|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი დემოკრატები" ქუთაისში გოგი ხაზარაძისა და გია გუმბერიძის კანდიდატურებს განიხილავენ

"ნიუპრესის"  ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატები"  ქუთაისში  მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებად პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი ხაზარაძის და ბიზნესმენ გია გუმბერიძის კანდიდატურების დასახელებას გეგმავენ. გოგი ხაზარაძე  ადასტურებს არსებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ის ქუთაისელების მხარდაჭერას  ქალაქ-მუზეუმის საარჩევნო ოლქში შეეცდება.  ამ ოლქში ასევე  საფიჩხიას, კახიანაურის და  ნიკეას ამომრჩეველი მისცემს ხმას.   გია გუმბერიძე კი გამარჯვებისათვის   გამარჯვების ოლქში იბრძოლებს.  რაც შეეხება  მესამე კანდიდატურას, ჯერ ის შერჩეული არ არის.

როგორც ხაზარაძე აცხადებს,  ის მხარს დაუჭერს პარლამენტის ფუნქციონირების ქუთაისში გაგრძელებას, ასევე  ბიზნესის განვითარებას:  „მხარს დავუჭერ პარლამენტის ქუთაისში დარჩენას. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია  სასტარტო ბიზნესის მხარდაჭერა,   ბიზნეს გარემო რეალურად კონკურენტული უნდა გახდეს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის და კონკრეტულად, ჩვენი ქალაქის განვითარებას“ , -განაცხადა მან. 

 გია გუმბერიძე  კი ჯერჯერობით  პარტიის წევრი არ არის.  ის ბიზნესში საქმიანობს,  მზესუმზირის საწარმო "მაკნატუნას" დამფუძნებელია.

როდის მოხდება დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა, ამას პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვერ აკონკრეტებს. "თავისუფალმა დემოკრატებმა" უკვე წარადგინეს ზესტაფონისა და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. თეიმურაზ გაფრინდაშვილი და მალხაზ ბაბლიძე პარტიას ასევე ბიზნესიდან შუერთდნენ. 

შეგახსენებთ, პარტიამ საარჩევნო პროგრამის  ეკონომიკური ნაწილი გუშინ წარადგინა. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა