|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბავშვობაწართმეული ბავშვები

წლების წინ,  ერთ–ერთ  უცხოურ ფილმში ვნახე, როგორ იბრძოდა  დედა შვილის უფლებებისა და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.  იბრძოდა  აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მისი შვილი საბავშვო ბაღში მიეღოთ და მისთვის  ყველა ის შესაძლებლობა  მიეცათ, რაც სხვა ბავშვებს ჰქონდათ. იმ დროს აუტისტური სპექტრის ბევრი არაფერი ვიცოდი და ვფიქრობდი, რომ მსგავსი პრობლემები ჩვენს რეალობაში არ იყო. მალე მივხვდი, რომ ვცდებოდი. ეს ადამიანები  სახელმწიფოს, საზოგადეობისა და უმეტესად ოჯახის გადაწყვეტილებით ჩაკეტილ კარს მიღმა რჩებიან.

ანანო ქუთაისში ცხოვრობს. სასკოლო ასაკს დიდი ხანია გასცდა. დღეს მისი სამყარო მხოლოდ მისი ოთახია.  რადგან წლების წინა  ბაღები და სკოლები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მისაღებად მზად არ იყვენენ, ოჯახის გადაწყვეტილებით ანანოს „შინაპატიომრობა“  მიესაჯა. მდგომარეობას საზოგადოებაში არსებული სტიგმები და სტერეოტიპებიც ართულებდა. მშობელთა უმეტესობა თვლიდა და თვლის, რომ მათი შვილების გვერდით „განსხვავებული“ ბავშვების ადგილი არაა.

„ექიმის დასკვნა მთელი ოჯახისთვის შოკი იყო აღმოჩნდა. ბავშვი, რომელიც ჯანმრთელი გვეგონა, ჩვენთან კონტაქს არ ამყარებდა.  არ ვიყავით ამისთვის მზად. ვერ შევეგუეთ და არ გვინდოდა, სხვას გაეგო ამის შესახებ. გვეგონა, ამ პრობლემას დავმალავდით, მაგრამ არ ვიფიქრეთ, რა მოჰყვებოდა. ჩემს შვილთან ერთად ჩვენი პრობლემაც გაიზარდა, თუმცა  რა უნდა გვექნა?  არც სახელმწიფო იყო მზად განსახვავებული ადამიანების დასაცავად და არც საზოგადოება მათ მიაღებად.  წლების წინ არ იყო ამდენი სერვისი, თორემ ჩემი შვილი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. დღეს არის ყველაფერი უკეთ განვითარებული. საზოგადეობის ცნობიერების ამაღლებაც ხდება, თუმცა სასურველი შედეგისგან შორს ვართ. საზოგადეობრივი ტრანსპორტით რომ გადავაადგილდებით ადამიანები ცნობისმოყვარეობით გვიყურებენ. ვერ იგებენ, რატომ ჭირვეულობს ბავშვი. ზოგი ბავშვს ლანძღვას, ზოგიც მე მლანძღავს ცუდად აღზრდის გამო. ძნელია ყველას გააგებინო, ამიტომ ნელნელა ჩავიკეტეთ, ვცდილობთ, საზოგადეობას მოვერიდოთ“,–აღნიშნავს ანანოს დედა, რომელიც საჯაროობას ისევ ერიდება.

საზოგადეობის განსხვავებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს 7 წლის დიმიტრის  დედა, მაია ო–ც. როგორც ის აღნიშნავს, ტრანსპორტში უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ აღმოჩენილა. თუმცა ცდილობს, მის შვილს ყველა სერვისი მისცეს. განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან არსებულ დღის ცენტრში დადის. მთელ დღეს თანატოლებთან ერთად ატარებს. ამჯერად, სკოლისთვის ემზადება, რომელიც უკვე შეარჩიეს.

„სკოლაში რომ მივედი, განვაცხადე ჩემი შვილის მდგომარეობის შესახებ.  გაუკვირდათ, მითხრეს –„პირველი ხარ, ვინც მოგვმართავს და მისი შვილის პრობლემების შესახებ საუბრობს“. ზოგი სკოლას საერთოდ ერიდება, ზოგი კი საერთოდ არ ამხელს. მასწავლებელმა ბავშვის რეალური მდგომარეობა არ იცის და  ამით პრობლემები იქმნება. არ ვაპირებ,  დავიმალო. ჩემმა შვილმა ყველაფერი უნდა მიიღოს. დღის ცენტრში თავს კარგად ვგრძნობთ, არაჩვეულებრივი დამოკიდებულებაა და იმედია, რომ სკოლაშიც იგივე ვითარება იქნება“–აღნიშნავს მაია ო.

მედიცინა მიიჩნევს, რომ აუტიზმი არა დაავადება, არამედ მდგომარეობაა. ის არის  ტვინის განვითარების დარღვევის შედეგი, რაც გავლენას ახდენს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების უნარზე, გონებრივი განვითარების პროცესებზე, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. სიმპტომები ჩვეულებრივ ბავშვის ცხოვრების პირველ სამ წელში იჩენს თავს და მთელი ცხოვრება გრძელდება. მათ არ უყვართ კომუნიკაცია, თავისი სამყარო აქვთ, სადაც თავს კარგად გრძნობენ. ვერ ეგუებიან სიახლეებს, რის გამოც აგრესიას გამოხატავენ.  აუტიზმის გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა: გენეტიკური ფაქტორები, გარემოს მანვე ზემოქმედება, ანომალიები თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში.

ქუთაისში სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვთათვის სამი დღის ცენტრი არსებობს. სიმცირის გამო ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად,  ყველა ვერ ახერხებს აუცილებელი დახმარების მიღებას. სახელმწიფოს ინიციატივითა და დახმარებით ბაღები და სკოლები ნელ-ნელა ერთვებიან სხვადასხვა პროგრამებში და ცდილობენ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაცია მოახდინონ, თუმცა პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო პრობლემა კვლავ რჩება.  ქუთაისის ბაღებსა და სკოლებში შესაბამისი სერვისების და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა რომ არის, ამას  ადასტურებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატო ქობულაძე. მისი  განცხადებით, საზოგადოება ჯერ არაა მზად „განსხვავებულის“ მისაღებად.

 „აუტიზმი–არის მრავალფეროვანი, ამიტომ უწოდებენ აუტისტურ სპექტრს. მას სჭირდება  ინდივიდუალური მიდგომა, პიროვნების ძლერი მხარის გამოვლენა და რუტინული ყოველდღიური მუშაობა. ასეთ ბავშვებთან  აუცილებელია სპეციალური კურსის გავლილი ფსიქოლოგის მუშაობა,  გარემოს და ადამიანების სწორი მიდგომა. კარგი მუშაობის შედეგად, ეს ადამიანები თანდათან შემოდიან კონტაქტში. რაც შეეხება  სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებს, მთელს იმერეთში და მათ შორის ქუთაისში, ბაღებსა და სკოლებს ამ კუთხით განსაკუთრებულად უჭირთ.  2009 წლიდან უკვე რამდენიმე სკოლა ჩაერთო სპეციალურ პროგრამაში,  მასში  ფსიქოლოგი და სპეცმასწავლებელი მუშაობენ. განსაკუთრებით კარგი შედეგი  მე–12 საჯარო სკოლაში მივიღეთ. ზოგადად,  სახელმწიფო პროგრამები ზრუნავენ ამ ბავშვებზე, მაგრამ კვალიფიკაციის მქონე კადრების სიმცირეა, რის გამოც რთული მოვლენების მომსწრე ვხდებით. მასწავლებელი ვერ მართავს ბავშვს,  მშობელი ითხოვს, შვილის კლასში დაჯენას, სხვა მშობლები კი მოითხოვენ,  მათმა შვილებმა მშვიდ გარემოში ისწავლონ. საბოლოოდ, ისევ ეს ბავშვები ზარალდებიან.  კარგი იქნება ქუთაისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრი გაიხსნას, სადაც ბავშვთან ერთად მშობელიც მიიღებს რეკომენდაციას. ადამიანებმა არ იციან, რომ ინკლუზიური სწავლება არის ყველაზე კარგი სწავლება, რას შეიძლება ბავშვმა მიიღოს, ამიტომ ყველა მშობელი უნდა იყოს დაინტერესებული ამ განათებით, მაგრამ კვლავ ინფორმაციის ნაკლებობა ქმნის ბარიერს“,–აღნიშნავს ნატო ქობულაძე, რომელიც ბაღებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობს. მისი განმარტებით, ქუთაისის საბავშვო ბაღები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე  ბავშვებს საჭირო სერვისებით ვერ უზრუნველყოფენ.

„ქუთაისის ბაღებში  ამ ბავშვების მიღება მხოლოდ დირექტორთა კეთილ ნებაზეა.  ბაღები  მათ მიღებაზე უარს ამბობენ, რადგან არ იციან, როგორ მიექციონ აღსაზრდელთა ყურადღება, როგორ მოიქცნენ ამ ბავშვებთან. მშობელი დიდი ძალისხმევის შედეგად ახერხებს ბავშვის ბაღში მიყვანას, მაგრამ ბაღი საჭირო სერვისებს ვერ იძლევა და უფრო დიდი პრობლემა იჩენს თავს.  სპეციალისტები არ არიან, მასწავლებელები კი მინიმალურს აკეთებენ.  მართალია,  იმსხვრევა სტიგმები და სტერეოტიპები, მაგრამ საზოგადეობა არ არის მზად ყველა ბავშვი მიიღოს ისეთი, როგორიც  არის. ნაწილი საზოგადოებისა გარემოს შეცვლას კი არა, ამ ბავშვების გადააკეთებას და თავის თავზე მორგებას ცდილობს. ცნობიერების და პროფესიონალების ამაღლების კუთხით გვაქვს ბევრი სამუშაო.  სხვა მშობელთა მიერ გამოთქმული პრეტენზიაც ხშირია. არ უწევენ თანადგომას, მხოლოდ სიბრალულს იჩენენ. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს ხედვამ კარგი ფონი შექმნა, რადგან ყველა სკოლა გახდა მიმღებელი“,–აღნიშნავს ნატო ქობულაძე.

მიმღებ სკოლათა რიცხვში არ არიან ე.წ. „პრესტიჟული სკოლები“, გამონაკლისი მხოლოდ პირველი საჯარო სკოლაა, რომელმაც პროგრამაში ჩართვის სურვილი ბოლო პერიოდში გამოთქვა და ერთ ბავშვს უწევს შესაბამის მომსახურეობას. „პრესტიჟულ სკოლებში“ პროგრამის არარსებობას ისევ და ისევ საზოგადოების დამოკიდებულებას უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ ეს სკოლები „ეტლს“ და „განსხვავებულს“ ჯერ კიდევ გაურბიან.

საბავშვო ბაღებში სპეციალისტების სიმცირეს არ ადასტურებენ აიპი „ბაგა–ბაღების გაერთიანებაში“ ამბობენ, რომ ბაღებში ჯერჯერობით შეზღუდული შესაძებლობის მქონე 25 ბავშვი ჰყავთ, თუმცა აქედან რამდენია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე,  ცალკე დათვლილი არ აქვთ.

გვყავს აუტიზმის მქონე აღსაზრდელები, ჩვენი საბავშვო ბაღების კარი ღიაა მათთვის. ჩვენი მიზანია შევძლოთ მათი მაქსიმალური ინტეგრაცია სოციუმთან და გარემოსთან ადაპტირება. ისინი ჩართულები არიან ყველა პროცესში. მონაწილეობას იღებენ აქტივობებსა და პრეზენტაციებში. საბავშვო ბაღის ფსიქოლოგები მათთან ინდივიდუალურ მეცადინეობებს ატარებენ, აწარმოებენ კვლევას, რომლის მიხედვითაც გეგმავენ შემდგომ აქტივობებს, აკვირდებიან მათი განვითარების ხარისხს. გარდა ამისა, მათთან დამატებით მუშაობენ დღის ცენტრების ფსიქოლოგები, რომლებიც თავის მხრივ კონსულტაციას უწევენ ჩვენს ფსიქოლოგებს და ყველა იმ პირს, ვისაც აუტიზმის მქონე ბავშვებთან აქვთ ურთიერთობა. საბავშვო ბაღების ფსიქოლოგებს გავლილი აქვთ სასწავლო კურსი და აქვთ მზაობა, თუ როგორ უნდა იმუშაონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებთან. დაგეგმილი გვაქვს ტრენინგ-კურსები ფსიქოლოგთათვის, რომლებიც აამაღლებს მათ ცოდნას კონკრეტულად აუტიზმის შესახებ,“–აღნიშნავს  მეთოდკაბინეტის კოორდინატორი ნუნუ ფერაძე.

 

პრობლემას სამედიცინო  დაწესებულებაში ნეიროფსიქოლოგის სერვისის არარსებობაც ქმნის.  ინტერვენციული ჩარევა და დროული დიაგნოსტირება არ ხდება. შემდგომი დიაგნოსტირება კი შედეგის მიღწევას აგვიანებს. ვინაიდან მშობელთა ნაწილი კიდევ მალავს ბავშვს, არ და ვერ მიჰყავს ბაღში, შესაბამისად, ბაღები ზუსტ მონაცემებს ვერ იძლევიან.  რამდენი ბავშვია აუტისტური სპქტრის აშლილობის მქონე ქუთაისში, ზუსტი მონაცემები  ჯერ კიდევ არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საჯარო სკოლებში  ჯამში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 6 ბავშვი ჰყავთ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა