|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არასამთავრობოები ბიუჯეტის პროექტის განსახილველად მეტ დროს ითხოვენ

ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს არასამთავრობო სექტორი გაეცნო. ბიუჯეტის განხილვა მერიის ინიციატივით გაიმართა. სხდომას ქუთაისის ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე ესწრებოდა. მან დეტალურად განიხილა ბიუჯეტის პროექტი და მასში შეტანილი ცვლილებები.

ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კოორდინატორმა ზურაბ ზამბახიძე, განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტი განმეორებით 10 დეკემბრამდე უნდა გადაგზავნოდა საკრებულოს. სწორედ  ამ ვადების ამოწურვას უკავშირებს ორგანიზაციის განცხადებას, რომელიც 8 დეკემბერს გამოქვეყნდა.

„ვინაიდან ბიუჯეტის პროექტი მეორედ საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა გადაგზავნოდა და ვადები იწურებოდა, ამიტომ გააკეთა ჩვენმა ორგანიზაციამ განცხადება, რომ არ მოხდა საჯარო განხილვა. თუმცა მისასალმებელია, რომ ჩვენი განცხადების შემდეგ დაიგეგმა ეს შეხვედრა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს, გვაქვს რიგი შენიშვნები, თუმცა დღეს პირველად ვისმენთ  ცვლილებებს, ამიტომ ჯერ ვერ შევაფასებთ. ერთადერთი რაც მოგვწონს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაა. კარგი იქნება, თუ არასამთავრობოებს ბიუჯეტის პროექტის განსახილველად მეტი დრო გვექნება,“-განაცხადა ზურაბ ზამბახიძემ.

ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაცია „საე“-ეს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ლევან ოყრეშიძის განცხადებით, მოსწონს, რომ შემცირებული ხარჯები ინფრასტრუქტურუს პროექტებზე გადანაწილდება. თუმცა, აღნიშნავს, რომ შენიშვნა  ქონების გადასახადის 10-ჯერ შემცირებასთან დაკავშირებით აქვს. 

ქონების გადასახადის შემცირებას არ ადასტურებს კონსტანტინე ქავთარაძე. არგუმენტად კი 2017 წლის ბიუჯეტში ქონების გადასახადით მისაღები თანხის ზრდას ასახელებს.

"ვერ ვხვდები, როგორ არის შემცირებული ქონების გადასახადი? მიმდინარე წელს ქონების გადასახადიდან შემოსავალი 5 650 000 ლარია, მომავლ წელს კი, 10 700 000 ლარი იქნება“,-განაცხადა ქავთარაძემ. მისი თქმით, მომავალ წელსაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაახლოებით 10 მილიონი გაიხარჯება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალაქს ჩამოცილდა საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსა“ და თეატრების დაფინანსება.

ბიუჯეტის პროექტს საკრებულო 25 დეკემბრამდე დაამტკიცებს. 2017 წლის ბიუჯეტმა 51 572 800 ლარი შეადგინა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა