|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმრავლესობა პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას სთხოვს

ხვალ, 9 ნოემბერს, დაგეგმილი პლენარული სხდომა პარლამენტში აღარ გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, ბიუროს სხდომაზე მიიღო. სხდომის გადადების მიზეზად უმცირესობის ბოიკოტი და დღის წესრიგის არარსებობა დასახელდა.  უმრავლესობა პრეზიდენტს მომავალ კვირაში, სამშაბათს, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს. 

 „ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს. ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განხილვა, რადგან ამას  თავისი ვადები აქვს. ამ სხდომაზე ასევე განიხილება პარლამენტის ახალი წევრების უფლებამოსილების   ცნობისა და სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხები.  ბატონმა დავით ბაქრაძემ ბრძანა, რომ ეს ის საკითხია, რომელიც უმცირესობის მონაწილეობით უნდა იხილებოდეს. იმედი მაქვს, სამშაბათის სხდომას, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნება მოწვეული, პრეზიდენტი კი მათი პოლიტიკური ლიდერია, ისინი დაესწრებიან ,“ - ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის სესია მიმდინარე კვირაში, ოთხშაბათს, საპარლამენტო უმცირესობის პროტესტის გამო ერთხელ უკვე გადაიდო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაში „ნაციონალები“ ვერ მოხვდნენ, რაც მათ უმრავლესობის მხრიდან უმცირესობის უფლების დარღვევად ჩათვალეს და  პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. მოგვიანებით, კი საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური პოლიციის შესვლასა და ყოფილი მაღალჩინოსნის, ბაჩო ახალაიასა და გენშტაბის უფროსის  დაპატიმრებასთან დაკავშირებით საპარლამენტო ცხოვრებას დროებით, ბოიკოტი გამოუცხადეს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა