|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია გოქაძე:"პარკირებიდან შემოსული ნახევარი მილიონი ლარი კონკრეტული პირების ჯიბეებში ჩადის"

 არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელი  გია გოქაძე ქუთაისის  მერიას მორიგ ბრალდებას უყენებს,  ამჯერად  ის პარკირების კორუფციულ სქემაზე საუბრობს. გოქაძე მიიჩნევს, რომ პარკირებიდან წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი შემოდის, რომელიც კონკრეტული პირების ჯიბეებში ჩადის. ,,ორი წლის განმავლობაში "ქართული ოცნება"  ძირითადად დაკავებული იყო   მათი მომხრეების დანიშვნით და მაგალითად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად როგორიცაა პარკირება,  არაფერი გაუკეთებია, ამ ბიზნესში ძალიან დიდი შავი ფული ტრიალებს და შემაშფოთებელია ის  ფაქტი, რომ ქალაქის ვიცე მერმა ნოდარ   მიქიაშვილმა  ამ ბიზნესის არაეგალურობა საკუთარ განცხადებაში აღიარება. ამას მოჰყვა ქალაქის მერის პინგ-პონგის თამაში საკრებულოს სხდომაზე, სადაც თქვა რომ მან იცის, სად მიდის ეს შავი ფული",-აცხადებს გოქაძე. მისი ბრალდებები უფრო შორსაც მიდის. ის ქალაქის მერს ბრალს დანაშაულის დაფარვაში სდებს და მას "ნარცისიზმით შეპყრობილ ცუდ ბიჭს" უწოდებს: "თუ მერმა იცის, სად მიდის ეს შემოსავლები, ეს არის დანაშაულის დაფარვა, ან მას არ შეუძლია ელემენტარული პასუხისმგებლობა აიღოს ქალაქზე და საერთოდაც,  15 ივნისს  მოქალაქეებმა აირჩიეს ქალაქის პირველი პირი, მაგრამ მათ  ხელში შერჩათ ნარციზიმმით დაავადებული, ბოღმიანი  ცუდი ბიჭი“.

გოქაძის ბრალდებებს ბრალდებებითვე უპასუხა ქუთაისის მერის მოადგილემ, კოტე ქავტარაძემ და აღნიშნა, რომ შავი ფული თუ სადმე ტრიალებს,  ეს ყოფილმა ხელისუფლებამ უკეთ  იცის: ,, პროცესი მხოლოდ იმიტომ  გაჭიანურდა, რომ  რომ მთავრობამ ქონების  განკარგვის ახალი წესი შემოიღო, რომლის თანახმადაც მიწის ნაკვეთების ღირებულება ექსპერტების დასკვნის საფუძველზე უნდა გაკეთდეს, ამაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და გამარჯვებულმა კომპანიამ უახლოეს პერიოდში უნდა მოახდინოს  პარკირებისთვის განკუთვნილი 254 ადგილის ღირებულების განსაზღვრა,  რის შემდეგაც პარკირების აუქციონი გამოცხადდება.“ განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

     

ავტორი: ეკა შალამბერიძე