|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

28 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 259 900 ბიულეტენი დაიბეჭდება

 საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიულეტენები იბეჭდება 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის და თერჯოლასა და სამტრედიაში 6 საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. 

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი.

 „საერთო ჯამში, თბილისის 6 სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს, გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს - ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი.

 

აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ  ბიულეტენებისმიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

 

ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ასევე იბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები. ანა მიქელაძის თქმით, საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 518 890  ამომრჩეველი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა