|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტში რექტორის გადარჩევას ითხოვენ

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები რექტორის გადარჩევას და ამ მიზნით არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

პროფესორ–მასწავლებლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, წინასაარჩევნოდ განხორციელებული ზეწოლა აკადემიურ პერსონალზე,  ტექნიკური თანამშრომლების ხელოვნური გაზრდა, საუნივერსიტეტო პროცესების  არადემოკრატიული პრინციპებით მართვა, სასწავლო პროგრამების აკადემიური დონისა და სწავლის ხარისხის გაუარესება –  ეს იმ ძირითადი ბრალდებების ჩამონათვალია, რომელსაც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ღავთაძეს ამავე უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები უყენებენ.

ლექტორ–მასწავლებლები უნივერსიტეტისათვის ავტონომიურობის მინიჭების ინიციატივითაც გამოდიან.  "გვინდა სამართლიანი,  დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს უნივერსიტეტის რექტორის ასარჩევად. უნივერსიტეტში ავტონომიის მინიჭების პროცესები სწორედ,  ამით უნდა დაიწყოს", – განაცხადა  უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულმა პროფესორმა ირაკლი ცხვედიანმა.

უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლების განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნით უახლოეს მომავალში ისინი საქართველოს განათლების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს მიმართავენ. მოთხოვნებს უერთდებიან: ინგლისურ–ფილოლოგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა თოფურია, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თამარ ლომთაძე და ჰუმანიტარულ–სოციალურ–მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი  ვასილ ფერაძე.

"ვემიჯნებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში წინასაარჩევნოდ გამოკვეთილ რევანშისტულ ტენდენციებს, ვინაიდან ამგვარი ტენდენციების გაღვივება კიდევ უფრო გააღრმავებს პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა პოლიტიკური ნიშნით დაყოფას", – განაცხადეს უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა.

უნივერსიტეტის ლექტორები პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზეც საუბრობენ, რომელიც მათივე თქმით, წინასაარჩევნოდ აკადემიურ პერსონალზე ხორციელდებოდა. "ამის ფაქტი არის უნივერსიტეტის ლექტორი მანანა მიქაძე“, – აღნიშნა  ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა  პროფესორმა თამარ ლომთაძემ.

ლექტორებმა დღეს  ე.წ. შავ სიაზეც ისაუბრეს, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ივსებოდა. პროფესორ–მასწავლებლების განმარტებით, ის ლექტორი,  რომელიც  ყოფილი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე არ წავიდოდა ე.წ. შავ სიაში შეჰყავდათ, რომელსაც  უკეთეს შემთხვევაში ემუქრებოდნენ.

ლექტორ–მასწავლებლების განმარტებით, ამ დრომდე სასწავლებელში მიმდინარე პროცესებზე ღია ვერ საუბრობდნენ. "იმიტომ, რომ შიში იყო და გარდა ამისა,  აზრი არ ჰქონდა პრეტენზისა გამოთქმასა  თუ შენიშვნის მიცემას", – აღნიშნავენ  უნივერისტეტის პროფესორები.

"გასულ კვირას გვქონდა შეხვედრა რექტორთან და  მისი პასუხები  სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენთვის. რადგან, რექტორი არ აღიარებს, რომ მისი მოღვაწეობის დროს მიმდინარეობდა აკადემიური კადრების პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება. ამიტომაც, არანაირი სურვილი არ გვაქვს მასთან ისევ  შეხვედრის. თუმცა, პიროვნების მიმართ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს", – განმარტავს  სრული პროფესორი ირაკლი ცხვედიანი.

თავად, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე კოლეგების ბრალდებებს არ იზიარებს  და ამბობს, რომ: "ჩვენი უნივერსიტეტის  პოლიტიზირებაზე  საუბარი ცოტა უხეხრულია, რადგან პოლიტიკურ ნიშნით არავინ არ განთავისუფლებულა.  ჩემთვის გაუგებარია პროფესორ–მასწავლებების განცხდებები, როცა საუბრობენ კადრების გაზრდაზე, მაშინ როცა,  ფაკულტეტების და დეპარტამენტების  პირიქით, შეერთება მოხდა. რაც შეეხება, ტექნიკური თანამშრომლების გაზრდას – უნივერსტეტი მზარდი სისტემაა, სადაც ეტაპობრივად საჭირო კადრების დამატება ხდება", – განმარტავს  გიორგი ღავთაძემ.

უნივერსიტეტში ამდროისათვის 600 აკადემიური პერსონალია, ხოლო ტექნიკური პერსონალის რაოდენობა  – 850–ს შეადგენს.

პროფესორ–მასწავლებლების განმარტებით, განათლების მინისტრს მიმართვას მას შემდეგ გაუგზვიან, როცა თანამოაზრეთა ხელმოწერების შეგროვება დასრულდება. მათივე თქმით, ხელმოწერების შეგროვება გუშინ დაიწყო და  ამდროისათვის აღნიშნულ მიმართვაზე ხელს  10 ლექტორი აწერს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ღავთაძე  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად  2010 წლის სექტემბერში დაინიშნა. 2010 წლის ბოლო ჩატარებულ რექტორის არჩევნებზე ღავთაძეს კონკურეტი არ ყოლია. ის რექტორად 4 წლის ვადით აირჩიეს. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა