ქუთაისში პანდუსების მოსაწყობად 100 000 ლარი გამოიყო
ქუთაისის ბიუჯეტში პანდუსების მოსაწყობად წელს 100 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნულ თანხაში მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა მოქალაქეების მიერ წარდგენილი განცხადებები უნდა შეისწავლოს და მრავალსართულიან ბინებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე პანდუსი მოაწყოს. როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე აღნიშნავს, ამ დროისთვის სამსახურში 15 განცხადებაა შესული, რომელთა შესწავლა უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი პროექტი სრულყოფილი იქნება, მერია აღნიშნულ ობიექტზე პანდუსს მოაწყობს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მერიის მიერ პანდუსების მოსაწყობად გამოყოფილი თანხის გახარჯვა ვერ მოხდა. ბასილაძის განცხადებით, სამსახური ერთ–ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, რომელსაც პანდუსების პროექტი უნდა წარედგინა. თუმცა, ორგანიზაციამ არ მოამზადა სრულყოფილი პროექტი, რის გამოც სამუშოების შესრულება შეუძლებელი გახდა.
"ვთხოვეთ მოეწოდებინათ პროექტი, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას დაგვეწყო სამუშაოები, მაგრამ მათ მხოლოდ პანდუსის პროექტი მოგვაწოდეს და არა სრული ნახაზი, თუ როგორ მოხდებოდა შენობაზე დამონტაჟება, ამიტომ ვერ მოხდა სამუშაოების შესრულება. თანხა ბიუჯეტში დარჩა. წელს კი გაზრდილი ბიუჯეტი გვაქვს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ამ კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები შევასრულოთ", –განაცხადა ბასილაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
















