|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ტენე“ პირველი ქართული ეკომეგობრული კაბელი

ტენე“ პირველი ქართული წარმოების USB კაბელია, რომელიც მეორადი გამოყენების ბოთლის თავსახურებისგან მზადდება. ეს სოციალური საწარმო 2019 წელს სანდრო ლილუაშვილმა შექმნა. „ტენე“ მოხალისეების დახმარებით პლასტმასას აგროვებს, ამუშავებს და USB კაბელებს ამზადებს.

 

სანდრო თავიდან USB კაბელებს ჩინეთში ბრენდავდა და „ამაზონის“ საშუალებით ჰყიდდა. მოგვიანებით ბიზნესი საქართველოში გადმოიტანა და გადავწყვიტა, საკუთარი წარმოება  დაეწყო: - „ქართველი მომხმარებლის გულშემატკივრობას, მხარდაჭერას ვგრძობდით. ადამიანები ჩვენს USB კაბელებს იმიტომ ყიდულობდნენ, რომ ქართული ბრენდის  იყო და სწორედ ეს გახდა ერთერთი მიზეზი, რამაც საქართველოში, ქართული USB კაბელების წარმოება გადაგვაწყვეტინა. დავიწყეთ ქარხნის აწყობა. დასაწყისში ბევრ სირთულეს წავაწყდით, პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში მიწევდა მუშაობა. დღეს კი, საქართველოს ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებისთვის ვიბრძვით“ - გვიყვება სანდრო ლილუაშვილი.

 

შემდეგ ეტაპზე, „ტენემ“ წარმოებაში მეორადი პლასტმასას გამოყენება გადაწყვიტა და  მისი შეგროვება დაიწყო. სანდროს მიზანი, გარდა იმისა, რომ პირველი ქართული წარმოების USB კაბელები შეექმნა, ასევე პლასტმასას შეგროვებით გარემოში მისი რაოდენობის შემცირებაც იყო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, USB კაბელების  დასამზადებლად მეორადი პლასტმასა გამოეყენებინა. მისი თქმით, საზოგადოება ნაკლებად იაზრებს, რამდენი პრობლემის გამოწვევა შეუძლია გარემოს პლასტმასდაბინძურებას:

   

„საქართველოში ნარჩენები დღემდე ნიადაგში იმარხება, რაც ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ამ პირობებში სამოქალაქო და ბიზნესის აქტიურობა, რომ თავად დავიცვათ გარემო და კი არ დავმარხოთ ნიადაგში, შევძლოთ მათი მეორადად გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობამ ჩვენი ეს ინიციატივა მალევე აიტაცა და პლასტმასას შეგროვების მასშტაბები სწრაფად გაიზარდა. აუცილებელი გახდა ნარჩენების მართვა და დავიწყეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ფიქრი“ – გვიყვება „ტენეს“ დამფუძნებელი.

 

როგორც იგი აღნიშნავს, ევროკავშირის დახმარება საწარმოს სწორედ ამ დროს დასჭირდა. ევროკავშირის დაფინანსებით, სოციალური გავლენის ფონდის -  აქციოს (Actio) დახმარებით, ნარჩენების მართვის შესაძლებლობა მიეცა:

 

 „ტენეს“ განვითარებისთვის ევროკავშირმა გრანტის სახით 40 000 ევრო გადმოგვცა, რომლითაც შევიძინეთ პლასტმასას საპრესი აპარატი და სამი დანადგარი. ამ დანადგარებმა წარმოების შესაძლებლობები გაგვიფართოვა; ასევე, შევიძინეთ ორი დიდი ზომის სატვირთო სექციის მქონე ავტომობილი, რაც დიდი რაოდენობით პლასტმასას საწარმომდე ტრანსპორტირებაში გვეხმარება“, - ამბობს სანდრო ლილუაშვილი.

 

გარდა გრანტის სახით ფინანსური დახმარებისა, „ტენესთვის“ 10 000 ევროს ოდენობით 0%-იანი სესხიც გაიცა, რომლითაც სკოლებში მწვანე ურნები დაიდგა  და საწარმომ 3D პრინტერები შეიძინა.

 

ტენეახალგაზრდების მხარდაჭერასა და მათში ეკომეგობრული პრინციპების სწავლებასაც ემსახურება. სკოლის მოსწავლეებისთვის სპეციალურ შეხვედრებს აწყობს და გადამუშავების თემებზე აწვდის ინფორმაციას; მოსწავლეებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს საწარმოშიც მასპინძლობენ და თავადვე ამზადებინებენ კაბელებს ბოთლის თავსახურებიდან.

 

“გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტებსა და სკოლებში დგას მწვანე ურნები და ახალგაზრდები ერთვებიან ამ ინიციატივაში, ასევე, ვატარებთ აქციებს, ვარიგებთ „ტენეს“ USB კაბელებს საჩუქრად იმ მოხალისეეებისთვის, რომლებიც შეაგროვებენ 50 თავსახურს ან 50 ბოთლს. ასევე, ვაწყობთ შაბათობებს ახალგაზრდებისთვის და აქაც გადავცემთ ხოლმე საჩუქრებს. ჩვენთანაც მოდიან ადამიანები, მოაქვთ პლასტმასა და სანაცვლოდ ვურიცხავთ ქულებს. ამ ქულებით შესაძლებლობა აქვთ,  ჩვენივე პროდუქცია შეიძინონ და მიიღონ ფასდაკლებები. იმდენად კარგად იმუშავა ამ კამპანიამ, რომ თითქმის ყოველდღიური ხასიათი აქვს”, — გვიყვება სანდრო.

   

„ტენეს“ მწვანე ურნები 100-მდე სკოლასა და უნივერსიტეტში, 200-მდე კერძო კომპანიასა თუ ორგანიზაციაშია განთავსებული. რომელთა რომელთა ჩართულობითაც თვეში 6-7 ტონა პლასტმასას შეგროვება ხერხდება. შეგროვებული პლასტმასა შემდეგ საწარმოში მიაქვთ, რომელიც წეროვანის დევნილთა დასახლებაში მდებარეობს. შეგროვებულ ბოთლის თავსახურებს სპეციალურ დანადგარში ყრიან დასამუშავებლად. შედეგად დაქუცმაცებულ მასას იღებენ. ეს მასა ათამდე დანადგარში მაინც ხვდება და სანამ USB კაბელად იქცევა, კიდევ რამდენიმე პროცედურას გადის.

 

„მეორადი პლასტმასას გამოყენება გადავწყვიტე წარმოებაში და ჯამში იმხელა მასშტაბი მიიღო, წარმოება ნარჩენების მართვის მენეჯმენტად გარდაიქმნა. ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეუძლია კომპანიას დანერგოს მსგავსი ეკოლოგიური მიდგომები, იზრუნოს არა მარტო თავის წარმოებაზე, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეც აკეთოს. ევროკავშირის საქმიანობას საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს. წლიდან წლამდე იზრდება იმ მეწარმეების რაოდება, რომლებიც სწორედ ევროკავშირის დახმარებით აღწევენ წარმატებებს და ქმნიან წარმატებულ მაგალითებს“ - ამბობს სანდრო ლილუაშვილი.

   

იმ შემთხვევაში, თუ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენც გადაწყვეტთ ნიადაგიდან ბოთლის თავსახურებისა და პლასტმასას ამოთხრას, ან გამოყენებული ბოთლების შენახვას, მათი მიწოდება „ტენესთვის“ შესაძლებელია იმ ორგანიზაციებისა თუ სკოლების დახმარებით, სადაც მწვანე ურნებია განთავსებული, ან შეგიძლიათ, მიიტანოთ თავად საწარმოს ოფისში (სოხუმის ქუჩა 4ა, თბილისი). 

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.54%
გაუარესდა - 52.07%
არ შეცვლილა - 12.4%
სულ - 121 ხმა