|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წარმატებული კომპანიის "წარუმატებელი" შედეგები

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქუთაისში პროტესტის მიზეზი არაერთხელ გახდა. მოსახლეობასთან ერთად დროში გაჭიანურებულ სამუშაოებს პარტია "თავისუფალი საქართვლოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეც აპროტესტებს. გოგი წულია უბნებში სისტემატიურ აქციებს მართავს და ხელისუფლებას საქმის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

  შენიშვნების ობიექტი თურქული კომპანიაა "smk" არის, რომელიც "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერაა დაქირავებული.  კომპანია წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს 80 მილიონის ფარგლებში ახორციელებს.

სამუშაოები ამ დროისათვის ქალაქის რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს, რის გამოც მოსახლეობა შექმნილს დისკომფორტს უჩივის. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ახალი მილების გაყვანის შემდეგ ტესტირებისათვის  გარკვეული დროის გასვლა  არის საჭირო.  დაუსრულებელი სამუშაოების გამო მოსახლოება  ქალაქის მერიას ადანაშაულებს და მონიტორინგის გამკაცრებას ითხოს.

"თუ ვერ ასრულებენ, რაღას იწყებენ? გადათხარეს მთელი ქალაქი და მიატოვეს, რად უნდა ამდენი დრო გზის საფარის გადაგებას. ფალიაშვილზე გადათხარეს ქუჩა, აყარეს ქვაფენილი და რამდენიმე თვე დატოვეს. არავინ შეწუხებულა იმის გამო, რომ აქ სავაჭრო ობიექტებია და მოვაჭრეების რთულ მდგომარეობს ესეც დაუმატეს. მოსახლეობას ქალაქში გასვლა შეაზარეს. ყველგამ მტვერი და ტალახია", – განაცხადა ვოვა ბიწაძემ.

ქალაქში მიმდინარე სამუშაოები მოსწონს, თუმცა შესრულების ხარისხს იწუნებს შალვა ყურაშვილი. მისი განცხადებით, ერთი და იგივე გზა რამდენჯერმე კეთდება, რისი მიზეზიც ხელისუფლების მიერ გაუკონტროლებელი სამუშაოებია.

"გზა რომ დასრულდება, მერე ამოწმებენ და თავიდან თხრიან.  ვერ ხვდებიან, რომ მუშაობის პროცესი გააკონტროლონ, რომ მერე აღარ დაჭირდეთ განმეორებით კეთება. წყლის მილების შემოწმებას დრო ჭირდებაო,  თვეობით არის მიტოვებული, როგორ დავიჯერო, სხვა ქვეყნებში მილების შეცვლას ამდენ დროს ანდომებენ და ასე თვეობით არის გზები გადათხრილი? დრო არაა მთავარი,  მთავარი უყურადღებობაა, რომ არავინ ინტერესდება მოსახლეობის პრობლემებით.  რომ აწუხებდეთ თავიანთი მოსახლეობა,  ყველაფერი დროულად დასრულდებოდა",–განაცხადა შალვა ყურაშვილმა. 

დაგვიანებული სამუშაოების გამო საქმის შესწავლას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს გოგი წულაია. მისი განცხადებით, კომპანია ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს,  რადგან მერია მონიტორინგს არ ახდენს.

"ვაგრძელებთ ციკლს, "დაუსრულებელი სამუშაოები ქუთაისში" და ერთ–ერთი უბნის, ავანგარდის პრობლემაზე ვსაუბრობთ, სადაც წყალგაყვანილობის სამუშაოები თურქულმა კომპანიამ შეასრულა, თუმცა, როგორც ჩვევიათ,  მიატოვეს გზა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნება. ადგილობრივ ხელისუფლებას არ აწუხებს ქუთაისელთა ბედი, როგორ გადაადგილდებიან და რა პირობებში არიან მათივე დაუდევრობის გამო. მოვითხოვ მოხდეს შესწავლა და დამნაშავეების დასჯა",–განაცხადა წულაიამ.

გოგი წულაიას განცხადებით, მიზეზი, რის გამოც  მერია კომპანიის მუშაობას არ აკონტროლებს, იქ ქალაქის მერის მამის ლევან მურღულიას  დასაქმებაა.  

წულაიას ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს "smk"–ს დირექტორის მოადგილე უნსალ იუზერეროღლუ.  

"სამუშაოები რეგულარულად მიმდინარეობს, მაგრამ რადგან ქუთაისი ძველი ქალაქია, არ ვიცით, მიწის ქვეშ რა სიურპრიზი დაგვხვდება, ამიტომ ნელ–ნელა გვიხდება სამუშაოების შესრულება, რომ არ მოხდეს სხვა ქსელის დაზიანება, რაც რთული პროცესია. ხელშეკრულება ითვალისწინებს მთლიანი სამუშაოების 2018 წელში დასრულებას, რაც შეეხება უბნებს, აქ არ არის ვადები, რადგან ჩვენ მერიასთან ერთად ვმუშაობთ და რა ქუჩაზეც მერია ასრულებს თავის სამუშაოს, ვცდილობთ იმ ქუჩაზე მოვახდინოთ წყალგაყვანილობა, რომ არ მოგვიხდეს ქუჩის მეორედ გადათხრა. რაც შეეხება ავანგარდს, ერთ კვირაში დაიგება გზის საფარი, დროში იმის გამო გაიწელა, რომ შესრულებულ სამუშაოებს დატესტვა სჭირდება", –განაცხადა უნსალ იუზერეროღლუმ. მისივე თქმით, ქუჩებზე სამუშაოებს ცუდი ამინდები აფარხებს. რაც შეეხება ლევან მურღულიას თანამშრომლობას, კომპანიის წარმოამდგენელი გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ლევან მურღულია წარმატებული თანამშრომელია და ის თანამდებობაზე შვილის ხათრის გამო არ დანიშნულა.

მაშინ, როდესაც ქუთაისის წყალმომარაგების მუშაობის გამო მოსახლოება უკმაყოფილოა, თავად ცენტრი საუკეთესოდ დასახელდა და მისი გამოცდილების გასაზიარებლად 10 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა. ვიზიტი აზიის განვითარების ბანკის მიერ დაიგეგმა.  წარმომადგენლის განცხადებით, ქუთაისის ცენტრი მისი წარმატებული საქმიანობის გამო შეირჩა.

"აზიის განვითარების ბანკის" წევრი ქვეყნები ჩამოვიყვანეთ ქუთაისში, რადგან ამ ქალაქში ჩვენი დაფინანსების ფარგლებში გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხები გათვალისწინებულია იმგვარად, რომ გამოყენებული იქნეს სხვა ქვეყნების მიერ, როგორც საუკეთესო პრაქტიკა.  აქ მიმდინარე პროცესები შეესაბამება სტანდარტებს,  რომელიც გვინდა, რომ გავავრცელოთ სხვა ქვეყნებში, მათ შორის მანილაში, სადაც  ჩატარდება ცენტრალური ვორქშოფი და იქნება წარდგენილი, როგორც მაგალითი სხვა ქვეყნებისთვისაც", – განაცხადა ინდირა სიმბოლოუმ.

"გაერთიანებული წყალმომარაგების" კომპანიის მეირ შერჩეული კომპანიის გამო ქუთაისელების პრეტენზიებს არ იზიარებენ არც კომპანიასა და არც ქუთაისის მერიაში. ორივეგან აცხადებენ, რომ პრეტენზიები გაზვიადებულია. ასევე მოუწოდებენ მოქალაქეებს პრეტენზიების შემთხვევაში საჩივრების კომისიას მიმართონ, რომელიც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ფუნქციონირებს. თუმცა საგულისხმოა ის, რომ არსებული კომისიის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია არ აქვთ.

წყალმომარაგების სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ქალაქს წყალი უწყვეტად მიეწოდება. ქსელის მოწესრიგებასთან  ერთად წყალსაცავის რეაბილიტაციაც მოხდება, რის შემდეგაც, როგორც ქალაქის მერი პირდება მოქალაქეებს,  ქუთაისის მარადიული პრობლემა დასრულდება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა