53 წლის სოციალურად დაუცველი ღია ცის ქვეშ ცხოვრობს (ფოტო)
53 წლის სოციალურად დაუცველ დავით ჭულუხაძეს წელიწად ნახევარია ღია ცის ქვეშ უწევს ცხოვრება. დავით ჭულუხაძეს სახლი მანდარიას 1-ლი შეს. #4 მდებარეობს. როგორც თავად ამბობს, 10 წლის წინ მისი საცხოვრებლის ქვემოთ არსებული ხეები გაჩეხეს, რამაც მიწის ჩამოშლა გამოიწვია, რის შედეგადაც სახლს ბზარები გაუჩნდა. შემდეგ კი, სახლმა ჩამოშლა დაიწყო. ამასთან, წელიწად ნახევრის წინ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და საცხოვრებელი სახლი სრულად განადგურდა. ჭულუხაძეს ახლა სახლის ნანგრევებში უწევს ცხოვრება, წვიმის დროს კი ღამეს რგინიგზის სადგურში ათევს. მას სოციალურად დაუცველის დახმარება არ აქვს, როგორც თავად ამბობს, ამისათვის რამდენჯერმე შეავსო განცხადება, თუმცა არანაირი გამოხმაურება არ მიუღია.
"დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მივმართე ადგილობრივ თვითმმართველობას. სოფელ რიონში გამომიყვეს ალტერნატიული ფართი, თუმცა იქ უარესი სიტუაცია. აქ ახლობლები, ნაცნობები მეხმარებიან, რომ როგორმე გადავიტანო დღე და შიმშილით არ მოვკვდე. ხან მშენებლობაა, ხან ტვირთის გადაზიდვა, ცოტ–ცოტას ვმუშაობ. იქ, უცხო გარემოში სად წავიდე? მოვითხოვ, ან თანხა მომცენ, ან საცხვრებელი ფართი გამომიყონ, ისეთი, სადაც არსებობა შეიძლება",– განაცხადა დავით ჭულუხაძემ.
ჟურნალისტებს სოციალურად დაუცველის პრობლემა "ახალი პოლიტიკური გაერთიანება - გირჩის" ქუთაისის ოგანიზაციის ხელმძღვანელმა, თემურ ცამციშვილმა გააცნო. ცამციშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ჭულუხაძეს დახმარებას აღმოუჩენს.
"წლებია, ეს ადამიანი ასეთ პირობებში ცხოოვრობს. მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. სოციალური დახმარებაც არ აქვს, არ მესმის, მეტი რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს, საცხოვრებელიც არ აქვს. გარკვეული შეთავაზებები არის მერიისგან, მაგრამ ეს იგივეა და უარესი, რა პირობებშიც ახლა იმყოფება. იმედს ვიტოვებ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა რაიმე რესურს გამონახავს, რომ ამ ადამიანს აღნიშნულ პრობლემებს ნაწილობრივ მაინც გადაუჭრის",– განაცხადა ცამციშვილმა.
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქე დავით ჭულუხაძეს მერიისათვის განცხადებით ამ დრომდე არ მოუმართავს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















