|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კარგი მენეჯერი არქიტექტორთან ერთად ძალიან კარგად იმუშავებს"- რუსუდან ჩინჩალაძე

ქუთაისის მერიაში არქიტექტურის სამსახური ისე გაუქმდა, რომ მერიამ „მთავარი არქიტექტორი“ ვერ იპოვა. ვაკანტურ პოსტზე წლების განმავლობაში მოვალეობის შემსრულებელი მუშაობდა. მერის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ბოლოს დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახური გაუქმდა და ააიპად ჩამოყალიბდა.

ქუთაისის მერიაში ახლადშექმნილ ააიპს „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო“ რუსუდან ჩინჩალაძე ხელმძღვანელობს. ჩინჩალაძეს ამ დრომდე სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის პოსტი ეჭირა. რუსუდან ჩინჩალაძე  პროფესიით იურისტია. როგორც მან „ნიუპრესთან“ საუბრისას განაცხადა, ააიპის მიზანი სერვისების გამართული მუშაობაა, რასაც კარგი მენეჯერი სჭირდება.

 „ჩამოყალიბდა ააიპი, სამსახურის გაუქმება გამოიწვია სერვისების  მოქალაქეებზე ორიენტირებულობამ. გვინდა, გავხდეთ მობილურები და სწრაფები და ამის საშუალებას გვაძლევს სააგენტო, რომელიც ახლა შევქმენით. ბევრი სამუშაოა,  ვგეგმავთ სიახლეებს და მოგვიანებით ეტაპობრივად გავავრცელებთ. მთავარი ამოცანაა, სწრაფად გავაკეთოთ ხარისხიანი პროექტები. ეს სამსახურის ფარგლებშიც იყო შესაძლებელი, მაგრამ ერთი ფანჯრის პრინციპი არ არსებობდა და მუშაობა ჭიანურდებოდა, ამიტომ ახლა ამ პრინციპით პრობლემები მალე მოგვარდება“, - განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ.

 კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, იურისტმა წარმატებით უხელმძღვანელოს არქიტექტურის ააიპს, პასუხობს, რომ მთავარი გამართული მენეჯმენტია, ასვეე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მთავარი არქიტექტორის ძებნა, რომელიც მისი მოადგილის პოსტზე დაინიშნება.

„როდესაც ამ პოზიციაზე მივიღე შემოთავაზება, ეს კითხვები მეც დავსვი ხელმძღვანელობასთან და საკუთარ თავთანაც, მაგრამ არის მეორე საკითხი, ჩვენ ვგეგმავთ და გვეყოლება მთავარი არქიტექტორი, მაგრამ  საკითხავია, არის თუ არა მთავარი არქიტექტორის ყოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუ მნიშვნელოვანია ის, რომ შემოსულ პროექტებს მივცეთ არსებობის საშუალება და რომ არ იფიქროს მხოლოდ ერთმა არქიტექტორმა, როგორი პროექტები უნდა იყოს ქალაქში? გააჩნია, ვინ როგორ უყურებს ამ საკითხს. მე პროფესიით იურისტი ვარ და იმ ფუნქციებს, რაც ამ სააგენტოში მექნება, სრულიად აკმაყოფილებს ჩემი კვალიფიკაცია და გამოცდილება. 2010 წლიდან დავიწყე სახელმწიფო შესყიდვების ძალიან რთული პროგრამის დანერგვა  ქუთაისის მერიაში და საქართველოში ერთ-ერთი წარმატებულია ჩვენი სახელმწიფო შესყიდვები და თუ იგივე ტემპებით ჩავუდგებით სააგენტოს, მივაღწევთ მიზნებს და გამართული სერვისები გვექნება.  ვთვლი, რომ უნდა იყოს ერთიანი ხედვა და  მთავარ არქიტექოტორთან ერთად, უნდა გვქონდეს განვითარების გეგმა, რომელიც ქალაქში ყველა მიმდინარეობას დაალაგებს. როგორც აღვნიშნე,  მიმდინარეობს არქიტექტორის ძიება,  მაგრამ ეს არ უშლის ხელს სააგენტოს ამ ეტაპზე მუშაობაში.

 მოადგილის შტატი იქნება, როგორც არის ხოლმე სხვა სტრუქტურებში,  გვყავს მენეჯერი და ამასთან, პროფესიით გვყავს კადრები. ჩემი აზრით,  სწორი გადაწყვეტილებაა ხელმძღვანელობის მხრიდან საკადრო ცვლილების ამ სახით წარმოდგენა. გვყოლია არქიტექტორიც, მაგრამ დიდი სხვაობა, არქიტექორი იყო ხელმძღვანელი თუ სხვა პროფესიის, არ ყოფილა. მახსოვს , სამსახური იყო აწყობილი,  მობილური და მოქნილი, როდესაც ხელმძღვანელი არ იყო არქიტექტორი. ეს იმდენად სპეციფიური საქმეა და იმდენად ბევრი ბიუროკრატიული საფეხურია გასავლელი სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომ ეს ორი ერთად იყოს ადამიანში,  ცოტა იშვიათია. ძალიან კარგი მენეჯერი არქიტექტორთან ერთად ძალიან კარგად იმუშავებს“, - განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ. მისი თქმით, არქიტექტორის ძებნის პროცესში თავად არ არის ჩართული.

ააიპში ადმინისტრაციის გარდა, 15 ადამიანი დასაქმდება, ისინი მერიის არქიტექტურის სამსახურთან დაქვემდებარებულ უწყებებში მუშაობდნენ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი