|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქონების განახევრებული გადასახადი და განვადება ბიზნესის განვითარებისთვის"

ქუთაისის მერია ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად ბიზნესკომპანიებს შეღავათებს უწესებს.

როგორც მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა განაცხადა, შეღავათები თვითმმართველობის კომპეტენციას ვერ გაცდება, თუმცა კარგი წინაპირობაა ბიზნესის წასახალისებლად.

მისი თქმით, კარგი იქნება, შეიქმნას მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც შევლენ ბიზნესმენები და მათთან ერთად განიხილავენ იმ პრობლემებს, რომელიც ბიზნესგარემოშია:  "ეს პრობლემები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად,  ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე გადასაჭრელად. საბჭოს შექმნა, ჯერჯერობით, მხოლოდ იდეის დონეზეა, მაგრამ თუ სურვილი იქნება, შეიძლება, რეალობად ვაქციოთ",–განაცხადა პაატა კდლიაშვილმა.

ამ დროისათვის უკვე არსებობს ის შეღავათები, რომელთაც თვითმმართველობა ბიზნესმებს სთავაზობს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმენი მუნიციპალური ქონების პრივატიზაციას მოახდენს, გადახდა განვადებით შეეძლება.

 "თუ დაინტერესებული პირი აუქციონზე შეიძენს 200 000 ლარზე მეტი ღირებულების ქონებას, მაშინ შევთავაზებთ განვადებას. თუ ინვესტიციის ოდენობა  შეძენილ ქონებაზე 1, 5-ჯერ მეტი იქნება, ასეთ შემთხვევაში მათ ორი წლის განვადებას შევთავაზებთ. თუ სასტუმროს შენება და მოწყობა მოხდება, მაშინ განვადების ვადა სამ წლამდე გაიზრდება.  ასევე გვაქვს შეღავათი ქონების გადასახადის მხრივ, ახალშექმნილ სასტუმროს ქონების გადასახადი სამი წლის განავალობაში 50%-ით შეუმცირდება. ",–განაცხადა კლდიაშვილმა "ნიუპრესთან" საუბარში. მისი თქმით, მერია შეასრულებს შუამავლის როლს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შორის, რომ კომუნიკაცია უფრო იოლი გახდეს. 

მერია ბიზნეს სექტორს ასევე აქტიურ თანამშრომლობასაც სთავაზობს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შექმნაში. ეკომონიკის სამსახურის უფროსის განცხადებით, ბიზნესმენებმა უკეთ იციან, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბიზნესგარემო განვითარდეს, ამიტომ მოხდება ინფრასტრუქტურის იმგვარად მოწყობა, რომ  ბიზნესისთვის მომგებიანი გახდეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი