10 ოქტომბერს ქუთაისში ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება
სამუშაო ადგილზე ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, - აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.
10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ყოველწლიურად ერთ გლობალურ პრობლემას ეძღვნება. 2017 წლის თემაა ფსიქიკური ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე.
ქუთაისი პირველად მასპინძლობს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს:
- საჯარო ლექცია თემაზე: „ერთად - უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ - აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, 13:00-14:00 სთ (თამარ მეფის ქ.N59);
- ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მხარდამჭერი აქცია - ვ.ანჯაფარიძის სახ. სკვერი, 15:30 – 17;00 სთ. მუსიკალური წარმოდგენა სტუდენტების მონაწილეობით, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა, აკაკი წერეთლის სახ. უნივერსიტეტსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა.
ღონისძიების ორგანიზატორები: აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღონისძიების პარტნიორები: „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“.
ორგანიზაციის წარმომადგენლის ნანა ზავრადაშვილის ინფორმაციით, აქციის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.
"ჩვენი აქციის მიზანია ბიზნესის წარმომადგენლები, დამსაქმებლები, ადამიანის უფლებადამცველები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროვაიდერები, ოჯახები, ბენეფიციარები და საზოგადოების სხვა ჯგუფები ჩავრთოთ ფართო დისკუსიაში, რათა ხელი შევუწყოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას სამუშაო ადგილზე"-აცხადებს ზავრადაშვილი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, 2010 წელს ფსიქიკურ ჯანდაცვაზე წლიური გლობალური ხარჯი 2.5 ტრილიონი აშშ დოლარი იყო და ეს რიცხვი 2030 წლისთვის 6 ტრილიონი აშშ დოლარი გახდება. მსოფლიო ბანკმა ფსიქიკური ჯანმრთელობა გლობალური განვითარების პრიორიტეტად გამოაცხადა, რაც აღიარებს ფსიქიკური ჯანმრთელობის გადამწყვეტ გავლენას ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე.
ფოტო არქივიდან: ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების გამოფენა
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















