"ბავშვის თბილისში წაყვანის ნებას იმ შემთხვევაში მაძლევენ, თუ ხარჯებს მე დავფარავ"
5 დღის ახალშობილი ქუთაისის ინტერვენციული ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. გოგონას სეფსისის ნიშნები დაუდგინდა. როგორც პაციენტის დედა ამბობს, ახალშობილის მდგომარეობა თანთადან უარესდება და უკეთესი მკურნალობის კურსის ჩასატარებლად მისი თბილისში გადაყვანაა საჭირო, რის ნებასაც მკურნალი ექიმები არ აძლევენ.
„გოგონა ჩემი მეექვსე შვილია, არც ერთ შვილზე გართულება არ მქონია, ამასაც დღის შემდეგ აღმოუჩინეს სეფსისი. მეუბნებიან, რომ ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მისი თბილისში გადაყვანა მინდა და არ მაძლევენ წაყვანის უფლებას. მეუბნებიან, რომ საჭირო არ არის, შესაძლოა, ბავშვმა რეანიმობილით მგზავრობას ვერ გაუძლოს და თვითონაც არ იქნებიან პასუხისმგებლები, თუ რამე ცუდი მოხდება“,-განაცხადა პაციენტის დედამ თამარ ღამბარიშვილმა.
მისივე თქმით, შვილის წაყვანის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევენ, თუ რეანომობილის ხარჯებს თვითონვე დაფარავს, რისი საშუალებაც თამარ ღამბარიშვილს არ აქვს.
„რადგან თვითონ პასუხისმგებლობას არ იღებენ, მითხრეს, რომ შეგიძლია ხელწერილი დაწეროთ და პასუხისმგებლობაც თქვენ აიღოთ, რომ ბავშვს არაფერი დაემართებაო. საკუთარი ხარჯებით გადაყვანას ვერ ვახერხებ და დროც ჩემი შვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, აღარ ვიცი, რა მოვიმოქმედო“,-აღნიშნა ღამბარიშვილმა.
"ნიუპრესი" ინტერვენციული ცენტრის დირექტორს დაუკავშირდა, რომელმაც მშობლის წერილობითი ნებართვის გარეშე პაციენტის შესახებ არანაირი სახის ინფორმაცია არ გასცა. ნებართვის წარდგენა კი დირექტორმა 4 დეკემბერს მოითხოვა. ვაგრძელებთ თემაზე მუშაობას.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















