|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში შშმ პირთა დღის ცენტრს უსახსრობის გამო დახურვა ემუქრება

შშმ პირების მქონე ბენეფიციართა დღის ცენტრ "ვალენტინს"  დახურვა ემუქრება. როგორც  "ვალენტინის"   პრ. მენეჯერი  ნატო კუპატაძე აღნიშნავს,  დღის ცენტრი შესაძლოა ქირის გადაუხდელობის გამო დაიხუროს. მისი თქმით, დახმარების თხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართა, თუმცა დაფინასებაზე უარი განუცხადეს. კუპატაძე ამბობს, რომ  მერიაში  თანხა არ აქვთ შენობის ქირის გადასახდელად.  ცენტრში 8  შშმ პირი  ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. კუპატაძის განცხადებით, დღის ცენტრში ყოფნა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ადგილობრივი მთავრობა გვეუბნება, რომ  ქირის გადასახდელად თანხა არ აქვთ. ჩვენთვის კი ეს დღის ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე დავრჩებით სახლში და არ გვექნება საშუალება საკუთარი ნაშრომების გაკეთების",–აღნიშნა  ნატო კუპატაძემ, რომელიც ამავე დროს აღნიშნული ცენტრის ბენეფიციარიცაა.

აღნიშნულს  პაატა ბურჭულაძის  პარტიის– "სახელმწიფო ხალხისათვის" ახალგაზრდული ფრთა გამოეხმაურა. ისინი ადგილობრივ მთავრობას მოუწოდებენ მეტი ყურადღება დაუთმონ შშმ პირებს.  მათი განცადებით, შშმ პირების ინტეგრაცია საზოგადოებაში და მათი ჩართულობა სოციუმში ძალზედ  მნიშვნელოვანია.

"ქართულმა სახელმწიფომ 2013 წ. რატიფიკაცია გაუკეთა გაეროს შშმ პირების დოკუმენტს, რითაც აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ქვეყანაში შშმ პირთა  უფლებები. სწორედ აქედან გამომდინარე, ვეხმიანებით ქუთაისში არსებულ  ბენეფიციართა დღის ცენტრის "ვალენტინი" პრობლემებს. ცენტრი 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ეს ადამიანები ხელნაკეთ ნივთებს  ამზადებენ.  დღეს ისინი დგანან სერიოზული პრობლემის წინაშე.  მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმმართველობას,  პოლიტიკურად ორიენტირებული,  ერთჯერადი სახის დახმარების ნაცვლად რეალურად მოხდეს  ამ ადამიანების დახმარება, უზრუნველყოფა მათი ალტერნატიული ფართით, თუ სხვა სახის დახმარებით, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას, რომ  გამოავლინონ და განახორციელონ თავიანთი შესაძლებლობები",–აღნიშნა  "სახელმწიფო ხალხისთვის",– იმერეთის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა კობა ჩიხლაძემ.

ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ  მათი პარტია აქტიურად  თანამშრომლობს შშმ პირებთან. რამდენიმე თვის წინ პარტიამ თემატური ჯგუფი შექმნა. ისინი აპირებენ, რომ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში შშმ პირები ამ პროცესებში  ჩართონ. მათი თქმით, არჩევნების შემდეგაც ისინი აქტიურად გააგრძელებენ შშმ პირებთან თანამშრომლობას და  მათ ინტეგრაციას შეუწყობენ ხელს.

ქუთაისის მერიაში  აცხადებენ, რომ  კერძო ორგანიზაციებს ამ კუთხით ვერ აფინანსებენ. მათი თქმით, აღნიშნული ცენტრის დამფუძნებელმა, ვალენტინა მახათაძემ დახმარების თხოვნით მიმართა ქალაქის მერიიას და ისინი ერთჯერადად დაეხმარნენ მას. მერიაში განმარტავენ, რომ დღის ცენტრებს  სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს. თუ "ვალენტინს" არ ყავს ბენეფიციარები,   დაფინანსებაც ვერ ექნება. მერიაში ასევე აღნიშნენ, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის, არაკვალიფიციურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა