|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნების გამო  შეშფოთებას გამოთქვამს. სამინისტროს  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.  „2015 წლის 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნა, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები. სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებით სროლებში. სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები - (ПЗРК) Игла, საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსები - Тунгуска, საზენიტო საარტილერიო კომპლექსები Шилка, საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300В, Стрела-10, Тор და Оса. სულ საველე წვრთნაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული მორიგი ქმედება,” - ნათქვამია განცხადებაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა