|
  • EUR 1 = GEL 2.9405
  • USD 1 = GEL 2.4863
|

"ქუთაისი ყალიბდება, როგორც საქართველოს ცენტრი"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თერჯოლის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა. კვირიკაშვილი თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

”რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით, ყველაზე მთავარი მაინც ერთი რამ არის - ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ამას ვხედავ დღეს მე ზედა სიმონეთში და ეს არის ყველაზე მთავარი, ჩვენმა ერმა, ქართველმა ხალხმა შეძლოს კონსოლიდაცია, ერთად დგომა, ერთმანეთის მეტი სიყვარული და ჩვენი ქვეყნის წინ წაწევა. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია დახარჯული თანხები და ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგრამ ჩვენ ადამიანების გულები თუ არ გავაერთიანეთ, ვერანაირ შედეგს  მივიღებთ. სწორედ ამიტომ გილოცავთ დღევანდელ დღეს. გამართული ინფრასტრუქტურა, აღორძინებული ადგილობრივი ტრადიციული წარმოებები  მომზადებული ადამიანები და ამ ყველაფერთან ერთად ადამიანების განწყობა და სიყვარული ერთმანეთის არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ და სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, იმერეთს გააჩნია განსაკუთრებული შესაძლებლობა ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მისი გამორჩეული ადამიანებით და რა თქმა უნდა, გეოგრაფიული მდებარეობით.

”საქართველოს ინფრასტრუქტურული სივრცითი განვითარების პროგრამა მოიცავს ყველა რეგიონს, ყველა სოფელს და გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ყველა წერტილში ადვილი უნდა იყოს მისვლა და უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ის ძირითადი მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. იმერეთს გააჩნია განსაკუთრებული შესაძლებლობა ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მისი გამორჩეული ადამიანებით და რა თქმა უნდა, გეოგრაფიული მდებარეობით. ის არის დამაკავშირეებელი აღმოსავლეთის და დასავლეთის და ჩრდილოეთის და სამხრეთის. სწორედ ამიტომ, ქუთაისი ყალიბდება, როგორც ცენტრი საქართველოსი, საიდანაც საქართველოს ნებისმიერ წერტილში ძალიან მარტივი იქნება მისვლა. ეს რა თქმა უნდა, გულისხმობს ყველა ადგილას, მათ შორის ამ ულამაზეს ადგილას ტურიზმის შესაძლებლობის განვითარებას, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს ყველა ოჯახში უფრო მეტ შემოსავალს და უფრო წელმაგარ, წელგამართულ ქართულ ოჯახს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ სწრაფად ვანხორციელებთ ამ პროგრამას”, - განაცახადა პრემიერმა.

კვირიკაშვილის ინფორმაციით, თერჯოლაში 8 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა - 26 კილომეტრი გზა მოეწყო, თანამედროვე სტანდარტების 5 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, აღდგა გალერეა, საგამოფენო სივრცე.

”ჩვენ წინ გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამები. ყველაზე მთავარია ადამიანების მომზადება იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე ცხოვრებას და არა მხოლოდ ფეხი აუწყონ, არამედ საქართველოს მისცენ განვითარების ძალიან დიდი ბიძგი. სწორედ ამიტომ, ჩვენ პირველ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ განათლების სისტემის განვითარება. ეს არის უმაღლესი განათლება იმ მიმართულებებში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და პროფესიული განათლების პრესტიჟის აღდგენა და განვითარება. სახელმწიფო დღეს უზრუნველყოფს უფასო პროფესიულ განათლებას ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება”, - აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი: ნიუპრესი