|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ლეიბი დაშალეს და ბამბა ჩააბარეს, რომ ორი მცირეწლოვანი გამოეკვებათ“

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებ, მსხვილიძეების ოჯახს წელიწადზე მეტია ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე უწევს ცხოვრება. სოციალურად დაუცველები არიან, თუმცა დახმარების ასაღებად ქულები არ ეყოთ. ოჯახში ორი მცირეწლოვანი იზრდება, რომელთაც არა მხოლოდ განათლების მიღების,  არამედ წესიერად გამოკვების საშუალებაც კი არ აქვს.   სოციალური პრობლემების გარდა მსხვილიძეების ოჯახს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვთ. ბავშვების დედა ვერ მუშაობს, რადგან  მძიმედ არის დაავადებული, მამას კი ფსიქიკური პრობლემები აქვს.  ბავშვების გამოკვებაზე  ძირითადად მეზობლები ზრუნავენ.

„ძალიან რთულ პირობებში უწევთ ბავშვების აღზრდა. ბოლოს სახლს მოაჯირი მოხსნეს და ის ჩააბარეს, რომ  ბავშვებისთვის პური ეყიდათ.  არანაირი დახმარება არ აქვთ. იმის გამო,რომ სახლი აქვთ, სოციალური დახმარება ვერ მიიღეს. ამ სახლში კი არაფერი დევს, ყველაფერი გაყიდეს.   ლეიბი დაშალეს და ბამბა ჩააბარეს, რომ ორი მცირეწლოვანი გამოეკვებათ“,- აღნიშნა მსხვილიძეების მეზობელმა ფრიდონ თევდორაძემ.

როგორც "ნიუპრესს"  მსხვილიძეების მეზობლებმა განუცხადეს, ოჯახს დახმარება სჭირდება, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში მისვლას და განცხადების დაწერას ვერ ახერხებენ. "იქნებ თქვენი დახმარებით ხმა მივაწვდინოთ ყველას, ვისაც მათი დახმარება შეუძლია",-განაცხადეს მათ.

როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, პრობლემას მოიკვლევენ და  ოჯახს შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა