|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვესაუბრებით ამომრჩევლებს"- ცესკოს პროექტი თამარ ჟვანიამ შეაჯამა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალური გახდა ამომრჩევლის ინფორმირებულობისა და საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების უნარების ზრდა.

ცესკოს ახალი პროექტის "ვესაუბრებით ამომრჩევლებს" განხილვაზე დღეს ქუთაისში ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია იმყოფებოდა. როგორც მან განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა.

"ჩვენ, უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად  შევხვდით ხალხს,  როგორც მუნიციპალიტეტებში, ისე სოფლებში. გარდა იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე გავიზიარეთ ამომარჩევლელთა მოსაზრებები, ასევე მივაწოდეთ მათ ამომწურავი ინფორმაცია სარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ“ - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

პროექტი შეაჯამა  ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა. 

"ეს კამპანია გრძელდებოდა დაახლოებით  ერთი თვის განმავლობაში, ათიათასამდე ამომრჩეველს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება მათთვის საინტერესო გახდეს არჩევნების პროცესში მონაწილეობა, როგორ შეიძლება გააქტიურდნენ, როგორც ამომრჩეველი და რა უფლებები აქვთ, ასევე,  თუ გადაწყვეტენ და კანდიდატად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში",-განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა. 

 მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და მოხალისეებმა მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საინფორმაციო ბარათები დაურიგეს და საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე ესაუბრნენ. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისებისა და საჭიროებების შესახებ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი ამომრჩეველთა მოსაზრებების ბარათში.

 შეხვედრის პარალელურად იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის  საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ.

"მოახლოებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მნიშვნელოვანია ყველა დონის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების უნარების ზრდა, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების პროცესის გამართულად ჩატარებას",-განაცხადა არჩილ ანასაშვილმა-ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა.

 სწავლება სამი დღე მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს  ისეთი საკითხები, როგორიცაა: კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მომზადება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკა და ა.შ.  ტრენინგი ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის და სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა  ჩაატარეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა