|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვალსაჩინო და შეუმჩნეველი ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთაისში

ქუთაისის 70 მილიონიანი ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. რეგიონლური განვითარების ფონდმა ქუთაისში გზების, ხიდების, ფასადების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცისათვის 15 მილიონი გამოყო.  ქალაქის თვითმმართველობა აქტიურად ცდილობს გადმორიცხული თანხა სრულად აითვისოს, თუმცა ერთდროულად გამოცხადებული ტენდერები და მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მოსახლეობის თავსატეხი გახდა. მოსახლეობის  განცხადებით, გადათხრილმა ქუჩებმა მათ  პრობლემები შეუქმნა, ვერ ახერხებენ ტრანსპორტით გადაადგილებას. აღნიშნულმა საკითხმა შეაფერხა ტურისტული ორგანიზაციების მუშაობაც, რადგან ტურისტულ ძეგლებამდე მისასვლელი გზა თითქმის მთელი ზაფხული გადაკეტილი იყო.

მიუხედავად მიმდინარე სამუშაოებისა, ქუთაისში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე საუბარი უჭირს საკრებულოს „ნაციონალ“ დეპუტატს,  დავით გოგისვანიძეს.   საკუთარი  მოსაზრების გასამყარებლად და შესრუებული სამუშაოების შესაფასებლად ის „მთავარ ინდიკატორს“- მოსახლეობის შეფასებას იშველიებს.    დეპუტატი თვითმმართველობის საქმიანობის შესაფასებლად NDI –ის კვლევას ეყრდნობა.  მისი თქმით,  კვლევამ  ნათლად აჩვენა  ქუთაისელი  მოსახლეობის დამოკიდებულება, რომლის თანახმად,  ქალაქის ხელისუფლებას თვითმმართველობის საქმიანობის არასწორად წარმართავს.

„მე ყოველთვის ვენდობოდი NDI –ის კვლევას. ქუთაისი რომ ამაყობს,  თითქოს პირველი თვითმმართველობაა პროექტების განხორცელებით,  არ უნდა დაავიწყდეთ, რომ  გამოკითხულთა 72%–ს მიაჩნია, რომ თვითმმართველობა ქალაქს არასათანადოდ მართავს. ყველაფრის  ინდიკატორი არის ხალხი, მისი  განწყობა და შეფასება. დღეს კი მოსახლეობის შეფასება ინფრასტრუქტურული სამუშაოების მხრივ არის დაბალი“, –აღნიშნავს დავით გოგისვანიძე.

დეპუტატის თქმით,   „ქალაქს 13 მილიონის დახარჯვის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების არაფერი ეტყობა.  ყველაზე თვალშისაცემი პროექტი,  რაც განხორციელდა,  არის „საგზაო კუნძულები“, რაც პირუტყვის დეფაქტო საძოვრები გახდა. გასაკვირია, რომ ამას ხელისუფლება არ ხედავს.  რაც შეეხება სხვა პროექტებს, რა განხორციელდა? გზები გადათხრილია, რაც არასწორად დაგეგმილი ტენდერების შედეგია. ასევე იმის გამო, რომ კომპანიები ნაკისრ ვადებულებებს ზედმიწევნით არ ასრულებენ. გვახსოვს გელათის ქუჩა, სადაც მოსახლეობამ რამდენჯერმე გამართა აქცია,  ძლივს მივიდნენ იქამდე, რომ ერთი პირი საფარი გადააგეს. მთავარი პროექტი, რაც მიმდინარეობს არის  წყლის, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაიწყო და 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა  2015 წელსაც არაა დასრულებული.  მთავრობა ხალხს ახალ პროექტებს პირდებოდა, მაგრამ ყველაფერი ჩვენს მიერ დაწყებული გააგრძელეს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ჩვენ დროს კარგად ხორციელდებოდა, ახლა ცუდად“,- აცხადებს გოგისვანიძე.

ოპოზიციონერი დეპუტატი პარკირების ყბადაღებულ საკითხსაც ეხება:  „შპს „პარკინგსერვისს“ ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გადაურიცხეს.  ამასთან ერთად აცხადებენ, რომ პარკირების ფული არ იკრიბება. თუ წელს არ იმუშავებს, რატომ გადაურიცხეს თანხა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად?  ჩვენ ყველა სამუშაოს მონიტორინგს განვახორციელებთ და მხოლოდ ჩასაფრებულის პოზიციაში არ ვიქნებით“, –განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ.

ქალაქში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე   საუბარი უჭირს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოგი წულაიას. თუმცა   რასაც გადაჭრით  ამბობს,  არის ის, რომ  თანხის ნაწილი ქალაქის პირველი პირების ჯიბეში მიდის.

"მე  ვერ ვიხსენებ ვერცერთ ღირებულ და მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც განხორციელდა.  ცხრასართულიან კორპუსებთან ასფალტის დაგება ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის. უფრო შორს უნდა იხედებოდეს მთავრობა და მომავალზე ფიქრობდეს, ზრუნავდეს საწარმოს გახსნაზე, რომ ხალხი დასაქმდეს და აქედან შემოსული ფულით აწესრიგებდნენ ინფრასტრუქტურას.  მაგრამ რას გააკეთებენ, როდესაც ქალაქს თავისი ქონება არ აქვს. ბიუჯეტიც დოტაციაზეა. ამის პარალელურად კი მერიამ კრედიტი აიღო და  ამის გამო გადათხრილია მთელი ნიკეას ქუჩა. გააკეთეს „კუნძულები“ და მთელი რუსთაველი შუაზე გაყვეს.  ქალაქი მანქანებით ივსება და ნაცვლად იმისა,  ფიქრობდნენ,  გზები როგორ გააფართოვონ,  ესენი აპატარავებენ. ეს ყველაფერი ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. არაფერი ახალი ქალაქში არ გაკეთებულა. ფასადებს და შიდაგზებს მიშა სააკაშვილიც კი აკეთებდა, თან  გაცილებით მეტს, ვიდრე ესენი. რაც მთავარია ფულის მოტეხვაზე არიან გადასულები. ამ ვითომდა პროექტებით მხოლოდ მურღულია და მიქიაშვილი დარჩებიან მოგებულები"–განაცხადა წულაიამ.

ოპონენტების მოსაზრებას არ ეთანხმება მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. მალხაზ ბასილაძის განცხადებით,  წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის პროექტი განხორციელდა და იმ ქუჩების ათვისებაც ხდება, რომელთა რეაბილიტაციაც წლების განმავლობაში არ მომხდარა. მიმდინარე წელს მოწესრიგდა თამარ მეფის ქუჩა სრულად, დასასრულს უახლოვდება გელათის ქუჩის რეაბილიტაცია და მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 7 მილიონის ფარგლებში უკვე დაიწყო სამუშაოები ნიკეას ქუჩაზე, რომელიც შესაძლოა ქალაქის შემოსასვლელი ქუჩა გახდეს.

„წელს 47 გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადდა ტენდერი. ნაწილზე დასრულდა,  ნაწილზე კი მიმდინარეობს სამუშაოები. ეკონომიების ხარჯზე  იმ ქუჩებზეც შევედით, რომელთაც წლები კი არა,  საუკუნეები არ ჩატარებიათ რეაბილიტაცია. აშენდა ორი ბაღი, სამის მიშენება მოხდა, მოწესრიგდა ფასადები და შიდა გზები, გაკეთდა უსაფრთხოების კუნძულები.  კი, იყო ხარვეზები რამდენიმე ქუჩაზე, მაგრამ ჩვენ თავზე ვადექით მუშებს, რომ თავიდან აგვერიდებინა პრობლემები, მაგრამ იდეალური სიზუსტით ვერ კეთდება ხოლმე, პროექტიც ვერ იქნება იდეალური, მაგრამ თუ ვხედავთ, რომ პრობლემაა შემსრულებელებს ვასრულებინებთ სამუშაოებს. იგივე შპს „გზას“, რომელმაც ყაზბეგის ქუჩაზე შეასრულა სამუშოები და ვადაგადაცილების გამო დღიურად 650 ლარს იხდიდა ჯარიმის სახით. რაც შეეხება ეკონომიებს, ეს არ ხდება რაიმეს დაკლების ხარჯზე, სამუშაობის შესრულებისას ირკვევა, რომ ზოგიერთი ქუჩა რაღაც სამუშაოებს არ საჭიროებს, ჩვენ ზუსტად ვახდენთ შესრულებულის აღრიცხვას და იმ სამუშაოს გამო, რომელიც არ განხორციელებულა ვაკლებთ კომპანიას თანხას, მსგავსი ეკონომიით მცირე ქუჩების რეაბილიტაციას ვახდეთ. იყო პრობლემები შესრულების მხრივ, მაგრამ ეს წყლის გამო ხდებოდა, „კობრა“ აგვიანებდა სამუშაოებს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. ასე, რომ ინფრასტრუქტურული პრექტების შესრულების მხრივ პრობლემა არ არის და ვისაც დანახვა უნდა ხედავს ამას“, –განაცხადა ბასილაძემ.

ბასილაძის განცხადებით, 15 მილიონიდან ჯამში პროექტებზე 13 487 000 ლარის ათვისება მოხდება. დარჩენილი თანხა რეგიონული განვითარების სამინისტრომ უკან წაიღო. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იმედოვნებს, რომ მომავალი წლისათვის მერია გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებს. ქალაქმა რეგიონული განვითარების სამინისტროს კი 2016 წლისთვის 22 მილიონიანი პროექტები წარუდგინა, რაშიც სხვადასხვა პროექტები, მათ შორის საბინაო და აუზის რეკონსტრუქცია შედის, ასევე გზების მოსაწესრიგებლად დამატებით 6 მილიონიანი გეგმა წარადგინეს.

ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც  2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს, გაირკვა, რომ  რეგიონების განვითარებისთვის  280 მილიონი ლარია განსაზღვრული. აქედან რა თანხა ერგება ქუთაისს  ინფრასტრუტურის მოსაწესრიგებლად,  წლის ბოლოს გახდება ცნობილი, 

  როგორც ჩანს,   ინფრასტრუქტურული პროექტების ბუმი ქუთაისში  მომავალ წელსაც გაგრძელდება.   საკანალიზაციო სისტემის  მოწესრიგებისათვის   ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა 100 მლნ ევრო გამოყო. ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ლასლო ბარანიაიმ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე"  განაცხადა.   შოთა მურღულიამ აღნიშნული პროექტი უკვე  შეაფასა, როგორც „პარლამენტის მშენებლობაზე დიდი პროექტი“.  მისი თქმით,  აღნიშნულ თანხაში ქალაქში კანალიზაციის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.  თუმცა რამდენ წელს გასტანს ეს პროექტი და რამდენ ხანს მოუწევთ ადგილობრივებს გადათხრილ და მტვრიან ქალაქში ცხოვრება, ამის თქმა წინასწარ ძალიან ძნელია.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა