|
  • EUR 1 = GEL 2.998
  • USD 1 = GEL 2.5405
|

"მკვლელობაში ეჭვმიტანილი სკოლის მოსწავლე არ იყო"

წყალტუბოში არასრულწლოვანის მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარს წყალტუბოს განათლების რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი აკეთებს. 

მისი განცხადებით, გარდაცვლილი თორნიკე ბაღაშვილი სოფელ ოფშკვითის სკოლის მეთორმეტეკლასელი იყო. ეჭვმიტანილი რამდენიმე წელი მასთან ერთად სწავლობდა, თუმცა ბოლო წელი სკოლის მოსწავლედ არ ითვლება.

როგორც ჩხეტიანმა "ნიუპრესს" განუმარტა,  გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

 „ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მათ კონფლიქტი ქონდათ, ეს ასე არაა, ისინი მეგობრები და ყოფილი კლასელები იყვნენ. არ იკვეთება ფაქტი, რომ რაიმე ხანგრძლივი კონფლიქტი ჰქონოდათ. ეჭვმიტანილი ი.ტ. სკოლის მოსწავლე არ იყო, ის ერთი წელია, სკოლიდან გავიდა და  საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. არ ვიცით, იქ რას საქმიანობდა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ამ ბოლო დროს შეიცვალა და უფრო აგრესიული გახდა. მასწავლებლები, რომლებიც მათ ასწავლიდნენ, ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტი მოულოდნელი იყო. ამ შემთხვევაშიც, არ ვიცით, ზუსტად რა მოხდა, დაპირისპირება ქონდათ ტელეფონის გამო. ბავშვები, ვინც იყვნენ მათთან, აცხადებენ, რომ არც იცოდნენ, დანა თუ გამოიყენა, მათაც ეგონათ, რომ ხელი დაარტყა, ამბობენ, რომ ვერ დაინახეს, რადგან სიბნელე იყო“, - განაცხადა მამუკა ჩხეტიანმა.

რაც შეეხება სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერებას, აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  მანდატურები მხოლოდ ქალაქის საჯარო სკოლებში მუშაოებენ. არცერთ სოფლის სკოლას მანდატური არ ჰყავს.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის,  სოფელ ოფშკვითში მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია ყოფილი თანაკლასელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ი.ტ., სხვა ეჭვმიტანილების არსებობის შესახებ პოლიციაში არ საუბრობენ.

გარდაცვლილის დასაფლავება შაბათს, 9 დეკემბერს მოხდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი