|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“დასაქმების ფორუმი” - მითი თუ რეალობა

   ვიდრე მოსახლეობა დაპირებულ 100 ქარხანას იპოვის, დასაქმება ქვეყანაში ნომერ პირველ პრობლემად რჩება. ხელისუფლება, რომელიც ინვესტორების მოზიდვასა და  სამუშაო ადგილების შექმნას  ვერ ახერხებს, გამოსავალს დასაქმების ფორუმის მოწყობასა  და პიარ აქციებში ხედავს.

დასაქმების ფორუმი ჯანდაცვის სამინისტრომ წელს მოერედ ჩაატარა. ხელისუფლების დავალებით,   აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 76 დამსაქმებელი  შეიკრიბა. დასაქმების მსურველები კი გრძელ რიგებში ჩადგნენ.

აკაკი  წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტში   დასაქმების  ფორუმი  სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა სოფრომაძემ გახსნა.  დასაქმების მსურველთა შანსებს  ადგილზე თვალს ადევნებდნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი  გივი ჭიჭინაძე. დასაქმების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ინტერნეტით  რეგისტრაცია 1300-მდე ადამიანმა გაიარა.  მათ  ვინც  ინტერნეტით  დარეგისტრირება ვერ შეძლეს, რეგისტრაციის  ადგილზე გავლის საშუალება მიეცათ. რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი  გასაუბრება იყო. დამსაქმებლები პოტენციურ თანამშრომლებს ადგილზე ეცნობოდნენ.

როგორც სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ფორუმზე აღნიშნა, დასაქმების მსურველთაგან ნაწილს იმ  დღესვე  დაასაქმებდნენ.

"წელს ფორუმში მონაწილეობას 70-მდე კომპანია იღებდა. მოხარული  ვართ,  რომ  ასეთი  წარმომადგენლობითი  ფორუმი იყო. ღონისძიებაში  განათლების და  მეცნიერების  სამინისტროც  მონაწილეობს.  ვფიქრობთ,  ეს  ფორუმი ისეთივე წარმატებული  იქნება, როგორც წინა",- განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.  

რამდენი  ადამიანი დასაქმდა შარშან და რამდენი წელს,  ამის დადგენა, ჩვენი მცდელობის მუუხედავად,  ჯერ ვერ შევძელით. კითხვაზე,  რეალურად დასაქმდნენ თუ არა მაძიებლები? - პასუხია, „დიახ!“ თუმცა ამ ადამიანების სახელსა და გვარს და დასაქმების ადგილს არავინ ასაჯაროებს.

"ახალი გაზეთი" შეეცადა ადგილობრივი კომპანიების დონეზე დაედგინა დასაქმებულთა რაოდენობა.   კომპანია „ნაზარაშვილის კლინიკა“ ერთ-ერთი პირველი იყო , რომლის ადმინიტრაციამაც  თავად განაცხადა, რომ „დასაქმების ფორუმის“  ფარგლებში 3 ახალგაზრდა დაასაქმა.  მათგან ორი  წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი, ხოლო ერთი ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 

„დასაქმების ფორუმის ფარგლებში სამი ახალგაზრდა დავასაქმეთ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, სტუდენტი სალომე ხუბუტია, სტუდენტი ხონიდან,  თეო კაკაჩია და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ზესტაფონელი,  ქეთევან ვარდოსანიძე. ისინი კლინიკაში სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმდნენ“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა მერაბ კვიცარიძემ.

დასაქმების  ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება სოციალურად დაუცველებზე და საპატიმროებიდან განთავისუფლებულ პირებზე, რომ გაკეთდებოდა, აანონსებდა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა სოფრომაძე: "სამუშაოს მაძიებლების მხრიდან ფართო სპექტრია წარმოდგენილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი სოციალურად დაუცველი ადამიანების და სასჯელაღსრულების სისტემიდან, საპატიმროებიდან ახლადგამოსული ადამიანების დასაქმებაა", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.  თუმცა,  სოფრომაძის განცხადების საწინააღმდეგოს მეტყველებდა წარმოდგენილი კომპანიების ვაკანსიები, რომლებიც არც მეტ-არც ნაკლები ექიმებს ეძებდნენ.

შეთავაზებები მათთვის, რომ არ იყო, თავშივე აღნიშნავდნენ  რეგისტრაციაგავლილი მოქალაქეები. "ჩვენს სხვა მოლოდინი გვქონდა, აქ კი სხვა სიტუაცია დაგვხვდა. ექიმებს ეძებენ და ჯერ კურსების გავლას ვერ მოვასწრებთ",-ხუმრობდნენ ფორუმზე მყოფნი.

ამასთან ერთად  დასაქმების მოლოდინში არიან ისინი, ვინც საბუთები დამსაქმებელს უკვე  ჩააბარეს. „მე ბანკების წარმომადგენლებს შევხვდი, რამდენიმე მათგანთან დავტოვე ჩემი მონაცემები, მითხრეს, რომ დამირეკავენ.“,- ამბობს ხატია ფარცხალაძე.

სექტემბრიდან ახალ სამსახურს ელოდება გვანცაც.  „საბანკო სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი. რამდენიმე  კომპანიასთან დავტოვე ჩემი მონაცემები. გავესაუბრე დამსაქმებლებს. უფრო, ალბათ, ფიზიკური სამუშაო სადაც არის, იმ მიმართულებით იქნება დასაქმება. მაგრამ მეც ვლოდები  ზარს“, - ამბობს გვანცა.

დასაქმების პროცენტული მაჩვენებლის გაზრდას აუცილებლობად მიიჩნევს იმერეთის გუბერნატორი.  გივი ჭიჭინაძის  თქმით,  დასაქმების ფორუმი დასაქმების პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებს.

"ქვეყანაში  დასაქმების პრობლემაა,  ამიტომ  ეს  ფორუმი  მნიშვნელოვანია.  წარმოდგენილი იყო  სხვადასხვა  კომპანიები და ვიმედოვნებთ, 300-მდე  ადამიანი  მაინც  დასაქმდება",- განაცხადა   ჭიჭინაძემ.

რამდენად გამართლდება გუბერნატორის მოლოდინი ჯერჯერობით უცნობია, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო შედეგებს ამ დრომდე აჯამებს. სამინისტროში განაცხადეს, რომ  „დასაქმების ფორუმზე“ დასაქმებულთა რაოდენობას უახლოეს დღეებში მოგვაწვდიან.

"ნიუპრესი" აგრძელებს თემაზე მუშაობას, შედეგები მკითხველისათვის ინფორმაციის გასაჯაროებისთანავე გახდება ცნობილი.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა