|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძის ბიურო ქუთაისის მერიას უპირისპირდება

ქუთაისში გუბაზ სანიკიძის ბიურო  მერიას უპირისპირდება. დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის, ამირან ვაშაკიძის განმარტებით, საქმე  მერიის მიერ გაცემულ  არქიტექტირულ ნებართვებს ეხება. 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწებოდნენ, დეპუტატის ბიურომ 2 შემთხვევა  გაასაჯაროვა, რომლის დროსაც  აშკარა დარღვევები გამოიკვეთა. აღმაშენებლის ქუჩაზე დაწყებული მრავალსართულიანი კორპუსის  და ცენტრალურ ბაზარში ღია ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ორსაუკუნოვან სახლს საფრთხეს უქმნის, მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მშენებლობა ორივე შემთხვევაში შეჩერებულია, თუმცა ადგილზე სამუშაოები მაინც გრძელდება.

აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა დეპუტატის ბიუროს სამეზობლოშია, რის გამოც ქუთაისის მერია ამ საქმეს „სამეზობლო დავად“ განიხილავს. ამირან  ვაშაკიძის მტკიცებით, რაშიც ის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ეყრდნობა, აღნიშნულ ადგილზე მხოლოდ 14 მეტრის სიმაღლის სახლის მშენებლობაა დასაშვები. მერიის მიერ გაცემულ ნებართვაში კი 19 მეტრი და 90 სმ-ს აშენების უფლებაა მიცემული.

  ვაშაკიძე კითხულობს, რატომ მოხდა, რომ გაიცა დასაშვებზე  2 სართულით მეტი შენობის აშენების ნებართვა. „ამ საკითხზე სამი თვის განმავლობაში მაქვს დიალოგი არქიტექტურის სამსახურთან. მივმართე სასამართლოს, რომელმაც შეაჩერა მშენებლობა, მაგრამ მშენებლობა მაინც გრძელდება და თან ფორსირებული ტემპით, ისე, რომ არ ხდება მშენებლობის ნორმების  დაცვა და ცხადია, ეს შენობა არ იქნება უსაფრთხო.  ამის გამო ხდება ჩემზე ზეწოლა. მეუბნებიან, რომ მე დამაჯარიმებენ, გამოგონილი დარღვევის გამო. ამას პირდაპირ მიცხადებს ბაქარ ჭეიშვილი.“

ბრალდებას უარყოფა მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის  სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი. მისი თქმით, სახლი შენდება 2 ქუჩის კვეთაზე.  სამხარაულის ბიუროს დასკვნა  არსებობს ვეტერანების ქუჩიდან, ხოლო აღმაშენებლის ქუჩიდან 21 მეტრამდე შეიძლება აშენდეს სახლი.

ჭეიშვილის მტკიცებით, დავა არის არა მერიასა და ვაშაკიძეს შორის, არამედ ეს არის სამეზობლო დავა:  „აღნიშნულ ქუჩაზე მშენებლობის  ნებართვა  გაიცა ივნისში. სანამ ნებართვა გაიცემოდა, ვაშაკიძე  ჩიოდა, ადმინისტრაციულ დავაში იყო ჩართული, მას  არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს(?) ეს მშენებლობა მდებარეობს 2 ქუჩის კვეთაზე და რაც არის პარამეტრები, არის სრული კანონის ფარგლებში გაცემული. მე მგონი, ეს არის სამეზობლო დავა და უნდათ მერია ჩართონ ამაში. მშენებლებმა უჩივლეს ვაშაკიძეს და ადგილზე მისულებმა გავარკვიეთ, რომ მას მშენებლობა ნაწარმოები აქვს სახელმწიფო მიწაზე, უკანა ეზოში, ყოფილი ბალკონი ამოშენებული აქვს, რაც  არის ასევე დარვევა. მან 2 თვის განმავლობაში მან უნდა გაასწოროს ეს დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება.“  

რაც შეეხება შპს "ფარის" ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობას, ჭეიშვილის თქმით, ესეც შეჩერებულია. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით კი სამსახურის უფროსი აცხადებს, "თუ მშენებლობა  მაინ გრძელდება, მერია არაფერ შუაშია, ეს აღსრულების ბიუროს საკითხია".

ამირან ვაშაკიძე საკითხით დაინტერესებისაკენ ქუთაისის  საკრებულოს მოუწოდებს და სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა