2025 წელს, ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი დაფიქსირდა
სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერამ და სწორმა დარგობრივმა პოლიტიკამ მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების გეოგრაფია. რეკორდულად გაიზარდა ღვინის ექსპორტი და გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა.
მეღვინეობის დარგის წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა რთველია, რადგან ღვინის ხარისხი იწყება სწორედ ვენახში და ყურძნიდან.
საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 336 ათასამდე ტონა ყურენი გადამუშავდა, რაც უკვე ნიშნავს, რომ 2025 წელს, ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე ფერმერმა დააბინავა.
აქედან უდუდესი წლი, კახეთზე მოდის, სადაც გადამუშავებულია 327 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 172 ათასამდე ტონა რქაწითელი, 135 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 432 მლნ ლარს მიაღწია.
მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.
“მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ ხარისხიანი ყურძნის ჩაბარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო. ხარისხიანი ყურძენი კი, ხარისხიანი ღვინის დაყენების აუცილებელი ფაქტორია, რაც ცალსახად ექსპორტის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობების, ახალი ბაზრების ათვისების და კონკურენტუნარიანობის გაზრდის გარანტი არის. წელს უფრო მეტად დაფასდა ის მევენახე, რომელმაც მოიყვანა ხარისხიანი და კონდიციური ყურძენი. ჩვენი რეფორმები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ვზრუნავთ ყურძნის ხარისხზე და ვქმნით პირობებს, რომ ყველა მევენახეს შეეძლოს მოსავლის დაბინავება. ეს ყველაფერი, ჯამში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და გაძლიერებას ემსახურება, რადგან, ღვინისა და სხვა ყურძნისეული ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტიდან ქვეყანაში წლიურად, ნახევარ მილიარდამდე დოლარი შემოდის. სახელმწიფოს როლი რთველის პროცესში, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, გამოიხატება რთველის ორგანიზებაში, აღიცხვიანობაში, ხარისხის კონტროლში, მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივებაში” - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთის რეგიონში სუბსიდია აღარ გაიცემოდა.
„2025 წლის რთველის დროს კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ, ცალსახად გაამართლა. გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ წელს ღვინის კერძო სექტორი, ჩაიბარებდა 200 ათასი ტონის ფარგლებში ყურძენს, გასული წლის მსგავსად, როდესაც ჯერ კიდევ მუშაობდა სუბსიდირების პროგრამა. სუბსიდიის დატოვება დიდად არ შეცვლიდა ამ სურათს, რადგან 20 თეთრიანი სუბსიდია, არ არის იმის მოტოვატორი, რომ უფრო მეტ ყურძენს ჩაიბარებდა კერძო სექტორი, განსხვავებით რაჭის რეგიონის 4-ლარიანი სუბსიდიისგან“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2025 წლის რთველის შეფასებისას.

რთველის აქტიურ პერიოდში, დღე-ღამური გადამუშავება 10-12 ათას ტონს აღწევდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. იყო გამოწვევებიც, რაც უხვმა მოსავალმა და კლიმატურმა პირობებმა განაპირობა. უამინდობის გამო გამოწვეულმა პიკურმა პერიოდმა გადაიარა და მოსავლის დაბინავება მშვიდ და საქმიან რეჟიმში გადავიდა.
მისი ინფორმაციით, 2025 წლის რთველის გამოწვევა, რომელიც დაკავშირებული იყო რთველის პიკურ პერიოდში ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების ზრდასთან, განპირობებული იყო სწორედ კლიმატური პირობებით.
„ეს იყო მოცემულობა და არა „ამინდზე გადაბრალება“. უხვმა მოსავალმა და ნალექიანმა ამინდებმა, როგორც კახეთში, ასევე რაჭის რეგიონში, კრეფისთვის ხელსაყრელი პერიოდი შეამცირა, რამაც გამოიწვია კრეფის პიკური დღეები და ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდა; განსაკუთრებით რთველის აქტიურ პერიოდში, როდესაც დღე-ღამური გადამუშავება აღწევდა 10-12 ათას ტონას. ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს, ამასთან ერთად, ყველას საწარმოს აქვს დღეღამური გადამუშავების საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობი და სიმძლავრეები“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
ლევან მეხუზლას განცხადებით, უკვე იგეგმება 2026 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხების კიდევ უფრო სრულყოფის ღონისძიებები.
„2026 წლისთვის, საწყის ეტაპზე, რაჭის რეგიონში ვგეგმავთ საპილოტე პროექტის განხორციელებას, როდესაც დაწესდება ე.წ. „ყურძნის დაკრეფის ნებართვა“, როდესაც მევენახეს წინასწარ, დაკრეფამდე ეცოდინება, თუ როდის უნდა დაკრიფოს და კონკრეტულად რომელ მარანში წაიღოს მოსავალი სარეალიზაციოდ. მსგავსი სისტემა წარმატებით მუშობს ესპანეთში“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
კახეთში რთველის პროცესში 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იყო ჩართული.

ავტორი:
.jpg)





















