|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოების ტენდერი ჩავარდა

 ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული  ტენდერი  ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოების შესახებ ჩაიშალა.  წინადადების მიღების ვადა დღეს ისე ამოიწურა, რომ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთ კომპანიას გამოუთქვამს. 

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოებისათვის 582 001 ლარი იყო გათვალისწინებული.  ტენდერში გამარჯვებულს კი მდინარე ოღასკურას ერთი მონაკვეთის,  ივ. ჯავახიშვილის ქუჩიდან №32 საჯარო სკოლამდე, კალაპოტის მოწყობა ევალებოდა.  შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი 6 წლით განისაზღვრება.  

 მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი ადასტურებს, რომ ტენდერი არ შედგა, რაც მისი თქმით, არასასიამოვნოა, თუმცა, ამაში განსაკუთრებული არაფერია.  გამოცხადდება თუ არა ტენდერი განმეორებით იმავე პირობებით, ამის შესახებ ხიდაშელი აცხადებს, რომ ამ საკითხს განიხილავენ.

ოღასკურას ტენდერის მნიშვნელობასა და მისი  ჩაშლის შესაძლო მიზეზებზე საუბრობს საკრებულოს დეპუტატი "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანი. 

  "ყურადღებით ვადევდებდი თვალს აღნიშნულ პროექტს, რადგან ეს ქალაქისათვის მნიშვნელოვანი პროექტია, ეს პატარა მდინარე მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ქალაქს და საჭიროა ამ სამუშაოების დროულად შესრულება. ტენდერის პროცესის დროს შემსრულებლების მიერ შეკითხვები რამდენიმე მიმართულებით  ისმებოდა.  ვეჭვობდი,  რომ ეს ტენდერი შეიძლება ჩავარდნილიყო, რაც სამწუხაროდ  გამართლდა.  ეს კიდევ მიანიშნებს იმას, რომ ბევრი მოთხოვნა იყო არასწორად წარდგენილი"-აცხადებს მერაბ მეშველიანი. 

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი  ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების ვარდნის მაღალ მაჩვენებელზეც მიუთითებს და აცხადებს, რომ მერიის მხრიდან სწორად არ ხდება მოთხოვნების დაყენება, რაც იწვევს მნიშვნელოვანი პროექტების ჩავარდნას. 

"ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. ცხადია, ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდება, მაგრამ დროში გვიანდება", - აცხადებს ის. 

 შეგახსენებთ, გასულ წელს მდინარე  ოღასკურა ნაპირებიდან გადმოვიდა და ქალაქის მოსახლეობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა, დააზიანა ინფრასტრუქტურა.

 

"ოღასკურას პროექტი განხორციელებულიც რომ ყოფილიყო, ამ დონის ნალექს მაინც ვერ გაატარებდა"

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა