"თუ ნანა კოსტავა არ დატოვებს საკრებულოს, მოგიწოდებთ, ღიად გამოუცხადოთ ბოიკოტი"
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს სამოქალაქო აქტივისტები შეხვდნენ. მათი მიზანია, საკრებულოს წევრებთან კომუნიკაციის შედეგად გაერკვნენ, ნანა კოსტავა გამონაკლისია, თუ მის პოზიციას სხვა დეპუტატებიც იზიარებენ.
საკრებულოს მხრიდან შეხვედრას უმრავლესობის 14 დეპუტატი ესწრება.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დეპუტატებს კითხვით მიმართეს, იზიარებენ თუ არა ნანა კოსტავას პოზიციას და თვლიან თუ არა, რომ მან უნდა დატოვოს საკრებულო?
"თუ ნანა კოსტავა ერთი დღის ვადაში არ დატოვებს საკრებულოს, მოგიწოდებთ, თქვენ ღიად გამოუცხადოთ მას ბოიკოტი", -განაცხადა სამოქალაქო აქტივისტების სახელით გიზო ბანძელაძემ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო აქტივისტები გააგრძელებენ აქციას.
საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, ნანა კოსტავამ პირველ ეტაპზე საკრებულოს დატოვების მზაობა გამოხატა, თუმცა მან გადაწყვეტილება შეცვალა.
"ვაფიქსირებ, რომ მე არ ვაპირებ ფრაქციაში მასთან ერთ მუშაობას"-განაცხადა ნიკა ლატარიამ. მისი თქმით, მისი კოლეგები იზიარებენ ამ პოზიციას, თუმცა არ აქვთ ბერკეტი, რომ ნანა კოსტავას საკრებულო დაატოვებინონ.
შეხვედრაზე აქტივისტებმა დეპუტატებისგან პოზიციის პერსონალურად დაფიქსირება მოითხოვეს, რაზედაც, ლატარიამ პირველმა განაცხადა, რომ ის არის მომხრე, ნანა კოსტავამ დატოვოს საკრებულო. როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, თავმჯდომარემ განცხადება გუნდის სახელით გააკეთა, თუმცა განმარტავენ, რომ მათ არ აქვთ ზეწოლის უფლება.
საკრებულოს წევრის ლაშა გვენატაძის განმარტებით, საკრებულომ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა და ისინი ნანა კოსტავას საკრებულოს დატოვებას ვერ მოსთხოვენ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას განცხადებით კი, მანდატს რომელსაც ქალბატონი ნანა ფლობს, კანონი იცავს.
განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა საკრებულოს წევრმა ალეკო ახალაძემ, რომლის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოება ნანა კოსტავას აბულინგებს, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა.
შეგახსენებთ, ნანა კოსტავა ამ დრომდე საკრებულოს დეპუტატია, მან ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მისი წასვლის მოთხოვნით აქციებიც გაიმართა.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















