"მწვანე ბაზრისთვის" 15 წლით გადაცემული ტერიტორიები და შეუსრულებელი ვალდებულებები
ქუთაისის მერიასა და შპს „ფარს“ შორის 2 წლის წინ გაფორმებული მემორანდუმი მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. მერიამ ვალდებულება ზედმიწევნით შეასრულა და ბაზრის ადმინისტრაციას მიმდებარე ტერიტორიები 15 წლიანი იჯარით გადასცა, თავად ადმინისტრაციას კი ნაკისრი ვალდებლების მხოლოდ ნაწილი აქვს შესრულებული. ბაზრის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ვალდებულებები მალე შესრულდება.
ქუთაისის მერიამ 2017 წელს ე.წ. მწვანე ბაზრის მიმდებარე ტერიტორია შპს „ფარს“ 15-წლიანი იჯარით გადაცა. როგორც ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე 2018 წელს აღინიშნა, არასწორი საკადასტრო გეგმის შედგენის მიზეზით, შპს „ფარს“ დამატებით 25 კვ. ფართობი გადაეცა. მერიასა და შპს-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, „ფარს“ ბიუჯეტში ყოველწლიურად 7000 ლარის გადახდა დაევალა, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ყოველდღიური ჯარიმის გადახდა მოუწევდა.
შპს „ფარი“ ბაზრის მფლობელია, რომელმაც ტერიტორიის იჯარით აღება გარევაჭრობის პრობლემის მოსაგვარებლად მოითხოვა. ბაზრის დირექტორი ოლეგ არღვლიანის ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ ამ ფორმით შეძლებდა ტერიტორიის მოწესრიგებას და გარევაჭრობის აკრძალვას.
შპს „ფარს“, ასევე უფლება ქონდა გორელიეფის წინ მსუბუქი კონსტრუქციის პავილიონი მოეწყო. ბაზრის ადმინისტრაცია ვერ აზუსტებდა, ადგილზე რა ობიექტს აწყობდნენ და ვერსიებად კაფე და მაღაზიები განიხილებოდა.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, გარევაჭრობის პრობლემა მხოლოდ 2018 წელს, ახალი მერის პირობებში მოხერხდა. პრობლემა მერიის შესაბამისმა სამსახურმა მოაგვარა და ამდენად ეს ბაზრის ადმინისტრაციის მიერ პირობის შესრულებად ვერ ჩაითვლება.
გორელიეფის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად ბაზარს სხვა ტერიტორიებიც გადაეცა და მათი მოვლა-პატრონობა დაევალა. მათ შორის იყო ფალიაშვილის, წმინდა ნინოს და ლერმონტოვის ქუჩები. ადმინისტრაციას ტროტუარები უნდა მოეწესრიგებინა.
მერიამ ცოტა ხნის წინ ლერმონტოვის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. პროექტი გზის საფარის მოწყობას გულისხმობს, რაც შეეხება ტროტუარს, ხელშეკრულებით, ეს ბაზრის პრეროგატივაა.
ბაზრის დირექტორი ოლეგ არღვლიანი „ნიუპრესთან“ საუბარში ადასტურებს არსებულ ვალდებულებას და განმარტავს, რომ პროექტზე მერიასთან ერთად მუშაობენ.
„ხელშეკრულება ტროტუარების მოწყობას ითვალისწინებს. ჩვენ არ გავურბივართ ამ ვალდებულებას, მაგრამ ვმუშაობთ პროექტზე. არის რაღაც იდეები და მიდის საუბარი მერიასთან და მერე დავიწყებთ, მესამედ და მეოთხედ რომ არ იყოს გასაკეთებელი. ჩვენ რაც ვალდებულება გვაქვს, არ გავურბივართ და გვინდა, ყველაფერი კარგად გაკეთდეს. შეიძლება ტროტუარს გაფართოება დასჭირდეს და ამაზე მიდის შეთანხმება“, - განაცხადა ოლეგ არღვლინამა.
მისი თქმით, ტერიტორია 15 წლიანი იჯარით გადაეცა. არ განმარტავს რა ვადებში უნდა მოეხდინა ვალდებლების შესრულება, თუმცა ირწმუნება, რომ სამუშაოები მალე დაიწყება. მან ასევე განმარტა, რომ მთავარი ვალდებულება - გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება მათ დაიწყეს და შეასრულეს კიდეც.
რა ეტაპზეა მოლაპარაკებები და რატომ არ დაევალა შპს „ფარს“ ნაკისრი ვალდებულების ამ დრომდე შესრულება, მერიაში გვპასუხობენ, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















