|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყაზახეთში სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს საპროტესტო აქციაში მონაწილე ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ალმათის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ადასტურებს. მისი თქმით, მიმდინარეობს გარდაცვლილთა იდენტიფიცირება.

მისივე ცნობით, აღნიშნული პირები პოლიციის დეპარტამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ.

რაც შეეხება სამართალდამცველი და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან მსხვერპლს, დაღუპულია რვა და დაშავებულია 317 თანამშრომელი.

გასული ღამის განმავლობაში ალმათიში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თოყაევმა აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და მათი თავდასხმა ყაზახეთზე აგრესიის ფაქტად შეაფასა, ქალაქის ქუჩებში სამხედროები და ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.

დილის საათებში კი ალმათის მერიასთან სროლის ხმა ისმოდა. მოგვიანებით, სამხედროებმა რესპუბლიკის მოედანს ალყა მოხსნეს და ტერიტორია დატოვეს. ასევე, ღამის განმავლობაში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიერ დაკავებული ალმათის აეროპორტის გათავისუფლება შეძლეს.

ნურ-სულთანში კი ვითარება შედარებით მშვიდია. სახელმწიფო დაწესებულებები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა. ქვეყანაში კვლავ გათიშულია ინტერნეტი. ფუნქციონირება შეწყვიტეს ბანკებმა.

გვიან ღამით ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერებს მიმართა. მალევე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს ხელმძღვანელობს, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება გამოაცხადა.

უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ყაზახეთი.

როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური აღნიშნავს, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების სამშვიდობო კონტინგენტები სპეციალურად მომზადებული სამხედრო, საპოლიციო და სამოქალაქო პერსონალისგან შედგება“. ყაზახეთში უკვე კოლექტიური სამშვიდობო ძალები შედიან. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა