|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამარცხვინოა საუბარი, რომ ჯერ მაკდონალდსი ავაშენოთ, შემდეგ ეკლესია და სასტუმრო"

 იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და ქუთაისის ექსმერი თემურ შაშიაშვილი ქუთაისში,  დავით აღმაშენებლის მოედანზე "მაკდონალდსის" მშენებლობას ეწინააღმდეგება. 

"საქართველოში ფულისა და ფულიანთა ძალაუფლებაა, ამის მაგალითი ქუთაისში ქალაქის ისტორიულ ნაწილში, დავით აღმაშენებელის მოედანზე მაკდონალდსის ტიპური პროექტით მშენებლობის ნებართვაა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას ქალაქის მერი, საკრებულო,  ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები დაეთანხმებოდნენ.  გული მწყდება, რომ ამას ეგუება ინტელიგენცია“, -აცხადებს თემურ შაშიაშვილი. მისი აზრით,  შემაშფოთებელი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის დუმილი, დამაფიქრებელია მეუფე კალისტრატეს თანხმობა.

„სამარცხვინოდ ჟღერს საუბარი იმაზე, რომ ჯერ მაკდონალდსი ავაშენოთ, მერე ეკლესია და სასტუმრო. არქიტექტორებიც გააჩუმეს?-კითხულობს ის.

შაშიაშვილი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას „ხელისუფლებისაგან დანიშნულს“ უწოდებს. მისი თქმით, ჭყონიამ  თბილისში შოთა რუსთველის ძეგლი წაბილწა, ახლა ქუთაისში იგივეს  უკეთებს დავით აღმაშენებლის მოედანს.

შეგახსენებთ, თემურ შაშიაშვილმა "მაკდონალდსის" მშენებლობასთან დაკავშირებით პოზიცია საკითხის გაჟღერებისთანავე დააფიქსირა.

 საკითხი არაერთხელ გააპროტესტეს საზოგადოების წარმომადგენლებმა, თუმცა მათმა აქტივობამ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ კომპანიამ ქუთაისში განსახორციელებელი პროექტის თავდაპირველი ვარიანტი და ფერები შეცვალა.   

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე