართლის მთქმელი, ზოგს–არა“-აცხადებს მეფარიშვილი. მისი თქმით, თუ რამე უნდა აღიკვეთოს, ეს არის პირობით გამოცხადებული ტენდერი.  "სატენდერო პირობებში რატომ უნდა ჩაიდოს, რომ კომპანიას 9 მილიონის სამუშაო უნდა ჰქონდეს შესრულებული? ეს უკვე ნიშნავს, ტენდერი იმ კომპანიისთვის ცხადდება მხოლოდ, რომელიც ამ პირობას დააკმაყოფილებს და სხვა მონაწილეობასაც ვერ მიიღებს, ანუ ზოგისთვის იწერება სამუშაო გამოცდილების აუცილებლობა, ზოგისთვის–არა. ზოგიერთისთვის შესრულებული სამუშაოების კონკრეტული თანხების განსაზღვრა ხდებოდა, რაც არის დასაბუთებული პირობა იმისა, რომ ეს არის ვიღაცაზე მორგებული, რადგან თავშივე ხდება კომპანიების ფილტრაცია.  ტენდერი ხდება მორგებადი და შესაძლოა, არაკეთილსინდისიერმა საჯარო მოხელემ ამით ისარგებლოს. სწორედ ამის აღკვეთას ვითხოვდი, რასაც მოჰყვა ინტრიგები ჩემი მისამართით. ამ კუთხით გუბერნიის ადმინისტრაციამ შეიმუშავა  პირველ ეტაპზე პროექტების სატენდერო მოთხოვნების ნიმუშები, მაგრამ როგორაც აღმოჩნდა, რიგმა მუნიციპალიტეტებმა ეს არ გაითვალისწინეს“.  

როგორც ყოფილი გუბერნატორი ამბობს,  მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტში წინასწარ იცოდნენ ინფორმაცია ზაზა მეფარიშვილის გადადგომის შესახებ, თანაც ისე, რომ მას არცერთ სახელმწიფო სამსახურს აღარ შესთავაზებდნენ. „ქუთაისში მოიყარა უკმაყოფილების დიდმა ტალღამ თავი. მოგვიანებით კი გავიგე, რომ პირდაპირ იგზავნებოდა მოთხოვნები: „მოგვაშორეთ ეს კაცი, ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებთო!“.   ,,მიუღებელი გავხდი, ვინაიდან ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მქონდა შესაძლებლობა კვალიფიციურად შემესწავლა საკითხის როგორც ფინანსური, ასევე მისი შინაარსობრივი მხარე. მე არ ვაპირებ, ვარაუდებით საუბარს, ამიტომ კონკრეტულ სახელებს ვერიდები, მაგრამ ვასაჯაროებ ფაქტებს და საზოგადოებამ განსაჯოს“,- აცხადებს მეფარიშვილი.

 

ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ  თანამდებობიდან წასვლა  ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ითხოვა: „როდესაც ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ვთხოვე გავეთავისუფლებინე  თანამდებობიდან, მითხრა, რომ ერთ–ერთ წარმატებულ გუბერნატორს ვერ გაუშვებდა. მოგვიანებით კი, როდესაც ჩემს შესახებ უარყოფითი ინფორმაციები აიტვირთა, პრემიერ–მინისტრმა მითხრა: “რა ვქნა ზაზა, ივანიშვილი ვიღაცამ დაარწმუნა, რომ შენ პირადი ინტერესები გამოძრავებს და ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია საკმარისი აღარ არის“.

„ბევრი მეკითხება, რატომ მივმართავ დღეს „მოქალაქეს“ და რატომ ვსაუბრობ ამ ყველაფერზე ახლა. პირველი იმიტომ, რომ  ადამიანს, რომელმაც ეს გუნდი მოიყვანა ხელისუფლებაში, რეკომენდაციების გაცემის უფლება აქვს. მეორეც, მე,  შიგნით, ყოველთვის პირდაპირ ვსაუბრობდი ამ პრობლემებზე,   მაგრამ ეს პირად მტრობად ჩათვალეს და რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არ  მაპატიეს, მათ შორის ის,  რომ აღვნიშნავდი, წინა ხელისუფლებისაგან რაც იყო დატოვებული კარგი, ის არ დაგვეკარგა და იქედან გაგვეგრძელებინა არა ინერციით, არამედ კარდინალური რეფორმებით“,-აღნიშნავს მეფარიშვილი .

იყო თუ არა მეფარიშვილის გაშვება ქუთაისის მოთხოვნა და შეეწირა, თუ არა  გუბერნატორი საკადრო პოლიტიკასა და ტენდერებს?–ამის გადამოწმება ქუთაისის მერიაში შევეცადეთ, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებაში, ამ თემაზე ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება პარტიის რაიონულ ორგანიზაციას, ქართული ოცნებისქუთაისის ოფისში დაპირისპირებას არ ადასტურებენ. როგორ ორგანიზაციის თავმდომარე მანანა მიქაძე აღნიშნავს, მეფარიშვილს გუდურობის პრობლემა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ის მადლობით გაუშვეს. „მისი ყველა განცხადება უსაფუძლოა. ვინ შესთავაზა კადრები დასამტკიცებლად? არ ვთვლი საჭიროდ, მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას. ზაზა მეფარიშვილი არ იყოქართული ოცნებისმხარდამჭერი. მიუხედავად ამისა, ის მადლობით გაუშვეს თანამდებობიდან და როდესაც მადლობით გიშვებენ, სეთი განცხადებები არ უნდა გააკეთო, მაგრამ ტყობა არ ეყო მოთმინება, ახალ თამანდებობას დალოდებოდა,“–აღნიშნავს მანანა მიქაძე.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი