|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ვასილ ამაშუკელის ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში, მწვანე ყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ქართველი რეჟისორი და კინოოპერატორი, პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი ვასილ ამაშუკელი გაიხსენეს.

ყოველი წლის 14 მარტს, მის დაბადების დღეს ცნობილი კინომცოდნე გოგი დოლიძე სტუდენტ-ახალგაზრდობასთან ერთად აღნიშნავს.

ვასილ ამაშუკელმა საფუძველი დაუდო ქართული კინოს ისტორიას, რომელიც ქუთაისიდან იწყება.

,,ვასილ ამაშუკელით იწყება ქართული კინოს ისტორია და თითოეული ქუთაისელისთვის საამაყოა ამაშუკელის წვლილი ქართულ კინო ინდუსტრიაში. დღეს ყველა ერთად პატივს მივაგებთ მის ხსოვნას,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმით “აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში ”, შეიძლება ითქვას, ქართული კინოს ისტორია დაიწყო.


ვასილ ამაშუკელი ქუთაისში, 1886 წლის 14 მარტს დაიბადა. დაამთავრა ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სასწავლებელი. შემდეგ, ბალანჩივაძის დახმარებით, მოსკოვის ერთ–ერთ სამხატვრო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა.

მოსკოვში გაეცნო 16 წლის ჭაბუკი "მეოცე საუკუნის საოცრებას" – კინემატოგრაფს და მისი თაყვანისმცემელი გახდა. 1903–1904 წლებში ვასილ ამაშუკელი გულდასმით გაეცნო საპროექციო აპარატურას კონოთეატრ "ელექტრიკში" და მალე დამოუკიდებლად დაიწყო კინოფილმების ჩვენება. ამავე დროს გაიტაცა ფილმის გადაღების ოცნებამ.

ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული ფილმებიდან შემოგვრჩა მხოლოდ მისი ერთადერთი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში 1912 წელს". ამ მოგზაურობაში ვასილ ამაშუკელი თან ახლდა აკაკი წერეთელს და ყოველ მნიშვნელოვან მომენტს იღებდა. სულ გადაიღო 1500 მეტრი ფირი, დამონტაჟების შემდეგ დარჩა 1200, დღეისათვის კი შემორჩენილია 544 მეტრი.

"აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში 1912 წელს", იმდროინდელი დოკუმენტური კინემატოგრაფის ერთ–ერთი საინტერესო ნაწარმოებია."აკაკის მოგზაურობამ" ვასილ ამაშუკელს დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა.

1971 წელს ოპერატორის დაბადების 85 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს სამეცნიერო და პოპულარული ფილმების სტუდიამ გადაიღო ერთნაწილიანი (295 მ.) შავ–თეთრი დოკუმენტური ფილმი "ვასილ ამაშუკელი". ვასილ ამაშუკელი გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა