|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოვითხოვ, ან გამოაქვეყნეთ დოკუმენტი, ან მომიხადეთ ბოდიში"

საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ლელა ქელბაქიანმა საკრებულოს წევრის ნატო ქათამაძის ბრალდების საპასუხოდ ვრცელი წერილი დაწერა, სადაც დაწვრილებით პასუხობს კოლეგის ბრალდებებს. ქელბაქიანი ქათამაძეს  თავად სდებს ბრალ  სიცრუის გავრცელებაში და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. "მოვითხოვ, აუცილებლად გამოაქვეყნოთ, ჩემი რომელიმე სხვა პარტიის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროდ, თქვენთვის ჩვეული „სამართლიანობის“ პრინციპის დაცვით, მომიხადეთ ბოდიში ცრუ ბრალდებებისათვის"-აცხადებს ქელბაქიანი.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიისიის თავმჯდომარის განცხადებით, ნატო ქათამაძე გადაუმოწმებელ და დაუზუსტებელ ფაქტებს ავრცელებს: "2016 წლის ბიუჯეტის პროექტი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკრებულოს წარუდგინა 13 ნოემბერს, და არა 15 ნოემბერს, როგორც ქალბატონმა ნატომ ბრძანა".

  ქელბაქიანი მორიგ სიცრუედ კი  ქათამაძის იმ განცხადებას მიიჩნევს, რომლის თანახმად, კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ მისთვის არ შეუტყობინებიათ.  ქელბაქიანის განმარტებით, შეტყობინება კომიისისს სხდომის ჩატარების შესახებ ქათამაძეს ისევე, როგორც სხვა დეპუტატებს ელექტრონულად გაუგზავნა: "19 ნოემბერს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა წერილობით მოგვმართა ყველა კომისიას, 25 ნოემბრამდე დაგვესრულებინა 13 ნოემბერს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის განხილვა. შესაბამისად, 19 ნოემბერსვე კომისიის ყველა წევრს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გადავუგზავნე ამჯერად უკვე რიგგარეშე კომისიის სხდომის დღის წესრიგი, რომელიც ჩანიშნული იყო 20 ნოემბერს, დღის 3 საათზე. შესაბამისად, ქალბატონი ნატოს ბრალდება, თითქოსდა კომისიის თავმჯდომარემ არ გააფრთხილა კომისიის რომელიმე წევრი, არის უსაფუძვლო, რაც იოლად შეიძლება გადამოწმდეს, ვინაიდან სისტემა ინახავს ყველა მიმოწერას თარიღებისა და ადრესატების მინიშნებით. საკრებულოს ყველა დეპუტატი, მათ შორის ნატო ქათამაძეც, უკვე 6 თვეა ამ სისტემის მეშვეობით იღებს ამომრჩეველთა წერილებს და ყველა ოფიციალურ დოკუმენტაციას. შესაბამისად, ქათამაძის არაინფორმირებულობას ორი შესაძლო ახსნა აქვს: 1. ის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ნაკლებად ზრუნავს საკუთარ ამომრჩევლებზე, მათი მიმართვების განხილვაზე, რადგან მთელი დღის მანძილზე არ გადაამოწმა პირადი კორესპონდენცია, ან 2. მან უბრალოდ არ იცის ამ სისტემის გამოყენება, რაც უკვე მისი კომპეტენტურობის პრობლემაა", -წერს ქელბაქიანი.

თავის წერილში ის პარტიამონაცვლეობის საკითხსაც ეხება და ქათამაძის პასუხად, რომელმაც მას "ათასპარტიაგამოვლილი" უწოდა, აცხადებს:  "18 ნოემბერს ქალბატონი ნატო ქათამაძე საჯაროდ უარს აცხადებდა, აქაოდა არარსებული ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ხოლო 20 ნოემბერს ის უკვე ასევე საჯაროდ აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარემ საშუალება არ მისცა იგივე პროექტის განხილვაში მონაწილეობის მიღებისა. და როდისაა გულწრფელი ქალბატონი ნატო? რამდენად მისაღებია პოლიტიკოსი ქალბატონისაგან პოზიციების ასე სწრაფი და რადიკალური ცვლილება? ალბათ, გასაკვირი აღარ უნდა იყოს მისი პოლიტიკური გემოვნების მკვეთრი ცვლილებაც - ლეიბორისტული პარტიიდან რესპუბლიკურ პარტიამდე. ცხადია, მას ნამდვილად აქვს მორალური უფლება ისაუბროს ჩემს „ათასპარტიაგამოვლილობის“ საკითხზე მაშინ, როდესაც მთელი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი პარტიის - „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიყავი. ქალბატონო ნატო, დროა ფუჭი საუბრიდან ფაქტებით დადასტურებულ, არგუმენტირებულ მსჯელობაზე გადახვიდეთ და სწორედ ახლა გაქვთ მშვენიერი შანსი ამისათვის. მოვითხოვ, აუცილებლად გამოაქვეყნოთ, ჩემი რომელიმე სხვა პარტიის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯაროდ, თქვენთვის ჩვეული „სამართლიანობის“ პრინციპის დაცვით, მომიხადეთ ბოდიში ცრუ ბრალდებებისათვის".

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა