70 მხატვარი საბავშვო ბაღის დასახმარებლად გაერთიანდა (ფოტო)
ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვით გალერეაში გამოფენა–გაყიდვა გაიმართა. გამოფენა იმით იყო გამორჩეული, რომ 70 მხატვარი ტყიბულის ნომერ 5 საბავშვო ბაღის დასახმარებლად გაერთიანდა. გამოფენას ორგანიზება მხატვარმა ლუიზა ლაფერაძემ გაუწია. სწორედ მის მიერ შეირჩა ტყიბულის საბავშვო ბაღი, რომლის აღსაზრდელიც თავად იყო. მხატვრის განცხადებით, ეს არის მესიჯი საზოგადოებისათვის, რომ მათ იზრუნონ იმ დაწესებულებებზე, სადაც განათლება მიიღეს.
"ამ საქველმოქმედო აქციით ხაზი გავუსვით მხატვრის როლს საზოგადოებაში. გავერთიანდით იმისათვის, რომ შემოსული თანხა გადავცეთ ტყიბულის საბავშვო ბაღს, რომ მან ნორმალური არსებობა შეძლოს. საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მყოფმა მხატვრებმა ბავშვების დასახმარებლად წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები. ზოგადად, ადამიანის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ საბავშვო ბაღს უჭირავს, იქ იწყებს პირველს კონტაქტს საზოგადოებასთან. ამიტომ გადავწყვიტეთ გავერთიანდეთ და თანხით დავეხმაროთ ბაღს, იმედი მაქვს, რომ ეს აქცია გაგრძელდება",–განაცხადა ლუიზა ლაფერაძემ.
აქციას შეუერთდა ქუთაისელი მხატვარი ლია უკლება, რომელმაც გამოფენაზე მისი ერთ–ერთი ნამუშევარი წარმოადგინა. უკლებას განცხადებით, კარგია, რომ მსგავსი პრეცედენტი შეიქმნა და მხატვრები ბავშვების დასახმარებლად ერთიანდებიან.
ღონისძიებას მხარდაჭერა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გაუწია. იმერეთის გუბერნატორმა გამოფენაზე წარმოდგენიული ნამუშევრები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები მისასალმებელია.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















