|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერ-მინისტრმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა

ქვეყნის მთავარ სატრანზიტო ავტომაგისტრალს კიდევ ერთი ჩქაროსნული 11-კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა. დღეს ბაში-დაფნარის მონაკვეთი გაიხსნა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო.  საგზაო მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ჩქაროსნული გზის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის გახსნის შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ქალაქ სამტრედიაში შესვლის გარეშე, გაცილებით კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.

„ამ გზის მეშვეობით მგზავრებს საშუალება ექნებათ გვერდი აუქციონ მჭიდროდ დასახლებულ სამტრედიას და უფრო სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ გააგრძელონ გზა. ეს არის კიდევ ერთი ქვეპროექტი იმ დიდი პროექტისა, რასაც საქართველოს სატრანზიტო ავტომაგისტრალის განვითარება ჰქვია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო სამუშაოებში. მადლობას ვუხდი კონტრაქტორ კომპანიას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელმაც კარგი მენეჯმენტი გაუწია ამ პროექტს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და მის გუნდს, ჩვენს პარტნიორებს- იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB)“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მოწესრიგებული და კომფორტული გზა მეტ შესაძლებლობას იძლევა ყველასთვის, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანასაც და ხალხსაც გაუჩნდება მეტი შემოსავლის წყარო.

"ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება, სატრანზიტო გზების განვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, მეტი სარგებელი მიიღოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობით და სატრანზიტო ფუნქციით. ამ გზით ისარგებლებს ყველა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ბიზნესმენები, ჩვენი პარტნიორი და მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, რაც საქართველოს მოსახლეობას მოუტანს მეტ შემოსავალს“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაში-დაფნარის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი მოიცავს ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის (24 კმ-იანი გზის) 9 კილომეტრიან და სამტრედია-გრიგოლეთის (11.5 კმ-იანი გზის) 2 კილომეტრიან მონაკვეთებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ბაშის კვანძიდან იწყება და არსებულ გზას დაფნართან უერთდება.

ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის გზის 9 კილომეტრიან მონაკვეთზე 2 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა დაიგო, აშენდა 5 ხიდი და გზაგამტარი. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დაფინანსებით კომპანია TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD -მა განახორციელა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა