|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასამართლომ ევროსაბჭოს რეზოლუცია მტკიცებულებად არ მიიღო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის  სასამართლო  პროცესი გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ მოითხოვა დამატებით მტკიცებულებად  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია, სადაც საუბარია პოლიტიკურ დევნაზე, კონკრეტულად კი მერაბიშვილისა და ახალაიას საქმეში.
აღნიშნული მოთხოვნა გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც უარის თქმის მოტივად პროცესის დამასრულებელი ეტაპი დაასახელა.
,,იმისათვის, რომ დოკუმენტი, საქმეში მიღებული იქნას, როგორც მტკიცებულება, საჭიროა მისი გამოკვლევა, ხოლო დღეს სასამართლო მუშაობს რეპლიკების რეჟიმში და ამ პროცესში, უბრალოდ შეუძლებელია, რაიმეს კვლევა განხორციელდეს“ - განაცხადა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა.
სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული იქნა ბრალდების მხარის მოთხოვნა.
ჭიაბერაშვილისა და მისი ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების წნეხის ქვეშაა და მათ დავალებული აქვთ გამოიტანონ ის განაჩენი, რა განცხადებაც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გააკეთა -,,მერაბიშვილი ზის ციხეში და იჯდება კიდეც“
პროცესი დაახლოებით ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, განაჩენი კი ხვალ 11სთ-ზე გახდება ცნობილი. ჭიაბერაშვილის განცხადებით ის არ აპირებს განაჩენის გამოცხადებაზე დასწრებას.
როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, ისინი იმედოვნებენ, რომ სასამართლო გაითვალისწინებს მათ შუამდგომლობას და ივანე მერაბიშვილის განაჩენი დარჩება უცვლელი, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს საჯარიმო ღონისძიება შეეცვლება და შეეფარდება პატიმრობა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა