"10 დღეა ქუჩაში ფეკალური მასები მოედინება"
ქუთაისში, გამსახურდიასა და მელიქიშვილის ქუჩის მცხოვრებლები "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" უპირისპირდებიან. მათი განცხადებით, კომპანიამ 10 დღის წინ სამუშაოები დაიწყო და მიატოვა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანიამ ქუჩაზე წყლის მილები გაიყვანა, თუმცა სამუშაოების დროს კანალიზაცია დაზიანდა და ფეკალური მასები ქუჩაში მოედინება.
"10 დღის წინ დაიწყო სამუშაოები, გაიყვანეს მილები, კანალიზაცია დააზიანეს და წავიდნენ, მას შემდეგ არავინ გამოჩენილა. დავრეკეთ ცხელ ხაზზე, მერიაში, მაგრამ უშედეგოდ. ამდენი დღეა, ქუჩაზე ფეკალური მასები მოედინება, გზაზე ვერ გადავდივართ. მანქანები გაივლიან და წყალს გვასხამენ, გაჩნდა კოღოები და ქუჩიდან ტალახი შეგვაქვს სახლში. მოგვხედონ და მოაგვარონ ეს პრობლემა. სასმელ წყალს სოფლებიდან ვეზიდებით, რადგან გვეშინია ამ წყლის დალევის", - აცხადებს ადგილობრივი ქეთევან სუთიძე.
გზაზე არსებული პრობლემა და კომპანიის მუშაობა გააპროტესტა "თავისუფალი საქართველის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ და კომპანიას სამუშაოების დროული დასრულებისკენ მოუწოდა.
"რომ ამბობენ, ევროპული ქვეყანა უნდა გავხდეთო, მაინტერესებს, რომელ ევროპულ ქვეყანაში იწყებენ სამუშაოებს და ტოვებენ თვეობით, რომელ ევროპულ ქვეყანაში ყავთ მოსახლეობა ამ მდგომარეობაში? ეს არის უპასუხისმგებლობა და მოვუწოდებ მერიას და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" დროულად დაასრულონ სამუშაოები", - განაცხადა გოგი წულაიამ.
მელიქიშვილის ქუჩა ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზეა, სადაც მდებარეობს სამედიცინო ცენტრი, ავტომობილების ინტენსიური მოძრაობის გამო მდგომარეობას კიდევ უფრო რთულდება.
ქუჩაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში". კომპანიის ტექნიკური აქტივობის მართვის დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ თათარაძის განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე წყლის მილები გამოიცვალა და მიმდინარეობდა სატესტო რეჟიმში გადაერთება შესაძლო დარღვევის გამოვლენის მიზნით.
მისივე ინფორმაციით, დღეს მოხდება ახალ ქსელზე გადაერთება და მოსახლეობა უკვე ახალი მილებიდან მიიღებს წყალს.
როგორც მიხეილ თათარაძე აცხადებს, მათ არ აქვს ინფორმაცია კანალიზაციის დაზიანების შესახებ, თუმცა მისი არსებობის შემთხვევაში, კომპანია დაზიანებულ მილს შეაკეთებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















