|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზების გაცემის წესი დღეიდან იცვალება

დღეიდან,  2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზების გაცემის წესი შეიცვალა - ქვეყანა „სავიზო საგარანტიო საპილოტე პროგრამაში“ შევიდა. საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.  

მისივე ინფორმაციით, სავიზო დეპოზიტის პროგრამის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა.

ახალი წესით, ტურისტული და ბიზნეს (B1/B2) ვიზები აღარ გაიცემა 10 წლით. ვიზა იქნება ერთჯერადი, 3-თვიანი ვალიდობით და მაქსიმუმ 30 დღით ყოფნის უფლებით.

აპლიკანტებს შესაძლოა მოეთხოვოთ ფინანსური გარანტიის (5 000–15 000 დოლარი) წარდგენა, რომელსაც საკონსულო ოფიცერი განსაზღვრავს. თანხა ბრუნდება, თუ ვიზიტორი აშშ-ს დროულად დატოვებს, ხოლო ვადის გადაცილების ან სტატუსის შეცვლის შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს.

აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს არსებული ნორმის ამოქმედებას ახსენებს და განმარტების სახით ურთავს ტექსტს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ხშირად დასმული შეკითხვები სავიზო დეპოზიტის შესახებ

2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 კატეგორიის 10-წლიანი ვიზების გაცემა შეწყდება?
სავიზო დეპოზიტის პროგრამის ფარგლებში B1/B2 კატეგორიის ვიზის აპლიკანტები, რომლებიც სავიზო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მიიღებენ 3 თვემდე ხანგრძლივობის ერთჯერად ვიზას.

სავიზო მოსაკრებელი გაიზარდა?
აშშ-ის B1/B2 კატეგორიის სავიზო მოსაკრებელი არ გაზრდილა.

ვინ წყვეტს აშშ-ში დარჩენის ხანგრძლივობას, კონსული, თუ საიმიგრაციო ოფიცერი საზღვრის კვეთისას?
პასპორტში აშშ-ის ვიზის ქონა უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს უფლებას, ითხოვოს შეერთებულ შტატებში შესვლის ნებართვა. ვიზა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ აშშ-ის საელჩოში ან საკონსულოში თქვენი აპლიკაცია საკონსულო ოფიცერმა განიხილა და გადაწყვიტა, რომ თქვენ კვალიფიციური ხართ აშშ-ის სასაზღვრო პუნქტამდე გასამგზავრებლად. სასაზღვრო პუნქტზე აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის საიმიგრაციო ოფიცერი წყვეტს ქვეყანაში შესვლის უფლებასა და ხანგრძლივობას.

სავიზო დეპოზიტის პროგრამის ფარგლებში აპლიკანტებს ენიჭებათ სამ თვემდე ვადის ერთჯერადი ვიზა.

ვრცელდება თუ არა ახალი რეგულაციები მათზე, ვისაც უკვე აქვთ ვიზები?
არა. სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა რეტროაქტიული არ არის და არ გავრცელდება უკვე გაცემული, მოქმედი B1/B2 კატეგორიის ვიზების მფლობელებზე.

რა განსაზღვრავს აპლიკანტისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნას, ქვეყანა, სადაც განაცხადს აკეთებს, თუ მისი მოქალაქეოება?
მოთხოვნა განისაზღვრება განმცხადებლის მოქალაქეობის მიხედვით და გავრცელდება ყველა საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გააკეთებს განაცხადს B1/B2 კატეგორიის ვიზაზე.

როდის უნდა გადავიხადო დეპოზიტი?
არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ. გასაუბრების შემდეგ, თუ დააკმაყოფილებთ B1/B2 კატეგორიის ვიზის მოთხოვნებს, საკონსულო ოფიცერი გაგაცნობთ ინსტრუქციას, როგორ უნდა გადაიხადოთ დეპოზიტი.

საიდან შეუძლიათ სავიზო დეპოზიტის მქონე პირებს შეერთებულ შტატებში შესვლა?
სავიზო დეპოზიტის მქონე პირებისთვის შესვლის პუნქტებია: ყველა კომერციული ავიაციის შესასვლელი პორტი (მათ შორის CBP-ის წინასწარი შემოწმების ადგილები ). სავიზო დეპოზიტის მქონე პირებს არ შეუძლიათ, გამოიყენონ ჩარტერული საავიაციო, ზოგადი საავიაციო, სახმელეთო, ან საზღვაო შესასვლელი პორტები.

როდის ხდება დეპოზიტის დაბრუნება?
საჰაერო გზებით, შეერთებული შტატებიდან თქვენი დროული წამოსვლიდან 30 დღის განმავლობაში, სახელმწიფო დეპარტამენტი დააფიქსირებს შეერთებული შტატებიდან თქვენს დროულ გამოსვლას და ელფოსტით გაუგზავნის I-391 გაუქმების შესახებ შეტყობინებას იმ პიროვნებას, რომელმაც დეპოზიტი გადაიხადა. თუ დეპოზიტი გაუქმდება, სრული თანხა დაბრუნდება იმ საბანკო ბარათზე, ვენმოსა თუ ფეიფალის ანგარიშზე, რომლითაც თავდაპირველი გადახდა განხორციელდა.

რომელი კატეგორიის ვიზებზე ვრცელდება ცვლილება?
B1/B2 (საქმიან/ტურისტულ) ვიზებზე.

რა ასაკის აპლიკანტებზე ვრცელდება ცვლილება?

სავიზო დეპოზიტს ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს, იგი ვრცელდება B1/B2 სავიზო კატეგორიის ყველა აპლიკანტზე

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა