|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

რა მოხდა 13 ივნისს?! - „არაზუსტი გადაწყვეტილების მიღებას შთამომავლობა არ გვაპატიებს“

13-14 ივნისი, სტიქია თბილისში. სტიქია, რომელსაც 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღემდე, დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი, ხოლო დაზარალებულთა რიცხვმა 500-ამდე მიაღწია. მეწყერმა დედაქალაქის პარალიზება გამოიწვია - დანგრეული სახლები და ქალაქის განადგურებული ინფრასტრუქტურა, დანგრეული ზოოპარკი გაქცეული მტაცებელი ცხოველებით, პანიკა, გლოვა... აუნაზღაურებელი მორალური ზარალი, სტრესი და ასანაზღაურებელი მილიონები, - თბილისში „ვერა რეჩკა“ ადიდდა.

სტიქიის გამომწვევ მიზეზებსა და მდინარე ვერეს ჭალაკალაპოტთან დაკავშირებულ პრობლემებს, გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, მერაბ გაფრინდაშვილი ასე აფასებს:

„13-14 ივნისს ღამის საათებში  უხვი ატმოსფერული ნალექი მოვიდა, რამაც დინამიკაში მოიყვანა მეწყრული პროცესები. ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში თბილისსა და მის შემოგარენში ხშირად წვიმდა. ამ წყლის დიდი ნაწილი მდინარეებს შეუერთდა, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი გრუნტში ჩაიჟონა, რამაც ამ გრუნტის გაჯირჯვება, გაწყლოვანება გამოიწვია. გაწყლოვანებული გრუნტი კი, მეწყრისა და ღვარცოფის წარმოქმნას უწყობს ხელს“.

მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, მდინარე ვერეს აუზში ღვარცოფული პროცესები 23-ამდე შენაკადში განვითარდა. ვერეს, თითქმის, ყველა შენაკადი ღვარცოფ-ტრანსფორმირებადი, ღვარცოფული მდინარეები და ხევებია. ატმოსფერული ნალექისა და წყლის ნაკადმა დინამიკაში მოიყვანა შენაკადების მეწყერული პროცესები და საბოლოოდ, ეს ყველაფერი მდინარე ვერეს კალაპოტში ჩავიდა:

„ერთდროულად განვითარდა 9 გეოლოგიური თუ ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა: -კლდეზვავი, მეწყერი, ღვარცოფი, მდინარეების გევრდითი ეროზია, სიღრმითი ეროზია, უხვი ატმოსფერული ნალექი წვიმისა და სეტყვის სახით, წყალმოვარდნა და დატბორვა. ამ ცხრა პროცესმა ერთდროულად იმუშავა, ასეთი რამ მე და არც ერთ ჩემს კოლეგას არ გვახსოვს. ის, რაც მდინარე ვერეს ზედა ზონაში მოხდა, იყო აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენა-კატასტროფა; რაც შეეხება, ქალაქის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებს, აქ უკვე, დიდი უარყოფითი როლი ითამაშა სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციებმა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მდინარე ვერეს ათვისებაუსისტემოდ დაიწყო. მდინარის ჭალაკალაპოტი მდინარის კუთვნილებაა, ჩვენ ამ ადგილას საცხოვრებელი სახლების, კარ-მიდამოების, ავვტოფარეხებისა და ზოოპარკის გაშენება დავიწყეთ, რის გამოც, მდინარემ წყალდიდობის შედეგად ჩამოყოლილი ხე-ტყე და ქვიშოვანი მასალა ვერ გაატარა. სტიქიური პროცესის განვითარებაში ადამიანს როლი არ მიუძღვის, ბუნებრივად ჩამოყალიბდა, თუმცა, ქალაქის ზონაში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულმა ნაგებობებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრეს ზარალი და ზიანი. მეწყრული პროცესების როლი ამ კატასტროფის ცამოყალიბებაში, მნიშვნელოვანია“,- განმარტავს მერაბ გაფრინდაშვილი.

„კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN)“ კი, მიაჩნიათ, რომ - „მეწყრებს, მათ მომხდარი კატასტროფის ხდომილებაში რაიმე არსებითი როლი არ მიუძღვით. დეტალურმა გეოლოგიურ–გეომორფოლოგიურმა  გამოკვლევებმა და აეროგადაღების  მასალებმა  ეჭვიმიუტანლად  დაადასტურა, რომ ბეთანია–ახალდაბის  არეალში  წარმოქმნილმა   მძლავრმა  მეწყერმა, საბედნიეროდ, მდ. ვერეს  კალაპოტის  ძირამდე  ვერ  ჩაიტანა  ისეთი  მოცულობის  მეწყრული  მასალა, რასაც  შეეძლო  კალაპოტის  ჩახერგვა  და  ნიაღვრების  ხანგრძლივი  დროით  შეკავება. მაგრამ  მომავალში  ეს  და  სხვა  შესაძლო  მეწყერი, დიდი  ალბათობით, ზემოქმედებას  იქონიებენ  წყალდიდობებზე“.

როგორც CENN-ი განმარტავს, მდ. ვერეზე  ჩავლილი  უძლიერესი  წყალმოვარდნის  კატასტროფული  ეფექტის  მთავარი მიზეზი არის ამ  მდინარის  კალაპოტის პირადაბალი  ტერიტორიების  ადამიანის  მიერ,  არცთუ  იშვიათად, წინდაუხედავი, გაუაზრებელი, საღი  აზრით   დასაბუთებას  მოკლებული, სამეურნეო  ათვისება, რაც  გასული  საუკუნის 50-იანი  წლებიდან  მიმდინარეობს, რაც კალაპოტის  გასწვრივ  მიწის   ნაკვეთების  დროებით  სარგებლობაში   გადაცემასა და  შემდეგ,  კერძო  სახლების  აგებაში გამოხატება:

„დიდი შეცდომა  დაშვებულ იქნა შესაბამისი სახელმწიფო  უწყებების მიერ, მაშინ,  როცა  უშუალოდ  კალაპოტისპირა  დაბალ  ტერიტორიებზე  დაიწყო  მრავალსართულიანი   საცხოვრებელი  სახლების  დაპროექტება  და  მშენებლობა. ასეთი  ნაგებობები  მდ. ვერეს  ჭალაში  და  ჭალისპირა  დაბალ  ტერიტორიებზეა   აგებული, რომელთა  ზედაპირი  ელემენტარული  გეოგრაფიული  გაგებით  პერიოდულად იტბორება ძლიერი წყალდიდობების  დროს“, - რასაც ორგანიზაცია დაუშვებლად მიიჩნევს.

CENN კატასტროფული წყალდიდობის გამომწვევ ძირითად ბუნებრივ მიზეზად მდინარე ვერეს წყალშემკრებ აუზში 3–3.5 საათის განმავლობაში მოსულ თავსხმა წვიმას მიიჩნევენ:

„ასეთი რაოდენობის ნალექი შედარებით პატარა მდინარის აუზში ათეული წლების მანძილზე ერთხელ ხდება. აღნიშნულის შედეგად, მდინარის ხეობის კალთებზე წარმოიქმნა დიდი რაოდენობის ზედაპირული წყალი. მდ. ვერეს აუზში პირველადი ტყე ადამიანის მოქმედებით ძლიერ არის დეგრადირებული. აუზის ზედაპირი ამჟამად დაფარულია XX საუკუნეში ადამიანის მიერ ძლიერ სახეშეცვლილი ტყითა და ტყე-ბუჩქნარებით, რასაც თითქმის მთლიანად აქვს დაკარგული წყალშემკავებელი ფუნქცია. ამიტომ, 13 ივნისს თავსხმა წვიმებით წარმოქმნილი ზედაპირული წყალი სწრაფად მოხვდა მდინარის კალაპოტში, ძლიერ გაიზარდა მდინარის წყლის ხარჯის მოცულობა. კალაპოტის წყალგამტარუნარიანობამ ვერ უზრუნველყო ნიაღვრის სწრაფი გატარება, რამაც სათავე დაუდო კალაპოტისპირა ტერიტორიების დატბორვას“.

ეს არის 13 ივნისს მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის ძირითადი ბუნებრივი მიზეზი. უმთავრესი ხელოვნური მიზეზი წყალმოვარდნის კატასტროფული შედეგებისა არის მდ. ვერეს კალაპოტის ბოლო მონაკვეთზე (რომელიც ქ. თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარეობს), ხანგრძლივი არასწორად წარმართული სამეურნეო საქმიანობის შედეგად, მდინარის კალაპოტის წყალგამტარუნარიანობის ნაწილობრივი პარალიზება. რამაც, კალაპოტის გასწვრივ, განაშენიანებული ტერიტორიების ნგრევა–განადგურება გამოიწვია.

რაც შეეხება, მოსაზრებას, რომ სტიქიის მასშტაბურობას არასწორად ნაგებმა გვირაბებმა შეუწყო ხელი, CENN („კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“) დასკვნიდან გამომდინარე, ორმა მიწისქვეშა გვირაბმა, არასაკმარისი დიამეტრის გამო, თავისუფლად ვერ გაატარა დიდი მოცულობის წყალი და გამოიწვია მდინარის კატასტროფული ნაკადის შეტბორვა, წყლის ნაკადის მიერ წამოღებული ხის მორებისა და ტოტების ჩახერგვით. ნაკადის შეტბორვის გამო, სწრაფად მოხდა მდინარის დონის აწევა და გვირაბებთან მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა:

„პირველი წყალგამტარი გვირაბი გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იქნა  აგებული დღევანდელ გმირთა მოედანთან არსებული მდ. ვერეს ბუნებრივი კალაპოტის ადგილზე. ამ  გვირაბით  მტკვარში, “ლაგუნა ვერეს“ ადგილთან, ხდება მდ. ვერეს კალაპოტის განტვირთვა წყლით. მდ. ვერეს შეტბორვის გამო, ამ გვირაბის დასაწყისში, წყლის დონემ 5–7 მეტრით მაღლა აიწია, რის შედეგადაც ლაფითა და ქვა-ღორღით გაჯერებული ნაკადი გადავიდა ზოოპარკის ტერიტორიაზე და გამოიწვია ადამიანებისა და ცხოველების მასობრივი დაღუპვა.

მეორე წყალგამტარი  გვირაბი  აგებულ იქნა 1959 წელს, ვაკე–საბურთალოს  დამაკავშირებელი  გზის  გაყვანის დროს. სწორედ  ამგვირაბის  მიერ  წყლის  შეტბორვის  შედეგად  წყლის  დონემ  სულ  მცირე, 7 მ–ით   აიწია  მაღლა, რამაც  გამოიწვია  სვანიძის  ქუჩის  მდინარისპირა  ტერიტორიების  ნგრევა–განადგურება. აღნიშნულმა  გვირაბებმა  ორ  დამოუკიდებელ   მონაკვეთებად  გაყო  ტრაგედიის  ზონა: გმირთა  მოედნიდან  ვაკე–საბურთალოს   გზამდე  და  ვაკე საბურთალოს გზიდან სვანიძის ქუჩის  ბოლომდე“.


ერთი შეხედვით, უწყინარი მდინარე, როგორც მას თბილისის მოსახლეობა უწოდებს, უწყინარი არასოდეს ყოფილა. მდინარე ვერეს საფრთხისშემცველ გარემოებებზე გეოლოგ მერაბ გაფრინდაშვილის მიერ მოწოდებული მონაცემები მეტყველებს:

1924 წლის 13 ივნის წყალდიდობა-ღვარცოფი მდინარე ვერის კალაპოტში მსხვერპლით დასრულდა.

1940 წლის 10 მაისს სერიოზული ზარალი მიაყენა ქალაქს და მსხვერპლით დასრულდა.

1960 წლის 4 ივნისს დაიტბორა ზოოპარკის  მნიშვნელოვანი  ტერიტორია.

1961 წელი დაიტბორა და განადგურდა ზოოპარკის ნაწილი. დაიღუპნენ ცხოველები.

1972 წელს  ღვარცოფ-კატასტროფული  წყალდიდობა  მოხდა.

1980 წლის 13 მაისს, ძლიერი  წვიმით  გამოწვეული   წყალდიდობის  შედეგად, წყნეთში  დაირღვა  ხელოვნური  წყალსაცავის  ნაგებობა, რასაც 8 ადამიანი  ემსხვერპლა.



მდინარევერეადიდდა 1999 წლის 8 აგვისტოსაც... 2015 წლის 13-14 ივნისისსტიქიაკი, ყველაზეძლიერიდადამანგრეველიაღმოჩნდაქალაქისთვის, რამაცდიდიმსხვერპლიგამოიწვია.

როგორც „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“ აღნიშნავს, მდინარის ხეობის პირველ მონაკვეთზე გაყვანილ ახალი გზის დაპროექტების პროცესში არ იყო გათვალისწინებული 1961 წელს მდ. ვერეზე ჩავლილი ასეთივე სიძლიერის კატასტროფული წყალდიდობის ფაქტი, რამაც მაშინაც გამოიწვია ზოოპარკის დაღუპვა: - „ეს ფაქტი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, მაშინ ამ გზის პროექტის ავტორები დადგებოდნენ მისი ცალკეული მონაკვეთების აკვედუკებზე (5– 7 მ სიმაღლის ხიმინჯებიანი ნაგებობები) განლაგების აუცილებლობის წინაშე. ამით თავიდან იქნებოდა აცილებული ახალი გზის გავლენით მდინარის კალაპოტის გამტარუნარიანობის შეზღუდვა“, - განმარტავს ორგანიზაცია.

როგორ შეიძლებოდა სტიქიის პროგნოზირება, მართვა და რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი კატასტროფა? - ამ კითხვაზე, გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი ასე პასუხობს:

„მდინარე ვერეს ფერდობებზე განვითარებული მეწყერების პროგნოზირება, თითქმის შეუძლებელი იყო. პრაქტიკულად, მსგავს პროგნოზებს ვერცერთი ქვეყანა ვერ აკეთებს, რადგან მდ.ვერეს ფერდობებზე გვხვდება კლდე-ზვავური ტიპის მეწყრები დიდი დახრილობებით, რომლის მოწყვეტაც წამიერად ხდება. ჩვენ, გარკვეული ტიპის მეწყერებზე ვაყენებთ ადრეული შეტყობინების სისტემებს, მაგრამ ამ ტიპის მეწყერზე ეს სისტემა არ მუშაობს მისი გენეზისიდან გამომდინარე. მე ჩამოვთვალე 9 პროცესი, რაც 13-14 ივნისის დრეებში განვითარდა. აქედან, რამდენიმე მათგანის მართვა შესაძლებელი იყო, მაგრამ სახელმწიფოს მსგავსი ძვირადღირებული ტექნიკა არ გააჩნდა. თუმცა, მთავრობას, კატასტროფამდე, მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ უზრუნველყოს ადრეული შეტყობინების სისტემებით აღჭურვა“, - ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი.

CENN-ი („კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“) კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, მდინარის ხეობისთვის ბუნებრივი მორფოლოგიური იერის დაბრუნებას მიიჩნევს:

„ამის მიღწევა არარეალურია, რადგან საჭირო იქნება გმირთა მოედნის გაუქმება, მისი ზედაპირის ქვეშ მდინარის ხეობის აღდგენა, ყველა საინჟინრო ნაგებობის (სახლები, გზები, გვირაბები და სხვ.) გაუქმება და ა.შ. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მდ. ვერეს აუზში თუ მოხდება ბუნებრივი ტყის აღდგენა, მაშინ კატასტროფული წყალდიდობების რისკი შემცირდება, მაგრამ ასეთი ღონისძიების გატარებასაც სულ მცირე 40–50 წელი დასჭირდება. მდ. ვერეს შევიწროებული ხეობის ძირის პირობებში, მდინარის მაქსიმალური ჩამონადენის შეკავების მიზნით, წყალსაცავების შექმნაც ნაკლებ ეფექტს მოგვცემს. ეს იმიტომ, რომ წყალსაცავების ფართობი იქნება მცირე (ხეობის მორფოლოგიიდან გამომდინარე) და მათში დაგროვილი წყლის მოცულობა – შეზღუდული. რკინა-ბეტონის კედლებით მდინარის ნაპირების დაცვა დროებითი ღონისძიებაა, თანაც ნაკლებ ეფექტიანი, ნაპირებისა და ჭალების ინტენსიური სამეურნეო ათვისების გამო“.

კატასტოფის თავიდან აცილების საშუალებაზე საუბრობს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ მოწონელიძე:

„მსგავსი სტიქიის შესაჩერებლად მსოფლიოში ერთადერთი მეთოდი არსებობს – კაშხალი. ასეთი კაშხალი უნდა აიგოს ვერეზეც, სადღაც უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლების ზონაში ან ცოტა ზემოთ. ბუნებრივია, მის სიმაღლეს სჭირდება დადგენა, მაგრამ, მე მგონი, 50 მეტრი საკმარისი იქნება. კაშხლით შექმნილი წყალსაცავი გაზაფხულის წყალდიდობებს შეხვდება ცარიელი და მთელ ამ ნაკადს შეაკავებს. შემდეგ, როდესაც ყველაფერი დაწყნარდება, მყარი ნატანი დაილექება, სუფთა წყალი წყალსაგდების საშუალებით ქვედა ბიეფში კალაპოტს დაუბრუნდება. წყალსაცავი კი სარეაკრიაციო ზონად გადაიქცევა“, – განაცხადა არჩილ მოწონელიძემ.

მერაბ გაფრინაშვილის თქმით, უპირველეს ყოვლისა, მდინარე ვერეს მაღალი რისკის მქონე კალაპოტი, უნდა გათავისუფლდეს ყველანაირი შენობა-ნაგებობისგან. პრევენციული ღონისძიებებიდან, იგი უპირატესობას მდინარესთან დაბალზღურბლიანიარამასშტაბური ნაგებობების რიგის განთავსებას ანიჭებს:

„არის დამცავი ნაგებობების სხვადასხვა ტიპი. არსებობს დაბალზღურბლიანიარამასშტაბური ნაგებობების რიგი, რომლებიც პერიოდულად, შეგვიძლია, გავწმინდოთ. არის წყალსაცავი. მე მაგალითად, დიდი წყალსაცავის აგების იდეას მდინარე ვერეს ხეობაში არ მივიჩნევ მიზანშეწონილად, თუმცა, არსებობენ ამ სფეროში კომპეტენტური პირები, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ რა ტიპის დამცავი ღონისძიების გატარება შეიძლება. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს, წარმოუდგენლად მაღალი დონის კვლევებზე შესრულებული გადაწყვეტილება, რადგან არაზუსტი გადაწყვეტილების მიღებას შთამომავლობა არ გვაპატიებს. პირადად მე, უპირატესობას არამასშტაბურ, დაბალზღურბლიანი ნაგებობების რიგს ვანიჭებ. ეს დაგვეხმარება, პერიოდულად ვწმინდოთ მდინარის მიერ შემოტანილი მასალისაგან და შემდგომში განვითარებული წყალდიდობა-ღვარცოფებისათვის შენობები მზა, - დასუფთავებულ მდგომარეობაში იქნება“, - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, მერაბ გაფრინდაშვილი.



ავტორი: თამარ კურატიშვილი