|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმუნიტეტი და სეზონური კვების სისტემა

იმუნიტეტი ყველაზე ძვირფასი რამაა, რითაც ბუნებამ დაგვასაჩუქრა. კარგი იმუნიტეტი ჯანმრთელობის საწინდარია. მისი მეშვეობით ორგანიზმი შეიცნობს, გამოყოფს და ანადგურებს მასში შეჭრილ უცხო სხეულებს და მიკროორგანიზმებს (ვირუსებს, სოკოებს, მიკრობებს), რითაც მრავალი სნეულებისგან გვიცავს.

იმუნიტეტის დაქვეითებას ბევრი რამ იწვევს. ის ქვეითდება უმეტესად ზამთარში, როცა ორგანიზმის დამცავი ძალები სუსტდება, ამიტომ საჭიროა, მივიღოთ საკვები, რომელიც მათ გაძლიერებაში დაგვეხმარება.

ასეთი საკვებია:
ხორცი - ცილოვანი საკვების დეფიციტი ზიანს აყენებს იმუნურ სისტემას. იმუნოგლობულინები, რომლებიც უზრუნველყოფს ავადმყოფობისადმი ორგანიზმის გამძლეობას, ცილოვანი ნივთიერებებია და მათი სინთეზისთვის აუცილებელია ცილოვანი საკვები. გარდა ამისა, მჭლე ხორცი შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს სისხლის თეთრი სხეულების გამომუშავებას, ეს უკანასკნელნი კი იცავენ ჯანმრთელ უჯრედებს ვირუსებისა და მიკრობებისგან. ვეგეტარიანელე­ბისთვის თუთიის წყაროა ბურღ­უ­ლი, იოგუ­რტი, რძე, სო­კო, ხამანწკები. 
რძემჟავა ნაწარმი - ეს პროდუქტები შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, რომლებიც აფერხებენ მავნე ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას. გარდა კეფირისა და იოგურტისა,

 

პრობიოტიკების რიცხვს ეკუთვნის ბუნებრივი ანტისეპტიკები - მწვანე ხახვი  და ნიორი, აგრეთვე - ბანანი. 
ყვითელი ხილი და ბოსტნეული - ციტრუსები, გარგარი, სტაფილო და სხვა. მათში ბევრია ბეტა კაროტინი - ანტიოქსიდანტი, A ვიტამინის წინამორბედი, რომელსაც იმუნომასტიმულირებელი თვისებები აქვს.
მწვანე ჩაი - ჩაის ეს სახეობაც მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

ასევე სასარგებლოა საკვები, რომელიც მდიდარია ფლავონოიდებით - ნივთიერებებით, რომლებიც “თვალს ადევნებენ” ორგანიზმის დამცავ ძალებს. მათ მიაკუთვნებენ კვერციტინს (შეიცავს მწვანე ხახვი და ვაშლი), ლიკოპენს (ის უხვადაა პომიდორში) და ელაჰოფის მჟავას (შეიცავს კაკალი).

სეზონური კვების აღმოსავლური სისტემა სამი ათასი წლის წინათ წარმოიშვა. ამ სისტემის თანახმად, წელიწადის ცივ დროს საჭიროა ქონი, ბეკონი, მკერდის ხორცი, თირკმელები, ლობიო, ცერცვი, წიწიბურა, კარტოფილი. გაზაფხულს ორგანიზმი გამოფიტული რომ არ შეხვდეს, ამისთვის ზამთარშივე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. საამისოდ კარგია ცხარე სანელებლები - აჯიკა, წიწაკა, ნიორი. ნეიტრალურად მიიჩნევა მჟავე და მწარე საკვები.

რაც შეეხება ტკბილეულს, ზამთარში ის მავნებელია, ამიტომ ნამცხვრებისა და კანფეტებისგან უმჯობესია თავი შევიკავოთ. ზამთარში დილაობით მიიღეთ 1 სუფრის კოვზ თაფლში გარეული ცოტაოდენი შავი წიწაკა და ვერავითარი სიცივე და მიკრობი ვერ შეგაშინებთ!

თქვენი განწყობილება და გარეგნობა იმაზეც არის დამოკიდებული, რას მიირთმევთ. დილაობით შვრიის ფაფა სასარგებლოა არა მარტო კუჭისთვის, არამედ კანისთვისაც - ზამთარში ის შრება. შვრიის ბურღული შეიცავს ვიტამინებს, ამინმჟავებს და H ვიტამინს (ბიოტინს), რომელიც პასუხს აგებს კანისა და თმის სილამაზეზე. განწყობილება კი ჰორმონ სეროტონინზეა დამოკიდებული.

გაზაფხულზე და ზაფხულში მისი დონის ასაწევად მზის სხივებიც საკმარისია, ხოლო ზამთარში, როცა სინათლე ნაკლებია, კარგი განწყობილების დამატებითი წყაროები უნდა ვეძებოთ. მაგალითად, მწარე შოკოლადი, ბანანი. არსებობს სხვა ანტიოქსიდანტებიც - ცხიმიანი თევზი, ზეითუნის ზეთი.

ვირუსებისგან საიმედოდ გვიცავს პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ცისტეინს - ნივთიერებას, რომელიც ლორწოვან გარსებს გარეგანი გამღიზიანებლებისთვის შეუღწევადს ხდის. ცისტეინი ყველაზე მეტია თევზის, სოიის, ყველის, ინდაურის ხორცისა და მარცვლეულის შემადგენლობაში.

დიდი ხანია ცნობილია, რომ გაციებას ძალიან უხდება ქათმის ბულიონი - ის ავადმყოფობის შემდეგ ძალ-ღონესაც აღადგენს. გარდა ამისა, ორგანიზმს გამუდმებით უნდა მივაწოდოთ აუცილებელი ასკორბინის მჟავა - C ვიტამინი. მისი ტრადიციული წყაროებია ციტრუსები, ასკილი, კომბოსტოს მწნილი, ლიმონი, შტოში. სისუსტე, მოთენთილობა და აპათია ჯერ კიდევ არ მიანიშნებს იმუნური სისტემის სისუსტეზე. საბოლოო დიაგნოზი ექიმმა იმუნოლოგმა უნდა დასვას. მაგრამ იმუნური სისტემის დაქვეითება შესაძლოა გვაეჭვებინოს შემდეგმა ნიშნებმა:

  • ხშირმა (წელიწადში, სულ ცოტა, ოთხჯერ) გაციებამ;
  • გახანგრძლივებულმა გაციებამ (როცა ავადმყოფობა ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება);
  • ქრონიკულმა ინფექციებმა (მაგალითად, ფურუნკულოზმა ან ანგინამ, პნევმონიამ, ოტიტმა, ჰაიმორიტმა, ნაწლავურმა ინფექციებმა);
  • მუდმივმა სუბფებრილურმა (37-38 გრადუსამდე) ტემპერატურამ.


იმუნიტეტის სტიმულირება შეიძლება აცრებით, მედიკამენტებით, ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებებით. იმუნური პრეპარატების მისაღებად აუცილებელია კონკრეტული მონაცემები. არ შეიძლება ამის გაკეთება უკონტროლოდ! თავდაპირველად საჭიროა ექიმ იმუნოლოგის კონსულტაცია. იმუნიტეტის უსაფრთხოდ მოძლიერებაში დაგეხმარებათ სპორტი, გაკაჟება და სწორი კვება. 

მკურნალი.გე

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა